კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში ილია ელოშვილის შესახებ წერს.
“არავინ იფიქრებდა ილია ელოშვილის ასე მოულოდნელ გარდაცვალებას. ილია უკანასკნელად ვნახეთ მე და ცოტნემ 2018 წელს, როდესაც ყაზბეგში შალვა კაზალკაშვილის, ზვიადის ძმანდაფიცის დატირებაში ვიყავით. ჭირის სუფრასაც გაუძღვა, ილიას “სიტყვა მაუდიოდა გზიანი”, როგორც ვაჟას ალუდას.
აქვთ ოჯახებს რაღაცნაირი სახისმეტყველება, ეროვნული ტაძრის კედელზე ორნამენტებივით განთავსებულთ, მათი მიმართებების წაკითხვა ჩვენი ამქვეყნად ყოფნის და ისტორიის საზრისთან მიგვაახლოვებს. ილიას პაპა, ვისი მოსახელეც იყო, მონადირე და მთამსვლელი, წარმომადგენელი საქართველოს მთის დიდი საფიხვნოსი ჯერ კიდევ დიდ კონსტანტინესთან მეგობრობდა და პრეზდენტ ზვიად გამსახურდიას მრჩეველიც იყო.
მამამისი, ბატონი ომარი, სახელმწიფო მოღვაწე, ვისთვისაც სახელმწიფოს ინტერესი უმთავრესი იყო, ყოველთვის “ერი-სახელმწიფოს” კატეგორიებით აზროვნებდა. როდესაც ქვეყნის გარედან მართულმა მსტოვრებმა და ემისრებმა ქვემო ქართლში სცადეს ეთნოკონფლიქტის აგორება საქართველოს აზერბაიჯანულენოვან მოქალაქეთა და ქართველთა შორის, 14 წლის ბიჭი უბელო ცხენზე შესვა მამამ და გაგზავნა მეორე მხარესთან – ნიშნად იმისა, რომ არაფერი არ მოხდებოდა და სიტუაცია დაწყნარდებოდა, რასაც სრულად თავზე იღებდა. ასეც მოხდა და ილია ელოშვილიც ამგვარადვე დარჩება მეხსიერებას: დამდეგი მშვიდობის მაცნე, რომლის დადგომაშიც გონიერმა და პასუხისმგებლობის მტვირთველმა სახელმწიფო კაცებმა თავიანთი მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს და კიდევ უნდა შეასრულონ.
როგორც საჯარო მოხელე იგი მართლაც ჩინებული იყო, იდეალურთან მიახლოებული. მისი სჯეროდათ და მის სიტყვას ენდობოდნენ. ამიტომაც განსაკუთრებით დასანანია მისი უდროოდ წასვლა ჩვენგან.”