„დღეს ისეთი განცდა მაქვს, თითქოს პირველად გხვდებით, რადგან განსაკუთრებულად რთული, მაგრამ აუცილებელია, რომ ჩემს მდგომარეობაში, გამოვსულიყავი და მაგალითი მიმეცა ჩემი ოჯახის წევრებისთვის, რომ მათაც გააგრძელონ ცხოვრება. რთული, მაგრამ აუცილებელია, რომ გადავრჩეთ“, – ამ სიტყვებით დაიწყო მაყურებლისთვის მიმართვა „ტელეიმედის“ წამყვანმა, ნიკოლოზ წულუკიძემ, რომელიც, ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ, ეთერს დაუბრუნდა.
მან, რთულ დროს თანადგომისთვის, საზოგადოებას მადლობა გადაუხადა.
„მინდა, ამ გადარჩენისთვის, დიდი მადლობა გითხრათ თითოეულ თქვენგანს, რადგან ისეთი სიყვარული, ისეთი მხარში დგომა, ისეთი იმედი და ძალა ვიგრძენი თქვენგან, რომ არ შემეძლო, [ცხოვრება] არ გამეგრძელებინა. ამიტომ, დიდი მადლობა ყველას. მე ვთხოვ ღმერთს, მომცეს ძალა, რომ თითოეულ თქვენგანს გადაგიხადოთ ის სიყვარული, სითბო და თანადგომა, რომელიც ჩემი ოჯახისთვის ასეთ რთულ დღეებში თქვენ, მთელმა საზოგადოებამ და ჩემმა ძვირფასმა მაყურებელმა გამოიჩინეთ, რომლისთვისაც მე, ამდენი წელია, დიდი სიყვარულით ვშრომობ და იმედი მაქვს, რომ ასევე გავაგრძელებ“, – განაცხადა ნიკოლოზ წულუკიძემ.