იღბალი თუ შრომისმოყვარეობა, რომელს მიუძღვის გადამწყვეტი როლი ადამიანის წარმატებაში?!
– შრომისმოყვარე ხართ?
– შემიძლია ვთქვა, რომ შრომისმოყვარე ადამიანი ვარ. ძალიან მიყვარს მუშაობა. ვშრომობ მანამ, სანამ არ მივიღებ იმის საუკეთესო ვერსიას, რაზედაც ვმუშაობ, მათ შორის, საკუთარ თავზე მუშაობასაც ვგულისხმობ. მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ნიჭიერებაც მეხმარება.
– განსაზღვრავს თუ არა ჩვენს წარმატებას ის, თუ როგორ ოჯახში ვიბადებით?
– ისევ და ისევ, შრომისმოყვარეობის გადასახედიდან თუ შევხედავთ, აუცილებლად განსაზღვრავს. ალბათ, ჩვენ ვართ ის, რასაც ბავშვობაში გვასწავლიან, რასაც ჩადებენ ჩვენში. ჩვენ ხომ ბავშვობაში ნანახ მაგალითებზე ვიზრდებით. ზუსტად ასეა ჩემს შემთხვევაშიც. მე სახლში მასწავლეს, რომ ვყოფილიყავი შრომისმოყვარე. ჩემს სახლში უზომოდ აფასებდნენ მშრომელ ადამიანებს, რა სფეროს წარმომადგენელიც არ უნდა ყოფილიყო ის. ზუსტად აქედან მოდის ჩემი დამოკიდებულებაც. ასე რომ, ვფიქრობ, ოჯახი განსაზღვრავს თითქმის ყველაფერს ჩვენს ცხოვრებაში. მაგრამ არის კიდევ სხვა შემთხვევაც. რაღაც, რაც ძალიან არ მოგწონს, თუნდაც საკუთარ ოჯახში, იმაზე მუშაობ, ხვეწ და უკეთესს ხდი.
– თქვენს შრომას უშედეგოდ ჩაუვლია?
– კონკრეტული მაგალითი არ მახსენდება. თუმცა, შრომა არის ერთგვარი ბაზა რაღაცისთვის. შეიძლება, რაღაც კონკრეტული მიმართულებით განვითარება, ზრდა თუ ენერგიის ჩადება დღეს და ხვალ არა, მაგრამ ათი წლის შემდეგ ძალიან გამოგვადგეს. ასე რომ, რასაც გავიღებთ, ის აუცილებლად დაბრუნდება.
– რა არის საჭირო მოტივაციის შესანარჩუნებლად?
– როდის მიგიციათ თავისთვის სიზარმაცის უფლება?
– ეს, ალბათ, ბავშვობიდან გამოყოლილ ჩვევას უკავშირდება (იცინის). ვაძლევ ხოლმე თავს სიზარმაცის უფლებას დღის პირველ ნახევარში, მაგრამ დღის მეორე ნახევარში უკვე ნერვები მეშლება ამ სიზარმაცეზე და არ მიყვარს დღეები, რომლებიც ფუჭად და უაზროდ, უფუნქციოდ ჩაივლის. ასე რომ, არ შემიძლია სიზარმაცე. დღის განმავლობაში ვიღაცისთვის ან რამისთვის მაინც უნდა მოვიტანო სარგებელი. ჩემი შვილები იქნებიან, სახლის საქმე, თუ ნებისმიერი მიმართულება, რაიმე სარგებელი მაინც უნდა გამოვადნო დღის ბოლომდე (იცინის). სხვანაირად ძალიან ვწუხდები.
– გიფიქრიათ, რომ ცხოვრებაში რაღაცაში არ გაგიმართლათ და მნიშვნელოვანი ცვლილებები გნდომებიათ?
– არა, ცხოვრებაში არ გამიმართლა-მეთქი, არა, მაგრამ რაღაც რომ სხვანაირად ყოფილიყო, ამაზე, რა თქმა უნდა, მიფიქრია. თუმცა, მე ვარ ადამიანი, რომელიც საბანს იქამდე იფარებს, სადამდეც სწვდება. ძალიან დიდი, მასშტაბური და გრანდიოზული რამის არც მოთხოვნა მქონია და არც უფლება მიმიცია ჩემი თავისთვის. უკმაყოფილო და უმადური არასდროს ვყოფილვარ. ვთვლი, რომ ბევრ რამეში მაინც მიმართლებს ან მე უფრო მეტად ვხედავ, ვიდრე შეიძლება, სხვა ხედავდეს.
