ზურა გორგაძე და თაკო ჩორგოლაშვილი „რუსთავი 2-ზე“ „დილა მშვიდობისა, საქართველოს“ წამყვანების ამპლუაში შეხვდნენ ერთმანეთს და მათ შორის განსაკუთრებული მეგობრობა ჩამოყალიბდა.
ზურა: ჩვენი ტანდემი ამ სეზონზე შედგა. ერთმანეთს მანამდეც ვიცნობდით, მაგრამ აქამდე დიდი მეგობრობა არ გვაკავშირებდა.
თაკო: სამაგიეროდ, დიდი სიმპათიები გვაკავშირებდა (იცინის).
ზურა: ახალი სეზონიდან გადაწყდა, რომ თაკოც შემოერთებოდა ჩვენ გუნდს და ამ გადაწყვეტილებამ ორივე გაგვახარა. მერე გარშემო ყველამ გაიხარა ჩვენი ტანდემით (იცინის). გადაცემისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წყვილი შედგეს, რადგან პარტნიორი ძალიან დიდ როლს თამაშობს. ჩვენ სწორ დროს სწორ ადგილას გადავიკვეთეთ და ამ ამბავს შესაბამისი გაგრძელებაც მოჰყვა.
თაკო: ასეთ ჰარმონიას ვერ წარმოვიდგენდით. ძალიან დიდი საჩუქარია, როცა საქმის მიღმა, შენს ცხოვრებაში დიდი მეგობრობა ჩნდება და საოცარი კომფორტის ზონაში ხვდები. ჩვენმა ურთიერთგაგებამ და კომფორტულმა ურთიერთობამ იმის საშუალება მოგვცა, რომ ჩვენ-ჩვენი სიგიჟეები და მხიარულება გამოგვევლინა და მგონია, რომ ჩვენთან ერთად მაყურებელიც ხალისობს და ერთობა.
– პარალელურად, ტიკ-ტოკზეც ძალიან აქტიურები ხართ, ეს ამბავი როგორ დაიწყო?
– აღმოჩნდა, რომ მარტო მე და ზურას არ გვიყვარს ჩვენი „ტიკ-ტოკები“, თურმე, ხალხსაც ძალიან მოსწონს და ერთობიან (იცინის). ზურაც „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მონაწილეა და მეც, ჩავთვალეთ, რომ რაღაც მონაცემები ორივეს გვქონდა და შეგვეძლო, „ტიკ-ტოკის“ ტრენდების გადაღება გაგვებედა. გავბედეთ და ძალიან ბევრი თბილი კომენტარი მივიღეთ. ყველა პოზიტიურად გვაფასებს, ჩვენს ვიდეოებს საკმაოდ ბევრი ნახვები აქვს და მათი გადაღება ჩვენთვისაც უკვე ძალიან დიდი სიამოვნებაა.
– დილის ეთერი კარგ განწყობას მოითხოვს და ეს პასუხისმგებლობაცაა, მაგრამ ეკრანს მიღმა, თითქოს, სახე უნდა ჩამოგტიროდეთ, რადგან თქვენი დილა ძალიან ადრე იწყება. არადა, ვიდეოებში ჩანს, რომ სულ კარგ ხასიათზე
– კამერა რომ ირთვება, ეს მერე ხდება უჟმური (იცინის). რა თქმა უნდა, ვხუმრობ. როცა ამდენ დროს ატარებ ადამიანთან ერთად, თუ ის ხასიათში არ გიწყობს ხელს, ძალიან რთულია. რეალურად მართლა ძალიან შრომატევადია ჩვენი საქმე. დილით ადრე ადგომა, ფიზიკურად მომზადება, თემისთვის მომზადება, დეტალებში გარკვევა. შორიდან შეიძლება, ყველაფერი მარტივია, მაგრამ რეალურად ძალიან ბევრ დეტალზე უნდა იზრუნო. ამ ყველაფერს ორივე ერთად ისეთი ხალისით ვაკეთებთ, რომ აღარაფერი აღარ გვეზარება. ზუსტად ვიცი, რომ მარტო მოვკვდებოდი, ასე არ გამიხარდებოდა, ასე არ მესიამოვნებოდა, დავიღლებოდი და ცუდი ხასიათზეც ვიქნებოდი. ზურას მაგარი იუმორის გრძნობა აქვს და ძალიან მეხმარება. მაგრამ სულ იმის განცდა მაქვს, რომ მაყურებელი ამას ბოლომდე ვერ ხედავს.
