ტვ “პირველის” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, ნოდარ მელაძე “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს ნიკა მელიას სოციალური ქსელის საშუალებით მიმართავს.
“ყველაფერი არ უნდა იკადროთ!” – წერს მელაძე და აღნიშნავს, რომ მედია ასახავს რეალობას, აჩვენებს პოლიტიკოსების რეალურ სახეს და თუ სარკეში ვინმეს თავი არ მოსწონს, ეს სარკის ბრალი არ არის.
როგორც ნოდარ მელაძე პოსტის კომენტარებში აღნიშნავს, ნიკა მელიამ ლაივ ჩართვისას განაცხადა, რომ “ტვ პირველის” კითხვები არ მოსწონდა.
“ასე თქვა, რომ არ მოსწონს ტვ პირველის კითხვები!” – აღნიშნავს მელაძე კომენტარებში.
ნოდარ მელაძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
“ნიკა მელია – “ყველაფერი არ უნდა ვიკადროთ” –ამბობს ნიკა მელია ფბ ლაივში და ტვ პირველს კიცხავს.
კი, ასე ნიკა, ყველაფერი არ უნდა იკადროთ!
საინტერესოა ვინ გიამბოთ ჟურნალისტიკის როლზე? მედია აშუქებს ამბავს. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ამბის გაშუქება მედიის მოვალეობაა, ჟურნალისტების მოტყუება ცუდია.
მედია, როდის, ვის და რა კითხვას დაუსვამს ეს ჟურნალისტის გადასაწყვეტია. მედია როდის და რა თემას გააშუქებს ამასაც ჟურნალისტები წყვეტენ.
მედიის კონტროლის განზრახვას ცენზურა ქვია. ცენზურა – ცუდია, თავისუფალი მედია – კარგი.
მედია სარკეა, ასახავს რეალობას და აჩვენებს პოლიტიკოსების რეალურ სახეს, თუ სარკეში თავი არ მოგწონთ სარკის ბრალი არ არის. ის გაჩვენებთ ისეთებს, როგორებიც ხართ, ასეა ტელევიზიაც აირეკლავს რეალობას რომელიც ჩვენს გარშემო ხდება.
ჯამი ჭურჭელია, თეთრი თეთრი, შავი შავი. კითხვა პასუხს მოითხოვს, უპასუხო კითხვა გაქცევას ნიშნავს.
თავისუფალი მედია თავისუფალია ყველასგან, კრიტიკული მედია კრიტიკულია ყველას მიმართ.
ვალდებულებები ამძიმბეს, თავისუფლება ათავისუფლებს!” – წერს ნოდარ მელაძე.