თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარის დეკანოზი სერაფიმე (დანელია) მშობლებისთვის შვილის გარდაცვალების სიმძიმეზე სოციალურ ქსელში წერს:
“უმძიმესი ჯვარია შვილის გარდაცვალება… ნურავის განაცდევინოს…
პირველ დღეებში თითქოს ოკეანის ფსკერზე გულაღმა წევხარ თვალებღია და გახევებული, ირგვლივ კი სიბნელეა და უსაშინლესი დუმილი…
შენს წინ თანაგრძნობით აღბეჭდილი სახეები კადრებივით ერთმანეთს ენაცვლებიან, გისამძიმრებენ, შენც პასუხობ, ოღონდ ფსკერიდან…
გადიან დღეები, დასაფლავება… ხალხის გასტუმრება… დადიხარ, საუბრობ, ლოცულობ, მაგრამ მაინც ფსკერიდან…
მერე ნელა-ნელა იწყებ სახეების გარჩევას და ხედავ სიმარტოვეში და სიჩუმეში მობუზულ საკუთარ შვილებს, შენს დანახვაზე შემკრთალ სახეებს და ძალისძალად იწყებ გამოფხიზლებას…
ო, რა ძნელია ეს გამოფხიზლება და რა რთული პასუხის გაცემა იმ კითხვებზე, რომლებსაც ვერავინ სხვა ვერ უპასუხებს შენს გარდა…
და სადღაც შორს, უსაშველოდ შორს პოულობ სინათლის სხივს, რომელსაც მთელი ძალებით ებღაუჭები და რომელსაც ამოყავხარ ფსკერიდან ზედაპირზე…
,,- დიდება და მადლობა შენ ღმერთო ყველაფრისათვის!
ჩემი შვილი, ხომ შენი შვილიცაა,
მე თუ მიყვარს, შენ ხომ უფრო გიყვარს, რომელმაც შეჰქმენ სიყვარული…
მე თუ მისთვის კარგი მინდა, შენ ხომ უმჯობესი გინდა მისთვის!
შენ ხომ შენი ძე მხოლოდშობილი მომეცი მე, მაშ მიიღე ჩემი შვილიც შენ, როგორც წმიდა შესაწირავი…
საშინელი იყო ჩვენი დაშორება, მაგრამ მჯერა, უფრო დიდი იქნება სიხარული ჩვენი შეხვედრისა!
ამიტომ დიდება და მადლობა შენ ღმერთო ყველაფრისათვის!”, – წერს დეკანოზი სერაფიმე დანელია.