პოზიტიურმა, ენერგიულმა და ნამდვილი გურული ენერგეტიკისა და იუმორის მქონე მომღერალმა, შორენა იმნაძემ, ახლახან დააკანონა ურთიერთობა თავის რჩეულთან, გიორგი ინაიშვილთან და ულამაზესი, ნამდვილი ზღაპრული ქორწილი გადაიხადა. შორენას ცხოვრება კონკიას ზღაპარს ჰგავს – გაჭირვებამ თურქეთში წაიყვანა, იქ სასიმღერო კარიერა წამოიწყო, შემდეგ იყო რუსეთი, სადაც დიდ წარმატებას მიაღწია და უამრავი გასტროლი სხვადასხვა ქვეყანაში. ჟურნალი „თბილისელები“ ულოცავს შორენას და გიორგის დაოჯახებას, ულევ სიხარულს, სიყვარულსა და ბედნიერ დღეებს უსურვებს თანაცხოვრებაში.
– შორენა, სად გაიცანი მომავალი მეუღლე და რით მოგხიბლა?
– სამი წლის წინ მოსკოვში დაგეგმილი კონცერტი მქონდა. როდესაც ვაკეში, საელჩოში მითხრეს, ვიზას აგვიანდებოდა, ძალიან ავღელდი და გურულ სიჩქარეში გადავერთე (იცინის). ამ დროს გიორგი იქვე მდგარა და მაკვირდებოდა. საღამოს, სოციალურ ქსელში მომწერა. მკითხა, ავიღე თუ არა ვიზა. მას შემდეგ ხშირად მწერდა. ასე გავიცანით ერთმანეთი. დღეს კი თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ გიორგის მხრიდან განებივრებამ მოლოდინს გადააჭარბა, ამ ადამიანის გვერდით ყოველი დღის გათენება ბედნიერებაა.
– გიორგი მოსკოვში ცხოვრობს?
– დიახ, გიორგი მოსკოვში ოჯახით ცხოვრობს. ჩვენ იქ შევხვდით ჩემს კონცერტზე, ერთ-ერთ რესტორანში. გავიცანი მისი ოჯახის წევრებიც. გიორგი ძალიან ყურადღებიანი, მზრუნველი და მოსიყვარულეა. მე, მისი სახით, შევიძინე საყვარელი ადამიანი და საუკეთესო მეგობარი.
– ახლახან, ზღაპრული ქორწილი გადაიხადეთ. ვინ იყო დღესასწაულის ორგანიზატორი და ვისი დიზაინით შეკერილი ულამაზესი კაბა გეცვა?
– პირველი ქორწინებიდან ორი გოგონა გყავს. ისინი როგორ შეხვდნენ დედის დაოჯახებას?
– ჩემი შვილები გაგებით შეხვდნენ ჩემს გადაწყვეტილებას, რადგანაც მე ასეთი ბედნიერი მათ არასდროს ვუნახავვარ. გიორგის ძალიან უყვარს ისინი და მათაც – ასევე. ჩვენ ახლა ერთად ოთხი შვილის მშობლები ვართ.
– შორენა, იღბლიანი ქალი ხარ, რომ იტყვიან: ბედნიერ ვარსკვლავზე დაბადებული. მიუხედავად გაჭირვებისა, შეძელი შენი შრომით გერჩინა ოჯახი, წახვედი თურქეთში და იქ დაიწყე სიმღერა, დადექი სცენაზე, შემდეგ არაერთ ქვეყანაში მოგიწია კონცერტების ჩატარება და მათ შორის, რუსეთშიც.
– ნამდვილად იღბლიანი ვარ, რადგან ჩემი შვილები, მეუღლე და ჩემი ახლად შექმნილი ოჯახი, დედა და საყვარელი ადამიანები, ყველა გვერდით მყავს. რაც მაქვს, ყველაფერს ჩემი შრომით მივაღწიე და არასოდეს შემშინებია სირთულეების. დღეს კი უბედნიერესი ვარ, რადგან ჩემს ცხოვრებაში საყვარელი მამაკაციც არის და ვიცი, მასთან ერთად ყველა სირთულეს დავძლევ. მიმაჩნია, რომ ცხოვრებაში ძალიან გამიმართლა, რადგან ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა. ვხუმრობ ხოლმე: ასეთი თამამი რომ ვარ, გიჟი და გადარეული გურული ამიტომაც შევუყვარდი ჩემს ქმარს-მეთქი (იცინის).
– მეუღლესთან ერთად ცხოვრებას საქართველოში აპირებ თუ ისევ რუსეთში მიდიხართ?
– აქ დროებით ვარ. ჩვენ ოჯახით მოსკოვში ვცხოვრობთ. თუმცა, ხშირად ვართ საქართველოში. მთელი ცხოვრება ვფიქრობდი, ქალი რომ წარმატებული და რეალიზებული იყოს, ამისთვის მამაკაცი არ არის საჭირო-მეთქი. თუმცა, გამოდის, ვცდებოდი. ამ გადასახედიდან, ნამდვილად იმაზე მეტად ძლიერი ვარ, რაც ვიყავი, იმაზე მეტად წარმატებული და რეალიზებული. საყვარელი ადამიანი, რომელიც ზრუნავს შენზე, მოტივაციას გაძლევს, ხვალ იმაზე მეტი იყო, ვიდრე ხარ დღეს. ყოველ დილით სასთუმალთან უგემრიელესი ყავის სურნელი მაღვიძებს. დილაობით მეზარებოდა ყავის მომზადება, ახლა კი, როცა გვერდით ასეთი მზრუნველი და ყურადღებიანი მყავს, ამაზე უკვე აღარ ვფიქრობ. დამიჯერეთ, ასაკი მხოლოდ ციფრებია. იყავით თბილები, მოსიყვარულეები და რაც მთავარია, ბუნებრივები. სიყვარული ნებისმიერ ასაკში მოვა, მთავარია, ერთგულება.
– დედამთილთან როგორი დამოკიდებულება გაქვს. მოსწონს გურული რძალი?
– ჩემი დედამთილი, უსაყვარლესი ადამიანია და ჩემი მეგობარი. ძალიან მზრუნველია და ყოველთვის მანებივრებს. თამამად შემიძლია, ვთქვა, დედობას მიწევს.
– მეუღლეც შოუბიზნესშია?
– არა, მეუღლე სპორტულ სფეროში მოღვაწეობს. ძალიან მიწყობს ხელს ჩემს კარიერაში. ვმუშაობ ახალ სიმღერებზე, რომლებსაც მალე შემოგთავაზებთ.