წლების განმავლობაში გიორგი ორბელაძისთვის ბოდიბილდინგი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო, თუმცა ახლა უკვე წარსულია. გარკვეული პრობლემების გამო ის არჩევანის წინაშე დადგა და ბოდიბილდინგს დაემშვიდობა, თუმცა სპორტის ერთგული დარჩა.
გიორგი ორბელაძე: რაგბის თამაშის დროს, მძიმე ტრავმა მივიღე და ვარჯიში დიდი ხნის განმავლობაში არ შემეძლო. ახლა დავიწყე რეაბილიტაცია და ნელ-ნელა ჩვეულ ფორმას ვუბრუნდები. საკმაოდ მძიმე ტრავმაა, ამის შემდეგ ერთი წელი და მეტი სპორტს უნდა ჩამოვშორდე. სამი თვე საერთოდ ვერ ვვარჯიშობდი, რაც ძალიან ძნელია, რადგან ფორმას კარგავ, ჩვეული რიტმიდან ვარდები, მაგრამ ვცდილობ, თავი გავართვა. მთავარია, მოტივაცია მისცე საკუთარ თავს. თუ ფსიქოლოგიურად მზად ხარ, ფიზიკურად ყველაფერს მიაღწევ.
– როგორია ტრენერებისა და ბოდიბილდერების რეჟიმი ყოველდღიურობაში, არის ეს მუდმივი სტრესი და დატვირთვა?
– არის პერიოდები, როდესაც შეჯიბრებისთვის ემზადები, კონკრეტული მიზნისკენ ისწრაფვი და გინდა, შენი სხეულისა და შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინო. ასეთ დროს უარს ამბობ ძალიან ბევრ საყვარელ კერძზე და გასართობზე. მარტო კვება და ვარჯიში არ არის მნიშვნელოვანი, აუცილებელია რეჟიმის სწორად დაგეგმვა. მაგრამ მე უკვე ოთხი წელია, შეჯიბრებებში აღარ ვმონაწილეობ, აქტიური სპორტიდან წამოვედი. ამიტომ, ფაქტობრივად, არანაირი შეზღუდვა აღარ მაქვს, რასაც მინდა, ვჭამ და რასაც მინდა, ვსვამ, როგორც მინდა, ისე ვიქცევი და საკუთარ თავს არაფერს ვუკრძალავ. ყველას ვურჩევ, არანაირი შეზღუდვა არ დაუწესონ საკუთარ თავს. ბევრი შეზღუდვა ნიშნავს დიდ სტრესს როგორც ფსიქოლოგიურ, ისე ფიზიკურ დონეზე. სტრესი არ არის ჯანსაღი ცხოვრება. ჯანსაღი ცხოვრება მაშინაა, როცა ვარჯიშითა და სწორი კვებით სიამოვნებას იღებ, როცა ვარჯიში შენი ცხოვრების წესია. ჯანსაღი კვება არ ნიშნავს, რომ ხაჭაპური ან ნამცხვარი არ უნდა შეჭამო, თუმცა, ის, რომ ხაჭაპურის ჭამა შესაძლებელია, არ ნიშნავს, რომ ეს ყოველდღე უნდა გააკეთო და მაინც ფორმაში იქნები.
– რატომ დაემშვიდობეთ აქტიურ სპორტს?
– სპორტს, რომლითაც მე ვიყავი დაკავებული, სახელმწიფოს მხრიდან არანაირი ყურადღება და დაფინანსება არ აქვს. ისინი, ვინც საქართველოში ამ სპორტით არიან დაკავებული, ცდილობენ, საკუთარი სახსრებით დადონ შედეგები და ამ საშუალებების გათვალისწინებით, საკმაოდ კარგი მაჩვენებლებიც აქვთ. მეც მქონდა პერიოდი, როცა ჩემი სახსრებით ვწვალობდი, რომ საზღვარგარეთ წავსულიყავი და შეჯიბრებებში მიმეღო მონაწილეობა. ამ სპორტისთვის მომზადება ძალიან ბევრ ფიზიკურ და ფინანსურ რესურსს მოითხოვს. თუმცა, არანაირი ხელშეწყობა, არანაირი უკუშედეგი არ არსებობს. წვალობ მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცებისთვის მოტივატორი იყო, კარგი ფოტოები გქონდეს და კარგ ფორმაში იყო. საბოლოო ჯამში, დავიღალე ამ ყველაფრით. მე მქონდა ჩემი საქმეები, ოჯახი და ამიტომ, ვეღარ შევძელი, ბოლომდე მივყოლოდი ამ სპორტს.
– ანუ, მხოლოდ ჯანმრთელობაზე ზრუნვა რჩება და ეს არ არის შემოსავლის წყარო.
