“ჯერ არცერთი მამაკაცი არ მყვარებია, ჩემი ქმარიც კი”

ბლიცინტერვიუ ნინო ოძელაშვილთან 👇

სახელი: ნინო.

გვარი: ოძელაშვილი.

პროფესია: სპორტსმენი.

– მოგონება ბავშვობიდან…

– ძალიან ცელქი და მოუსვენარი ბავშვი ვიყავი, ბევრჯერ თავიც კი გამიტეხავს. პატარაობიდან ფიზიკური სიძლიერით გამოვირჩეოდი. ერთხელ მშობლებმა გაზის ღუმელი იყიდეს და შემოწმების მიზნით, აანთეს. გავქცეულვარ და ამ ღუმელში ჩამიყვია თავი, უცებ ღუმელი აფეთქებულა, საბედნიეროდ, თვალების დახუჭვა მოვასწარი და მხედველობა არ დამიკარგავს, მაგრამ სულ შეტრუსული ვყოფილვარ.

– მშობლების როლი…

– მშობლების დამსახურებაა ის, რაც დღეს ვარ. გაჭირვებულ ოჯახში გავიზარდე, ვხედავდი, როგორ შრომობდნენ და წვალობდნენ ჩემი მშობლები. შუა ზამთარში, ფაქტობრივად, ცარიელ კედლებში შევედით საცხოვრებლად და არაერთი პრობლემა გვქონდა. მშობლებმა დამოუკიდებლად გაგვზარდეს.

– ჩემი მეტსახელი…

– მამაჩემის ახლობლები ანა ბაჯის მეძახდნენ, რადგან ძალიან ძლიერი ვიყავი. ეს ანა, თურმე, ტყეში მარტო მოერია დათვს და მეც ფიზიკური მონაცემებიდან გამომდინარე დამარქვეს. ასევე, არსენას მეძახდნენ. 5 წლის ასაკში 40-ლიტრიანი ქვაბი ამიწევია. მაშინ წყალი წყაროდან ჩამოგვქონდა ხოლმე და მამას ყოველთვის ვეხმარებოდი.

– ადამიანში ვაფასებ…

– ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ერთგულება, არ მიყვარს ტყუილი. ადამიანს უნდა ვენდობოდე. ახლა ცხოვრების რთული ეტაპი მაქვს, ბევრი რამე მაღიზიანებს და ცოტა „გავუზრდელდი“, ჩემს თავს თავადაც ვერ ვცნობ ხოლმე, თუმცა, სინამდვილეში ასეთი არ ვარ. იმდენი შრომა მაქვს ჩადებული ჩემს საქმეში, ახლა რომ იძულებით გაჩერებული ვარ, ეს მიუღებელია, ოთხ ქვეყანას ვუთხარი უარი და ერთ ადგილას გავიყინე. ამ დროს შემიძლია, კიდევ არაერთი გამარჯვება ვიზეიმო.

– წარმატება…

– წარმატების მისაღწევად ღირსებაა მთავარი. მიყვარს ჩემნაირი ადამიანები, რომლებიც ღირსებას არ გადადიან და ცდილობენ კი არ დაგცინონ, არამედ პირიქით, დაგეხმარონ წარმატების გზაზე. ბევრს მიაჩნია, რომ ჩემთვის ფულია მთავარი, რაც დიდი ტყუილია. არაერთ ბიჭს ეგონა, ფულით მოვიხიბლებოდი, მაგრამ შეცდნენ.

– მწამს…

– უფლის და იმის, რაც ცხოვრებაში ხდება, ესე იგი, ასე იყო საჭირო. ღმერთს ყოველთვის მადლობას ვეუბნები ყველაფრისთვის, რაც ჩემს ცხოვრებაში ხდება, მნიშვნელობა არ აქვს, ეს კარგია თუ ცუდი, რადგან ის ყველაფერია ჩემთვის.

