მომღერალმა ბაბი კირკიტაძემ, 27 წლის ასაკში, თავის ცხოვრებაში ყველაზე დიდი შენაძენი გააკეთა – ბინა იყიდა. ბედნიერია, რადგან აღარ უწევს ოჯახის წევრებთან ერთად ნაქირავებ ბინაში ყოფნა და საკუთარი ჭერი აქვს. ბაბი ბავშვობიდან შეეჩვია შრომას და საკუთრი ფულის გამომუშავებას. ამბობს, რომ ამაში ბაბუის დიდი წვლილია – ფულის ყადრი და გამომუშავების ტექნიკა, სწორედ, მან ასწავლა.
ბაბი კირკიტაძე: ჩემი პირველი გამომუშავებული თანხა, არა სამსახურებრივად 16 წლის ასაკში მქონდა: სკოლაში ჩატარდა ლიტერატურული ნაშრომების კონკურსი, გავიმარჯვე, ავიღე პირველი ადგილი და გადმომცეს ჯილდო – 100 ლარი. რასაკვირველია, ეს ფული კლასელებთან ერთად დავხარჯე. წავიყვანე ყველა, ვჭამეთ და ლიმონათები დავლიეთ (იცინის). მაშინ ასი ლარი ბევრი მეჩვენებოდა. სტაბილური სამსახური და ხელფასი კი 18 წლის ასაკში მქონდა, როცა ჩემთვისაც და სხვებისთვისაც რაღაც-რაღაცების ყიდვას ვახერხებდი. რესტორან „ღვინის ქარხანაში“ ვმღეროდი. კვირაში სამჯერ ვმღეროდი და ხელფასი ერთ საღამოში 50 ლარი მქონდა.
– რატომ მოგიწია ასე ადრეული ასაკიდან მუშაობის დაწყება. ეს შენი ახირება იყო თუ ოჯახური პირობების გამო მოხდა?
– მე რომ მუშაობა დავიწყე, იმ პერიოდში ჩემს ოჯახს საკმაოდ დიდი ფინანსური კრიზისი ჰქონდა. ოჯახი სტრესში იყო, რადგან ფინანსებთან ერთად, ბინებიც დავკარგეთ. მაშინ, მნიშვნელოვანი იყო ჩემი მუშაობა, პასუხისმგებლობა გავითავისე და ვიტვირთე, რომ ჩემი ოჯახისთვის მე უნდა გამეწია დახმარება. მაშინ ჩემი მუშაობა აუცილებელი იყო, ვმღეროდი და სცენაზე დგომის სიამოვნებასთან ერთად, შემოსავალიც მქონდა, რითიც ჩემებს ვეხმარებოდი. რესტორანში რომ დავიწყე მუშაობა, ოჯახის წევრები მტკივნეულად აღიქვამდნენ, რადგან ჩემი შრომით უნდა გვეცხოვრა. სხვათა შორის, მთელი სამი თვე, როგორც მე ვმუშაობდი, ისე მუშაობდა დედაც რესტორანში – სულ თან დამყვებოდა, იჯდა და მისმენდა.
– იმ პერიოდში, მუშაობის პარალელურად, სტუდენტიც იყავი. როგორ ახერხებდი სწავლას?
– დიახ, მუშაობის პარალელურად, უნივერსიტეტში, იურიდიულზე ვსწავლობდი. ასე რომ, დღის საათებში ვსწავლობდი და საღამოს საათებში ვმუშაობდი. სხვათა შორის, იმ რესტორანში კარგა ხანს ვიმუშვე, მთელი სამი წელი. არაჩვეულებრივი სივრცე იყო და ბევრი მეგობარიც შევიძინე. პარალელურად, „ღამის შოუში“ გამოცხადდა ქასთინგი, მივედი ტრადიციულად – დედასთან ერთად (იცინის) და იქაც დავიწყე მუშაობა. ანუ ორ ადგილას ვმუშაობდი, ასევე, ერთ-ერთ რესტორანში ვმღეროდი და თან, მენეჯერიც ვიყავი, რადიოწამყვანიც, გათამაშებების წამყვანიც, ტელეწამყვანიც… დედას მაღაზია ჰქონდა და ქუჩაში მისი ფლაერების დამრიგებელიც კი ვიყავი…. მეხუმრებიან: ყველგან შენ ხარ მოდებულიო (იცინის).
– საკუთარი ბიზნესიც ხომ გაქვს?
