ნანცო ცხვირაშვილმა ბუბა მირცხულავას ნამდვილი ტაფა მოუქნია: „ბუბა დაშავდა – კოპი გავუჩინე…“

ნანცო ცხვირაშვილი „ჩემი ცოლის დაქალებში“ ბაქარ ორჯონიკიძის ცოლს განასახიერებს. ბოლო სეზონის ფინალურ სცენაში ნანცოს გმირი ვეღარ იტანს ფსიქოლოგიურ ზეწოლას ქმრისგან და მას თავში ტაფას ჩაარტყამს. ამ ეპიზოდმა დიდი გამოხმაურება გამოიწვია სოციალურ ქსელებში.

ნანცო ცხვირაშვილს ჟურნალი „გზა“ ესაუბრა.

„კონკრეტულად ასეთ განვითარებას რა თქმა უნდა, არ ველოდი, მაგრამ სცენარში „ხასიათის გამოვლენის“ ინსპირაცია ბევრჯერ ვიგრძენი. არ ვიცოდი, როგორი მოქმედების გმირი გავხდებოდი, თუმცა ფაქტია, ჩემს პერსონაჟს, – ლელას ქმართან ურთიერთობა ეძაბებოდა და მეუღლეს ან უნდა დამორჩილებოდა, ან – არა.

ჩემი აზრით, ამ ფინალურმა სცენამ ფემინისტური ხასიათი მიიღო. თითქმის ყველა, ვინც შემეხმიანა და ქუჩაში შემთხვევით შემხვდა, უცნობი ან ნაცნობი, ლელას მოქმედებით კმაყოფილია. როგორც ამ ქვეყნის მოქალაქემ, არ ვიცი, ეს კარგია თუ ცუდი. თუ ეს ზოგადი კმაყოფილება მჩაგვრელი ქმრების მიმართ ქალებში დაგროვებულ აგრესიას რეალურად ასახავს, რა თქმა უნდა, სასიამოვნო არ არის. გამოდის, ბევრი ქალისთვის სასურველი საქციელი ჩავიდინე…“

როგორც ნანცო აღნიშნავს, სცენის გადაღებისას ბუბა მირცხულავა, ბაქარ ორჯონიკიძის როლის შემსრულებელი, რეალურად დაშავდა:

„სცენის საბოლოო სახის ეფექტურად მონტაჟისთვის რამდენიმე დუბლი დაგვჭირდა. ბუბა დაშავდა – კოპი გავუჩინე (იღიმის), თუმცა ორივე ვცდილობდით, ნაკლები ფიზიკური შეხება გვქონოდა, მით უმეტეს – ტრავმა. მაგრამ ტაფა ნამდვილი იყო და არა ბუტაფორიული. დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა, დუბლი – არაერთი… ყველა დუბლისთვის ბოდიში, ბუბა…“