– ღმერთის ჩემეული აღქმა…

– საერთოდ მიმაჩნია, რომ ყველაზე კარგი მარხვაა იყო უბრალო, უშუალო და არ დასცინო ადამიანებს. ძალიან ეკლესიურად ვცხოვრობდი. სამწუხაროდ, ახლა ვეღარ ვარ ასე, მაგრამ დილით და საღამოს ყოველთვის ვკითხულობ ლოცვებს. იყვნენ მამაოები, რომელთაგანაც სტრესი მივიღე და ეკლესიას მათ გამო ჩამოვშორდი, მათი მხრიდან დამცირებულად არაერთხელ მიგრძნია თავი. ერთხელ, მახსოვს, მნიშვნელოვანი შეჯიბრებისთვის ვემზადებოდი, 14 კილოგრამი დავიკელი და შეჯიბრების წინა დღეს, ეკლესიაში მივედი სანთლების დასანთებად. ვიყიდე 13 დიდი სანთელი და მთელი გულით მინდოდა მელოცა. თუმცა, მამაომ ტაძარში არ შემიშვა, რადგან ეკლესიას კეტავდა და ჩემი თხოვნა არ გაითვალისწინა. შემომთავაზა ჩემს სახელზე ჩემს ნაცვლად სანთლების დანთება, გამომართვა ცამეტივე სანთელი და ისე მიშვებდა სახლში, სახელსაც კი არ მეკითხებოდა. მე შევახსენე, მამაო, ნინო მქვია-მეთქი. ამ დროს დამცინა და რაღაც არასასიამოვნოდ მითხრა. მსგავსი ფაქტების შემდეგ უნდობლობა გამიჩნდა, მაგრამ საბედნიეროდ, არაერთ ღირსეულ მამაოს ვიცნობ.

– ვრისკავ…

– პირად ცხოვრებაში ვერ ვარ რისკიანი, პირიქით, ხიფათიანიც კი გავხდი, ისეთი წლები გავიარე ჩემს ქმართან, სურვილი აღარ მაქვს, კიდევ იგივე განვიცადო. რისკიანი ვარ ჩემს საქმეში, სპორტში, თუ გული მიგრძნობს, აუცილებლად გავრისკავ. ზოგადად, უფრო ფრთხილი ადამიანი ვარ, ვიდრე რისკიანი.

– ვერიდები…

– პირად ურთიერთობებს, არ ვენდობი დღევანდელ მამაკაცებს. თუ შევქმნი ოჯახს, მინდა ეს იყოს მყარი. გავთხოვდე და გამოვთხოვდე, ასე არ მომწონს. როცა დაოჯახებას გადაწყვეტ, გვერდით უნდა გყავდეს ადამიანი, რომელსაც დაეყრდნობი, რაც ჩემს ცხოვრებაში აქამდე არ ყოფილა. ჩემს გარემოცვაში ძლიერი სულის ადამიანს ვერ ვხედავ. მე ვერ ვიბრძოლებ მამაკაცისთვის, მან უნდა იბრძოლოს ჩემთვის. ვიღაცას შევეცოდო და მაგიტომ იყოს ჩემთან, ასეთი ურთიერთობა არაფერში მჭირდება. არ მიყვარს დიდი წარმოდგენის მქონე მამაკაცები და არც არავისთვის ვაპირებ ბრძოლის დაწყებას.

– ბედისწერა…

– მჯერა, რომ არსებობს. ჩემი ბედიც არის ვიღაცა, მაგრამ ჯერ სძინავს (იცინის). რომ გამოიღვიძებს, მერე ჩემზეა დამოკიდეული, მივიღებ თუ არა. ბევრს მოვწონვარ, მაგრამ რატომღაც ჰგონიათ, მე უნდა ვიყო ინიციატორი, რაც არ მოხდება. სულ რომ შინაბერა დავრჩე, თუ კაცმა არ იბრძოლა ჩემთვის, მირჩევნია, მარტო მოვკვდე, ვიდრე არასწორ ადამიანთან ვიყო.

– რთული პერიოდი…

– ყველაზე რთული პერიოდი ახლა მაქვს. წელი კარგად დავიწყე, მაგრამ ომის შემდეგ ყველაფერი აირია… ახლა აბსოლუტურად მარტო ვარ, ბევრს ვშრომობ და იმედია, მომეცემა საშუალება, ეს შრომა დამიფასდეს. დასასვენებლადაც არ წავედი, ჩემი თავი დავსაჯე იმის გამო, რომ არაერთ მნიშვნელოვან შეჯიბრებას გამოვეთიშე.

