თბილისში, შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 8 წლის დათი ქოქრაშვილი, რამდენიმე კვირაა ისრაელში მკურნალობს.
მას უკვე ჩაუტარდა 5 ოპერაცია და როგორც დათას დედა „კვირის პალიტრასთან“ საუბარში ამბობს, ბავშვს კიდევ სჭირდება რამდენიმე ქირურგიული ჩარევა.
ბუნებრივია, ეს ყველაფერი საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და ოჯახს ისევ საზოგადოების დახმარება სჭირდება.
„ვგრძნობ, რომ მთელი გულით გვგულშემატკივრობს ყველა, მართლა ყველა ლოცულობს ჩემი შვილისთვის, უცხო ადამიანები რომ მოდიან, მათ იქით ვამხნევებ და ვეუბნები, რომ ყველაფერი კარგად იქნება. მადლობა ყველას, რომ ასე შეიყვარეს ჩემი შვილი. უღრმესი მადლობა ამდენი სითბოსთვის და სიყვარულისთვის. მინდა, დადებითი ენერგია და ლოცვა გამოუგზავნოს ყველამ ჩემს შვილს და დათიკო მართლა კარგად იქნება.
მჯერა, რომ მალე დავდებ კარგ ამბავს დათიზე, უღრმესი მადლობა ყველას“. -ამბობს დათის დედა.
ის სააგენტოსთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ოპერაციის შეწყვეტა გახდა საჭირო, რადგან ჯანმრთელობის მდგომარეობის მაჩვენებლები გაუარესდა.
„დათი გუშინ შეიყვანეს საოპერაციოდ, მაგრამ სისხლდენა დაეწყო, თან დასუსტებული იყო ორგანიზმი, რადგან ეს დღეები სულ სიცხეები ჰქონდა, ჰემოგლობინიც დაუვარდა და შეწყვიტეს ოპერაცია ისე, რომ ვერ დაასრულეს. ამის შემდეგ, მთელი დღე უსხამდნენ სისხლს და ისევ საოპერაციოდ ამზადებენ. რთულად მართვადია ის სოკო, რომელიც ბავშვს აღმოაჩნდა.
თანაც, ძალიან აგრესიული სოკოა, რომელიც სწრაფად ვრცელდება და კანს ანეკროზებს, ახლა ამასთან ბრძოლაში ვართ. 3 კვირაა, ისრაელში ვიმყოფებით და ამ ინფექციას ვებრძვით, არადა, იდეაში, აქ ორთოპედიისთვის ჩამოვედით. ასმაგად გაგვირთულა სოკომ ისედაც ძალიან კრიტიკული მდგომარეობა. ისეთი ინფექციაა შეჭრილი, რომ, ფაქტობრივად, ყოველკვირა ოპერაცია სჭირდება. თბილისში რაც მოახერხეს ექიმებმა, სისხლდენა შეაჩერეს და ბავშვი გადაარჩინეს, აქ რომ ეს ჭრილობა გახსნეს, მითხრეს, გაცილებით უფრო რთულად არის საქმე, ვიდრე ჩვენ გვეგონა და სასწაულია, ეს ბავშვი ცოცხალი რომ არისო. მას შემდეგ, 20 დღეა, აქ ვართ და ამ ინფექციას ვებრძვით. ნეკროზდება ქსოვილები, კუნთები, უბნები და ამ დანეკროზებულ ადგილებს აჭრიან. ისეთი დიდი ზონები აქვს მოკვეთილი, უკვე ორგანოები უჩანს, თირკმელი, ღვიძლი. ძალიან რთული მდგომარეობა გვაქვს“. – ამბობს დათის დედა.
მისი თქმით, დათის ღია ჭრილობები აქვს.
„ღია ჭრილობები აქვს და ძალიან სტერილურად ჰყავთ, ჯერჯერობით ვერ ხურავენ ჭრილობებს, მერე უკვე ქსოვილების გადანერგვა უნდა მოხდეს. მეუბნებიან, წლები ისე გადის, რომ ასეთი მძიმე პაციენტი არ გვყავსო.ყველასთვის წარმოუდგენელია, ბავშვი ამდენს რომ უძლებს.
ძალიან იბრძვის დათი. ჯერ სხვა გეგმაზე საუბარი არ არის, რადგან არ იციან, ეს ინფექცია რამდენ ხანში გაჩერდება. სამი კვირაა, ვებრძვით და ჯერ ბოლომდე ვერ დავიმორჩილეთ, ამიტომ შემდეგ ეტაპზე ვერ გადავდივართ.
შემდეგი ეტაპი იქნება იმაზე ზრუნვა, თუ როგორ დაიხუროს ეს ღია ჭრილობები. ბავშვი ხელოვნურად ჰყავთ გათიშული, ხელოვნურ სუნთქვაზეა და ამის მიუხედავად, შიგადაშიგ მაინც ეღვიძება ტკივილისგან“. – ამბობს ქრისტინე.
დახმარების მსურველებს შეუძლიათ თანხა ჩარიცხონ დათის დედის ანგარიშზე. დათის კი გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ.
მიმღები: ქრისტინე მამუკაშვილი, დედა
TBC ბანკის ანგარიში: #GE05TB7962745064300024
“საქართველოს ბანკის ანგარიში: #GE90BG0000000101545483