„მეყველე ანად“ ცნობილი მკვლევარი, ანა მიქაძე-ჩიკვაიძე სოციალურ ქსელში ღიად წერს თავის პრობლემაზე, შვილის ფსიქიკურ აშლილობაზე და მოუწოდებს საზოგადოებას, რომ ამაზე ღიად ისაუბრონ და სტიგმა დაანგრიონ, არ შერცხვეთ ამ პრობლემის…
ანა მიქაძე- ჩიკვაიძე: მისაუბრია ამ თემაზე ბევრ ეთერში, არასდროს დამიმალავს, რომ ეს პრობლემა – ფსიქიკური აშლილობა აქვს ჩემს შვილს.
მიწევს ჩემი გამოცდილების გაზიარება ოჯახებისთვის, ვისაც ეს პრობლემა ეწყება და ცდილობს გაუმკლავდეს.
ყველას უკვირს, როგორ ვახერხებ დილას შვილი 6 პოლიციელის და სამი სასწრაფოს თანხლებით კლინიკაში გადავიყვანო და იმ დღეს მქონდეს მინიმუმ 2 საქმიანი შეხვედრა და მათ შორის მოვუსმინო: როგორ უგებს სასამართლო პროცესს პროცესზე ჩემი უძვირფასესი ადვოკატი, ან მოვუსმინო რომელიმე პოლიტიკური ოპონენტი როგორ იწმენდს ჩემზე ფეხებს..
შეიძლება ვიხუმრო კიდეც ან სხვის ხუმრობაზე გავიცინო.
არ ვტირი.
არ ვწუწუნებ.
არავის და მით უფრო, ღმერთს არ ვადანაშაულებ. პირიქით, მისგან ველი და ვითხოვ შველას…
რატომ ვწერ ამას. ეს დაავადება (?) მთელ მსოფლიოში, დაავადებათა ნუსხაში გადავიდა პირველ ადგილზე.
1. გენეტიკა 2. სტრესი 3. ტრავმა 4. ნარკოტიკი.
და ბევრი რამ იწვევს, სამწუხაროდ და მისი პრევენცია ძნელია. თანამდევი პროცესია სუიციდი.
ოჯახების დიიიიიდ უმრავლესობას ეთაკილება ამის გამხელა. ფსიქიატრიულში გადაყვანა ხომ საერთოდ.
მეგობრებო, ეს გრიპი არ არის და მას პარაცეტამოლით ვერ უმკურნალებ.
გუშინ ჩემი შვილი ეგდო მიწაზე და 6 პოლიციელი ეჭიდავებოდა და ვერ ახერხებდა მის გაკავებას.
მითხარით, რომელი დედის გული გაუძლებს ამას?
უნდა გავუძლოთ… ტვინის იმ მდგომარეობაში დატოვება, რემისიისას რაც ხდება, შეუძლებელია.
ამისთვის არსებობენ პროფესიონალები და კლინიკები.
გადადგით ეს ნაბიჯი:
არ შეგრცხვეთ!
არ შეგეშინდეთ!
არ დანებდეთ!
ავადმყოფობა განაჩენი არაა…
ჩარევა ყოველთვის არა, მაგრამ ჭრის.
გაუფრთხილდით ფსიქიკას, ყველაზე ფაქიზ და მოუხელთებელ მტერს და მეგობარს.
ლუკას ნახატი, როცა 14 წლის იყო