– სიყვარული…

– ჯერ არც ერთი მამაკაცი არ მყვარებია, ჩემი ქმარიც კი. ორივეს დანაშაული იყო ჩვენი ოჯახის შექმნა, მეც არ უნდა გადამედგა ეს ნაბიჯი. უბრალოდ, მას ვენდე და დავუჯერე, როცა მითხრა, ყველაფერში ხელს შემიწყობდა. ჩემთვის სპორტში მხარდაჭერა ბევრს ნიშნავს, შესაბამისად, გვერდით მინდოდა მყოლოდა ისეთი ადამიანი, რომელიც ამ მხრივ პრობლემას არ შემიქმნიდა, თუ არა და საერთოდ არ შევქმნიდი ოჯახს. მისგან კი მქონდა ეს დაპირება – ოღონდ მისი ცოლი ვყოფილიყავი და ყველაფერს გააკეთებდა. მეც ვენდე და ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა, გაცნობიდან ერთ წელში დავოჯახდით. ვფიქრობდი, კარიერის პარალელურად, ოჯახი მექნებოდა, მეყოლებოდა შვილები, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ მომეცა. ყველაფერზე ეჭვიანობდა, რის გამოც ურთიერთობა დაგვეძაბა. მეც დამთმობი არ ვარ და ვერ მოვასწარი ამ ადამიანის შეყვარება. ალბათ, რომ მყვარებოდა, მის გამო ბევრ რამეზე ვიტყოდი უარს. როცა ადამიანს უყვარხარ, ისეთი უნდა მიგიღოს, როგორიც ხარ, მისგან კი მსგავსი დამოკიდებულება არ მქონია, ასე რომ ყოფილიყო, ახლა ოჯახი მექნებოდა. სიყვარული არის ის, რისიც გწამს. მე მიყვარს ჩემი მიზანი და ამაზე არავის და არაფრის გამო არ ვიტყვი უარს.

– ის, რაც ჩემთვის უპატიებელია…

– ღალატი, ამიტომაც ვარ მარტო. შემიძლია ვიღაც მყავდეს, მაგრამ ეს ჩემთვის ფორმალობა იქნება. მე კიდევ ეგეთი ქალი არ ვარ. მასთან რომ ვიყო, უნდა მიყვარდეს და ვუყვარდე. ჩემთვის ღირსება, ერთგულება და პატიოსნება ძალიან დასაფასებელია.

– სამაგიეროს გადახდა…

– არ ვარ ბოროტი ადამიანი. შეიძლება, გავბრაზდე და რაღაც ვთქვა, მაგრამ როგორც ასეთი, ბოროტება რა არის, არ ვიცი. ისეთ რამეს არ დავუშავებ, რომ ვინმეს საფრთხე შევუქმნა, თუმცა სათქმელს აუცილებლად ვეტყვი, არც ერთ სიტყვას არ დავაკლებ.

– ბოდიშის მოხდა…

– თუ ამიხსნეს და მიმახვედრეს, რომ დამნაშავე ვარ, აუცილებლად მოვიბოდიშებ, მაგრამ თუ ლანძღვა-გინება დამიწყეს, რაც არ უნდა დამნაშავე ვიყო, ბოდიშს არ მოვიხდი.

– თავისუფლება არის…

– ის, რომ გიყვარს შენი საქმე და გულით აკეთებ მას, თუმცა გაქვს საზღვრები, რომელსაც არ სცდები.

– მოვლენა, რომელმაც შემცვალა…

– მოვლენებმა არა, უფრო ადამიანებმა შემცვალეს. ზოგადად, ძალიან თბილი და მხიარული ვარ. ეს მხიარულება კიდევ ბევრმა ჩამიკლა, მათ შორის ბავშვობის მეგობრებმა. როცა მათი მხარდაჭერა მჭირდებოდა, ჩემთან არ ყოფილან, გამრიყეს, არადა, ჩემგან ბევრი კარგი რამ მიუღიათ…

– რჩევა, რომელიც სულ მახსოვს…

– მიყვარს ჭკვიან ადამიანებთან კონტაქტი, მათგან ბევრს ვსწავლობ. ყველაზე მეტად დამამახსოვრდა ეს რჩევა: მიზანი, რომელიც სიცოცხლეზე მეტია, არ უნდა დათმო. ასევე, ჩემი მეგობრებისა და მწვრთნელის შემართება: ყველაფერი კარგად იქნება!