“ელისაშვილი თვლის, რომ სააკაშვილმა აქცია ბოკერია კაცად და მერე ამან უღალატა“

თამარ ჩერგოლეიშვილი ალეკო ელისაშვილს სოციალურ ქსელში პასუხობს:

“ელისაშვილი (ელისაშვილი კი არა, იოსელიანს ამოუთქვამს, მაგრამ დიდი მნიშვნელობაც არ აქვს) თვლის რომ სააკაშვილმა აქცია ბოკერია კაცად და მერე ამან უღალატა  (თავისთავად, “კაცად ქცევაზე” რომ ადამიანი საუბრობს, არარაობად ვთვლი)

ბოკერია 1990 წლიდან პოლიტიკაშია.

არქივთან ვისაც უმუშავია – ეს ყველამ იცის.

სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში 1995 წელს შემოვიდა ჟვანიას დახმარებით – მან შესთავაზა ადგილი მოქალაქეთა კავშირის სიაში.

(მანამდე საგარეო საქმეთა სამინისტროში სცადა მუშაობის დაწყება და საშა ჩიკვაიძემ არ მიიღო).

1996 წელს მისი დრაივი თავისუფლების ინსტიტუტმა და დასავლეთმა შენიშნა.

კომიკური ისაა, რომ თავისუფლების ინსტიტუტმა აქცია სააკაშვილი “წლის კაცად” 1997 წელს.

მოიგონეს წლის ადამიანის წოდება და მიარჭვეს, რომ მის მიმართ ყურადღება გაეზარდათ.

უკვე 1997 წელს, ამერიკის იურისტთა ასოციაციაში მუშაობა დავიწყე და სააკაშვილს პირველად შევხვდი ამერიკის ელჩთან და USAID-ის დირექტორთან ერთად რეფორმების საკითხზე (ჩვენ ვეხმარებოდით, ცხადია).

ეგ და გიგა ერთ დღეს გავიცანი (უბრალოდ გიგა ვიცოდი, სააკაშვილი არც ვიცოდი).

იქიდან გამოსულმა ვიკითხე, ეს weirdo (უცნაური კაცი) ვინ იყო მეთქი – ნუგზარ საჯაიას, საშა ჩიკვაიძეს, მინდია უგრეხელიძეს, ასლან აბაშიძეს და ეგეთებს ვხვდებოდი მანამდე და ვარდისფერ პერანგიანი თმაგაჯეჯილი სააკაშვილი რომ დავინახე, ბუნებრივი კითხვა გამიჩნდა.

ეგო, ეგ ალბათ შენი მომავალი პრეზიდენტიაო – ასე მითხრა ჩემმა უფროსმა 1997 წელს.

2001 წელს გიგა დამენიძლავა – რომ სააკაშვილი პრეზიდენტი გახდებოდა.

წავაგე “– წერს ჩერგოლეიშვილი.