ეესპანური ენის სპეციალისტი და მთარგმნელი, თეა გვასალია ,,სარკესთან” მამაზე საუბრობს, რომელიც 86 წლის არის და დღემდე ასწავლის სტუდენტებს.
თეა გვასალია: მამა, ლერი გვასალია, წლების განმავლობაში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არაორგანულ ნივთიერებათა ტექნოლოგიის კათედრის გამგე, პროფესორია და ახლა ემერიტუსის სტატუსი აქვს, რაც ნიშნავს, პენსიაზე რომ უშვებენ და ხელფასის 80% რომ უნარჩუნდება. ამას ისე არ აძლევენ, თუ დიდი დამსახურება არ გაქვს მეცნიერების წინაშე. უამრავი ნაშრომი და გამოგონება აქვს თავის დროზე გაკეთებული თავის სფეროში. არც მე და არც ჩემი და დავემსგავსეთ ამ ყველაფერში.
მამაჩემისთვის ყოველი დილა ვარჯიშით იწყება. ჯანსაღად იკვებება. 86 წლის ასაკშიც კი თავის ადგილას აქვს ქეიფი, რომელსაც ასევე ზომიერად უდგება. კარგ ღვინოსაც დალევს და ყველაფერსაც იღებს. ისეც არ არის, რომ მხოლოდ შვრიის ფაფას ჭამდეს და მეტს არაფერს.
აგრძელებს ლექციების კითხვას, დოქტორანტები ჰყავს და კომპიუტერულ ტექნოლოგიებში გადასარევად ერკვევა. ერთი ინგლისური ვერ ისწავლა, თორემ სხვა მხრივ 21-ე საუკუნის სრულფასოვანი მოქალაქეა. საჭესთანაც ზის და ასაკი არაფერში ეტყობა.