– სად უფრო მეტ შრომას დებთ – ოჯახში თუ პროფესიულ განვითარებაში?
– ალბათ, უფრო საქმიანი კუთხით. იმიტომ, რომ როდესაც პროფესიული ნაწილი მოდის წინ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თან, ცხოვრებაში ბევრნაირი გამოწვევა არსებობს, ბევრი რამ ვითარდება და მოცემულობა იცვლება, ამიტომ, ალბათ, უფრო მეტს პროფესიულ განვითარებაში ვდებ. თუმცა, ჩემი პროფესია ზუსტად იმ ინფორმაციასთან მაახლოებს, რომელიც ოჯახურ თუ მშობლის ნაწილში მავითარებს. ასე რომ, საბოლოო ჯამში, ძალიან კარგი პროფესია ავირჩიე (იცინის). ჩემს პროფესიაში ვსწავლობ, როგორ ვიყო უკეთესი სახლში.
– რას არ გააკეთებთ არასდროს, რამდენად სასურველიც არ უნდა იყოს მოსალოდნელი შედეგი?
– ვერანაირ ამორალურ ქმედებას ვერ ჩავიდენ. აქ არ იგულისხმება მხოლოდ ის, რასაც საზოგადოება წარმოიდგენს ამორალურად. ვერ გადავაბიჯებ ადამიანებს, საკუთარი წარმატებისთვის ვერავის გავწირავ. მორალური და ზნეობრივი ჩარჩოები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
– როგორ უნდა გამოუმუშაო ბავშვს შრომისმოყვარეობა?
– რეცეპტი იმისა, თუ როგორ უნდა გაიზარდოს ადამიანი შრომისმოყვარედ, ალბათ, ისევ და ისევ, ბავშვობიდანვე შრომას შეჩვევაა. ეს იქნება მინიმუმით დაწყებული, მაგალითად, ჭამის დასრულების შემდეგ, საკუთარი თეფშის ნიჟარაში ჩადება, რასაც მოჰყვება საკუთარი დანაგვიანებულის მოგვა, დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა თუ ნებისმიერ ოჯახურ საქმიანობაში ჩართულობა. მე მგონია, რომ ყველაფერი ფიზიკური შრომით იწყება, ასაკის შესაბამისი შესაძლებლობის მიხედვით, „შურუპის“ დაჭერა იქნება თუ სხვა რამ, სქესსაც გააჩნია. მე მიყვარს ბავშვობიდან მშრომელი ადამიანები. მერე უკვე გონება ერთვება და ასაკთან და სწავლასთან ერთად, ადამიანი ბევრ უნარს გამოიმუშავებს.
– როგორ წარმოედგინა ჯერ კიდევ თინეიჯერ თიკას საკუთარი მომავალი – როგორი იყო მაშინდელ ოცნებებში წარმატებული ადამიანის სახე?
– საკუთარი მომავლის შესახებ მე ასეთი მკაფიო და ჩამოყალიბებული ხედვა არ მქონდა, თუმცა, ჩემს ოჯახში იყო ადამიანი, ვისაც ეს ჰქონდა და ამ მიზანს ემსახურებოდა. გამოუვიდა კიდეც, ეს არის ჩემი მშობელი. ამიტომ ვფიქრობ, რომ მშობელს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შვილის ცხოვრებაში. ძალიან ადვილია სათქმელად, მაგრამ რთული – განსახორციელებლად. მეც ვცდილობ, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ისეთი ვერ ვარ, როგორიც დედაჩემია.
– დაგჭირდათ მსხვერპლის გაღება წარმატების მისაღწევად?
– პატარ-პატარა მსხვერპლის გაღება ყოველთვის საჭიროა. მაგალითად, მეტი დროის დათმობა შენი მიზნისთვის და ნაკლები – სხვა რამისთვის. თუმცა, ვინმეზე და რამეზე რომ უარი მეთქვა, ამხელა მსხვერპლი არ დამჭირვებია. ჩემი წარმატების მასშტაბიც არ არის იმხელა, რომ რაღაცებზე უარის თქმა დამჭირვებოდა. ალბათ, მსხვერპლად დროის რესურსი შეიძლება ჩაითვალოს, მაგრამ ისევ და ისევ შრომასთან მივდივართ. ადამიანი არჩევანს აკეთებს საკუთარ სურვილებს შორის და ჩემი მხრიდან ესეც გააზრებული ნაბიჯი იყო. ამიტომ მსხვერპლად არ მიმაჩნია.