– ბიზნესში მოვსინჯე ძალები, აზარტული და საინტერესო იყო, თუმცა, ბიზნესწილიდან გამოვედი და აღარ ვარ. მინდა გითხრათ, შრომამ უფრო გამაძლიერა, მასწავლა ფულისა და დროის ყადრი და მეტი დამოუკიდებლობა და პასუხისმგებლობა ჩამომიყალიბა. ადრეულ ასაკში კი გავხდი დიდი გოგო, მაგრამ ბევრი რამ ვისწავლე როგორც მენეჯმენტის კუთხით, ისე საკუთარი შემოსავლებისა და დროის განკარგვით. სხვათა შორის, ახლა გამახსენდა, „შრომის სკოლა“ ბავშვობაში მქონდა გავლილი, ჩემი უსაყვარლესი ბაბუის დახმარებით. სოფელში რომ ჩავდიოდით, ბაბუა ბავშვებს გვამუშავებდა და გვასწავლიდა ფულის ყადრს. ერთი მწკრივი ყურძნის დაკრეფაში, ათ ლარს გვიხდიდა. ყველა შვილიშვილს გვქონდა ჩვენი სიმაღლის შესაბამისი ზომის პატარა თოხი, დაგვაყენებდა ყანაში და ერთი მწკრივი გათოხნა ათი ლარი ღირდა. სულ გვეუბნებოდა: ფული ციდან არ ცვივა, შრომის შედეგად მოდისო. ფაქტობრივად, მან შემაყვარა შრომა და ფულის ყადრიც მასწავლა. არ დამავიწყება, სხვებმა რომ უაზროდ დახარჯეს, მე მოვაგროვე და 7 წლის ბავშვმა ამ გამომუშავებული ფულით ულამაზესი ქვედაბოლო ვიყიდე.
– თქვი, დედა ყველგან თან დამყვებოდაო. ანუ, გამოდის, შენი ერთგვარი ცოცხალი თილისმაა, ასეა?
– ნამდვილად ასეა. მის გარეშე არსებობა ვერ წარმომიდგენია. დედა ჩემი წარმატების ცოცხალი თილისმაა, არსად მარტო არ მიშვებდა, სულ თან მახლდა. ზედმეტად დამოკიდებული ვარ მასზე. ისე გავიზარდე, მის გარეშე ნაბიჯი არ გადამიდგამს. პატარა რომ ვიყავი, სადაც მიდიოდა, ყველგან თან დავყავდი. მასთან განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს. ახლაც ყოველ ხუთ წუთში ერთხელ მირეკავს, სულ უნდა მასთან ვიყო (იცინის).
– წლების განმავლობაში, ოჯახთან ერთად, ქირით გიწევდა ცხოვრება, ახლა კი საკუთარი ბინა გაქვს, გილოცავ! მართალია, რომ შენი სახსრებით შეიძინე სახლი, სადაც დღეს ოჯახის წევრებთან ერთად ცხოვრობ?
– მადლობა მოლოცვისთვის. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ კარგად ვცხოვრობდით და გვქონდა ბინები, ისე გავკოტრდით, ყველაფერი დავკარგეთ და მთელი შვიდი წელი ქირით ვცხოვრობდით. დღეს არ არის მარტივი ბინის ყიდვა, მაგრამ რომ არა ჩემი მეგობრები და განსაკუთრებით დედის დაჟინებული თხოვნა, ვერ ვიყიდდი, გამორიცხული ამბავია. იპოთეკური სესხით შევიძინე დიდ დიღომში სახლი და საკუთარ ჭერქვეშ ყოველი დილის გათენება მიხარია. თან, სუფთა ჰაერზეც ვარ, თან – სამსახურთან ახლოს, გადავირბენ-გადმოვირბენ. რემონტს დედა კურირებდა, მე არ მეცალა და ვინც მოდის და ნახულობს, ყველას მოსწონს. ბინის ფოტო რომ დავდე, ზოგმა დააკომენტარა: ტელევიზორი პიანონოს თავზე რატომ უკიდიათო. რა ვქნა, მეც მინდა დიდი სახლი და სივრცე, რასაც სადაც მინდა იქ დავდებ და დავკიდებ, მაგრამ ბინა არც ისე დიდია და მეტი გზა არაა. იდეაში მაქვს, მომავალში კიდევ შევიძინო ცალკე სახლი ჩემთვის და ეს ბინა მშობლებსა და ჩემს ძმას დავუტოვო. გეფიცებით, მეგობრები რომ არ დამხმარებოდნენ, ამ ბინის ყიდვას ნამდვილად ვერ შევძლებდი.
– ალბათ, მეგობრებმა ახალსახლობა მოგილოცეს და საჩუქრებიც მოგიტანეს.
– ნამდვილად გამანებივრეს. ვინც მოვიდა, ყველამ საოჯახო ტექნიკა და ლამაზი ნივთები მომიტანა. რომ გადმოვედით, მთელი ერთი კვირა ტელევიზორი არ გვქონდა, მაგრამ დედა ბედნიერად იჯდა და ნებივრობდა (იცინის). მე კი იმ პერიოდში გადარბენები მქონდა და გვიან, მხოლოდ დასაძინებლად მივდიოდი, დილით კი, რომ ვიღვიძებდი და ვიაზრებდი, რომ ჩემს ბინაში ვარ, საოცარი შეგრძნება იყო, სიხარულით ლამის გული გამსკდომოდა. მართლა ნანატრი სახლი ვიყიდე და ბედნიერი ვარ. ჯერ კიდევ არ დასრულებულა სტუმრიანობა და სუფრის გაშლები და მიხარია მეგობრების მიღება რომ შემიძლია ჩემს საკუთარ სახლში.