”გავხსენი პარკი და აღმოვაჩინე ორმოცდაათმანეთიანი, ეს იყო ღმერთის საჩუქარი იმ უმძიმეს დროს”

საქართველოში პანდემიის დასაწყისს დაემთხვა ჯაზის ცნობილი მომღერლის, მაია ბარათაშვილის, ვარსკვლავის გახსნა და, მიუხედავად ამისა, დაგეგმილი კონცერტი სრული ანშლაგით ჩატარდა. მუსიკალური ცხოვრება არც ამ ორი წლის განმავლობაში შეუჩერებია, პირიქით, ნაყოფიერად მუშაობდა და საინტერესო სიახლეები დააგროვა.

ეს – ზოგადად მომღერლის შემოქმედებითი ცხოვრების ბოლოდროინდელ ეტაპზე და ერთ უჩვეულო ამბავზე, რომელიც მის ადრეულ ახალგაზრდობაში მოხდა,  ,,სარკის” მკითხველებს უამბობს:

– დედა ადრე გარდამეცვალა, 17 წლის ვიყავი. მამამ მითხრა, მაია, ახლა ბურთი და მოედანიც შენია, ოჯახს შენ უნდა გაუძღვეო. ეს იმას ნიშნავდა, რომ მესწავლა, მეშრომა, გამომემუშავებინა ფული, შემეძინა ხორაგი, ანუ ზოგადად მესწავლა ცხოვრება.

90-იან წლებში უკიდურესი გაჭირვება სუფევდა ქვეყანაში. ერთ დღესაც აღმოვაჩინე, რომ სახლში მხოლოდ პური მქონდა, ჯიბეში კი – 20 კაპიკი. გადავწყვიტე, წავსულიყავი ბაზარში, ამ 20 კაპიკით მეყიდა სანელებლები და პურზე მომეყარა. საკმაოდ დიდი მანძილი საბურთალოდან დეზერტირების ბაზრამდე ფეხით გავიარე. ვიყიდე და წამოვედი.

სახლში მოსულმა გავხსენი ქაღალდის პარკი და აღმოვაჩინე ორმოცდაათმანეთიანი, რაღაცნაირად მოყოლილი ამ ქაღალდში. პირველი, რაც ვიფიქრე, წავსულიყავი და ფული დამებრუნებინა, მაგრამ უკვე ბნელოდა, ვერ შევძელი. შემდეგ დიდხანს ვიფიქრე და ბოლოს დავასკვენი, რომ ეს ფული იყო ღმერთის საჩუქარი იმ უმძიმეს დროს.

არ ვიცი, რამდენად სწორი ვიყავი, მაგრამ ამან მასწავლა, რომ ადამიანის მოლოდინი წრფელი გულით შეიძლება გამართლდეს. მაშინ როგორც მე გავიხარე, ზუსტად ასე უხარიათ იმ გაჭირვებულ ადამიანებს, რომლებიც წყალობას ელოდებიან და ჩვენ, თუ ოდნავი შესაძლებლობა გვაქვს, ეს წყალობა უნდა გავიღოთ.

– ასეთი მშვენიერი, ნიჭიერი, მოწესრიგებული, განათლებული, რეალიზებული ქალი რატომ არ გათხოვდით, წუნია იყავით თუ ამისი სურვილი არ გქონდათ?

 არასდროს მქონია იდეაფიქსი, რომ აუცილებლად შემექმნა ოჯახი. უნდა გითხრათ, რომ შესაფერის ადამიანსაც ვერ შევხვდი. ნამდვილად არ ვნანობ. ვიცი, რომ ქრისტიანული ცხოვრების მტკიცე ფუნდამენტია კარგი ოჯახი, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ეს არ მოხდა. ზოგადად მიყვარს მარტოობა და არ ვგრძნობ თავს დაჩაგრულად. მაქვს საყვარელი საქმე, მყავს მეგობრები და ვცხოვრობ ქრისტიანულად, სიყვარულით და სიკეთით.

შესაშურ ფორმაში ხართ. როგორ მიაღწიეთ ასეთ შედეგს?

– მიყვარს ჯანმრთელად ყოფნა. მაქვს მეორე ტიპის დიაბეტი, რომელიც მუდმივად უნდა ვაკონტროლო, რომ არ მივანიჭო დაავადების კვალიფიკაცია, ამისთვის კი საჭიროა ჯანსაღი კვება. ამოღებული მაქვს ყველა მავნე პროდუქტი, რომ კვების საშუალებით დავარეგულირო. საერთოდ, არა მხოლოდ დიაბეტის, არამედ უმრავლესი დაავადების შემთხვევაში საჭიროა, დავიცვათ გარკვეული რეჟიმი, მოვერიდოთ ზედმეტ კვებას.