“ვერტმფრენი “ბაბუ“ ხვალ ისევ ცაში აფრინდება”- ემოციური პოსტი ქართველ მესაზღვრეზე

სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის 21 თანამშრომელი სამინისტრომ მედლით – “მამაცობისთვის” დააჯილდოვა, მათ შორის ერთ-ერთი, პოლკოვნიკი ზაზა ლორია იყო. ზაზა ლორიასა და მისი შვილიშვილის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელი, თეა პერტაია 2017 წელს წერდა:

“ეს პატარა საბაა. ის პოლიციის ვერტმფრენს „ბაბუს“ ეძახის…


მისი ბაბუა შსს-ს გმირი მფრინავია. დღეს იგი გიორგი მღებრიშვილმა მამაცობისთვის მედლით დააჯილდოვა, მისი ოჯახის წევრები ამაყობენ… პატარა საბასთვის კი ბაბუ ადამიანია, რომელიც ყველაზე მაღლა დაფრინავს, რომელიც მას ყველაზე მეტად ანებივრებს, რომელსაც უნდა, რომ ჰგავდეს და რომელიც მისთვის ყველაზე ძლიერია, არწივსაც კი სჯაბნის

მართლაც, ვერტმფრენი, სახელად “ბაბუ“ ყოველდღე საქართველოს ემსახურება. უკვე მრავალი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა და კიდევ ბევრის იმედია… მაგარი ბაბუა ჰყავს საბას – პოლკოვნიკი ზაზა ლორია, ის 30 წელზე მეტია, ჩვენს ქვეყანას ციდან გადმოჰყურებს. მის რელიეფზე ამოქარგული ყოველი ხაზი და ფერი იცის, მისი ტკივილი და სიხარულიც…

ვერტმფრენი“ ბაბუ“ ხვალ ისევ ცაში აფრინდება”, – წერს შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თეა პერტაია და სოციალურ ქსელში ბაბუა-შვილიშვილის ფოტოსაც აქვეყნებს.

შეგახსენებთ, რომ 29 ივლისს გუდაურში სამაშველო ვერტმფრენი ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 2 მედიკოსი, მაშველები და პილოტები. ბორტზე მყოფები მიფრინავდნენ პარაპლანისტების დასახმარებლად, რომლებიც კლდეს შეეჯახნენ. ერთ-ერთი პარაპლანისტი, უცხოელი ტურისტი შემთხვევას ემსხვერპლა.