– პირიქით, რაც უნდა გასაკვირი იყოს, ეს სპორტი ჯანმრთელობისთვის საზიანოა. ჯანსაღი ცხოვრება გულისხმობს სწორ კვებას, ჯანსაღ რეჟიმს, დასვენებას, ვარჯიშს და ასე შემდეგ. მაგრამ როცა ამ სპორტით ხარ დაკავებული, იმდენად რთული დიეტების დაცვა გიწევს და იმდენად დიდი ფიზიკური დატვირთვა მოდის, რომ ეს ჯანმრთელობისთვის კარგი კი არა, მავნებელია. ძალიან ბევრი ადამიანი ამ სპორტით ჯანმრთელობას ინადგურებს. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც წამოვედი, ესეც იყო.
– რა თქმა უნდა, რთული გადასაწყვეტი იყო, მაგრამ არჩევანი უნდა გამეკეთებინა და რადგან ამ მიზეზების გამო ჩემი თავი ამ სპორტში ვეღარ დავინახე, გული დამწყდა, მაგრამ მაინც დავემშვიდობე მას.
– რა არის მას შემდეგ თქვენი ძირითადი საქმიანობა?
– ახლა ვარ ერთ-ერთი ფიტნეს კლუბის ხელმძღვანელი, ფიტნეს მიმართულებით. მყავს მოსწავლეები, ადამიანები, რომლებსაც ვეხმარები სწორ ვარჯიშში და კარგი ფორმის მიღწევასა და შენარჩუნებაში. სპორტი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ეს ჩემი ცხოვრების წესია და სისტემატურად ვვარჯიშობ.
– ქმარი რომ ასე გამოიყურება, ეს დიდი პასუხისმგებლობაა. ნინი თვითონაც არაჩვეულებრივ ფორმაშია, მაგრამ ალბათ, ამისთვის დაუღალავი შრომაა აუცილებელი. თუ აქვს განსაკუთრებული მოთხოვნა ვიზუალისადმი ან თქვენ გჭირდებათ შენიშვნების მიცემა?
– ნუ გგონიათ, რომ ფორმაში ყოფნა ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვს. დიდი ძალისხმევა იმ შემთხვევაშია საჭირო, თუ ადამიანი ამაზე მთელი ცხოვრება არ ფიქრობდა, არასდროს ზრუნავდა საკუთარ თავზე და ძალიან ამოვარდა ფორმიდან. თუ ადამიანი საშუალო წონისა და ფიზიკური მონაცემებისაა, მისთვის არ არის კატასტროფა კარგი ფორმის მიღწევა ან შენარჩუნება. კვირაში სამჯერ სამი საათი რომ დაუთმოთ ვარჯიშს, ანუ, დრო, რომელსაც ათას სისულელეში ვხარჯავთ და თუნდაც სახლში ივარჯიშო, საკმარისია. ასევე, საკმარისია ელემენტარული წესების დაიცვა, მაგალითად, ის, რომ 24 საათი ტკბილი არ უნდა ჭამო. მოკლედ, ძალიან მარტივი მითითებები და ვარჯიში სრულიად საკმარისია. ყველას მიზანი ხომ არ არის, ფიტნეს მოდელივით გამოიყურებოდეს, ნორმალურ ფორმაში ყოფნა კი სასწაულებს არ მოითხოვს. ეს სტერეოტიპებია, რომელიც ადამიანებს აშინებთ. ჰგონიათ, რომ 24–საათიანი ვარჯიშისა და შიმშილობის გარეშე ვერაფერს მიაღწევენ. ასე ნამდვილად არ არის. ნინიც არ აკეთებს ამისთვის რამე განსაკუთრებულს. უბრალოდ, კვირაში სამჯერ სახლში ვარჯიშობს. ხანდახან, როცა ეზარება, შეიძლება, შევახსენო, თორემ ჩემგან განსაკუთრებული მითითებები არ სჭირდება.
– როგორ შეცვალა ქორწინებამ ცხოვრება?
– კი, ქორწინებამ შემცვალა, უფრო მოწესრიგებული გავხდი. ქორწინებამდე ასეთი არ ვიყავი. ნინი უფრო პედანტია, უყვარს წვრილმანებზე ყურადღების გამახვილება. მოსწონს, როცა ყველაფერი წესრიგშია, როცა სახლი არეული არ არის და მეც ამას მიმაჩვია, თორემ სხვა მხრივ, ვერ ვიტყვი, რომ ჩვენს ცხოვრებაში რამე შეიცვალა. ქორწინებამდე ვიცნობდით ერთმანეთს. საერთო ჯამში, 13-14 წელია, ურთიერთობა გვაქვს და ამიტომ ქორწინებას განსაკუთრებული ცვლილებები არ მოჰყოლია.