ზურა: ბოლომდე რომ ჩავიდე სიღრმეებში, ჩემი პროდიუსერი გამომაგდებს ჩემი სიღრმეებიანად (იცინის). პრეზენტაბელური გადაცემა გვაქვს, სერიოზულ თემებს ვეხებით და აქ თავიდან ბოლომდე ვერ წარმოაჩენ იმ იუმორს, რომელზედაც თაკო საუბრობს. თუმცა, რასაც პირდაპირ ეთერში ვერ ვუკეთებთ რეალიზებას, მერე სოციალურ ქსელში ბოლომდე ვავლენთ (იცინის).
– თაკოს როგორი ხასიათი აქვს?
თაკო: ყველაფერს ვერ მოგიყვებათ, იცის, რომ მერე მოვა სახლში და… (იცინის).
ზურა: ეთერს მიღმაც დროის დიდ ნაწილს ერთად ვატარებთ. საქმის გარდა მეგობრობა გვაკავშირებს და ადამიანი თუ არ გიყვარს თავისი დადებითი თუ უარყოფითი თვისებებით, მასთან სისტემატური ურთიერთობა ვერ გექნება. ჩემთვის მნიშვნელოვანია იუმორი, კარგი განწყობა, თან თაკო მერწყულია და მერწყულები ჩემი მფარველი ანგელოზები ყოფილან (იცინის). სანდოობის შეგრძნება, თანადგომა, ბევრი კარგი თვისება აღმოვაჩინეთ ერთმანეთში, რამაც განაპირობა ჩვენი ასეთი ურთიერთდამოკიდებულება და ეს ყველაფერი ეკრანზეც კარგად იგრძნობა.
– არ გეკითხებიან ხოლმე, შეყვარებულები ხომ არ ხართო?
– კი, ძალიან ბევრი გვეკითხება, შეყვარებულები ხომ არ ხართო და ჩვენ ერთმანეთისთვის ძალიან ბევრს ვნიშნავთ (იცინის). სინამდვილეში მართლა ძალიან კარგი მეგობრები ვართ.
თაკო: პრინციპში, ამდენი ხანი იმაზე ვლაპარაკობთ, როგორი ურთიერთობა გვაქვს და დანარჩენი მკითხველმა თვითონ დაასკვნას.
– ზურა ძალიან ცდილობს სამზარეულოში შენს დაჩაგვრას…
– ზურას ჰგონია, რომ ყოველთვის მისი კერძებია უფრო გემრიელი (იცინის). მე კიდევ მგონია, რომ ჩემი სჯობს. დიახაც, ასეა და სულ ერთმანეთს ვხოცავთ (იცინის).
ზურა: მგონი, ჩვენმა პროდიუსერმა იფიქრა, ესენი ძალიან იდილიაში არიან და ცოტა უნდა წავკიდო ერთმანეთსო (იცინის). თან, ორივე საშინლად აზარტულები ვართ და ერთმანეთს სამზარეულოში დაგვაჯახა.
თაკო: რომ მეუბნება, ჩემი კერძი შენსას ჯობს, გულწრფელადო და არ მჯერა, ძალიან სწყინს (იცინის). მწვანილების გემოებზე მელაპარაკება, მაგრამ მე მაინც არ ვიჯერებ და მერე უნდა ნახოთ ამის გულდაწყვეტილი თვალები (იცინის).
ზურა: ბოლო პერიოდში სულ მე ვიგებ…
თაკო: სამაგიეროდ, მანამდე გაგანადგურე და დიდი ამბავი ორჯერ თუ მომიგე (იცინის).
– თქვენი საბედისწერო ცეკვაც გავიხსენოთ...
– შარვალი რომ გაეხა ხომ? (იცინის). ძალიან მონდომებულები ვწერდით რიგით მეათე დუბლს „ტიკ-ტოკის“ ვიდეოსთვის, იმიტომ, რომ როლებში შესვლას კარგად გავარჯიშება სჭირდება. მეათეზე ვიფიქრეთ, რომ უკვე კარგად ვაკეთებთ ყველაფერს და ბოლოსკენ გავდივართ და უცებ, ისმის ხმამაღალი „ფხრიიწ“. აღმოჩნდა, რომ ზურას შარვლის ხმაა (იცინის).
ზურა: ჩემმა შარვალმა ჩაილურის წყალი დალია (იცინის). სანამ გავიგებდი, რა კონდიციაში იყო ჩემი შარვალი, აღარ ვიცოდი, რა მექნა, შემოვტრიალებულიყავი თუ ადგილზე გავშეშებულიყავი, (იცინის). კარგა გემრიელად აღმოჩნდა ჩარღვეული. თუმცა, არა, ძალიანაც არ იყო (იცინის).