ჟურნალისტი, ნანა აკობიძე ახალგაზრდა ქართველი ემიგრანტის მძიმე ისტორიაზე სოციალურ ქსელში წერს.
“ნიუ იორკის ქუჩებში ვსეირნობდით, იქ გაცნობილ და დამეგობრებულ ქართველთან ერთად. იუნიონ სქვერთან მოვხვდით და „შევირბინოთ, მეგობრის შვილს უნდა მივესალმო, აქ რომ გამოვივლი, არ არსებობს, გვერდი ავუაროო“.
გავყევით. ალბათ აქ მუშაობს-მეთქი ვინმე ჩვენებური, ვფიქრობ ჩემთვის.
პენსიონერი წყვილი იჯდა ერთ-ერთ სკამზე, იქეთკენ გაგვიძღვა. წყვილს მოუბოდიშა და სკამის წინ დადგა.
„გამარჯობა“ – აწერია სკამის საზურგეს ქართულად.
და გვარ-სახელი და დაბადება-გარდაცვალების წლები.
ისტორია ასეთია: ამ სკამზე უყვარდა ჯდომა ერთ მეოცნებე ქართველ ბიჭს, რომელიც ამერიკაში მიღებული საუკეთესო განათლებით უნდა დაბრუნებულიყო საქართველოში და ეცხოვრა ღრმა სიბერემდე – საუკეთესო მოგონებებით.
მაგრამ ეს ბიჭიც დაკარგულ თაობას შეუერთდა და გაფრინდა. სამუდამოდ. როგორც ბევრი საუკეთესო ბიჭი მისი მშობლების თაობიდან, მისი თაობიდან.
სულ რაღაც 22 წლის.
ჩემი შვილისხელა, რომელიც ასევე უცხოეთშია.
იმ ახალგაზრდებისხელა, მრავლად რომ არიან სხვადასხვა ქვეყნებში წასული, ან დღეს ან ხვალ წავლენ და მხოლოდ საკუთარ ინტუიციას, საკუთარ გულისთქმას რომ უნდა მიენდონ, მხოლოდ თვითონ რომ უნდა დაიცვან და აკონტროლონ დასაშვებ-დაუშვებელის, შესაძლებელ-შეუძლებლის საზღვრები.
„გამარჯობა“- გამომყვა ამ ჩემთვის უცნობი ბიჭის ხმა იმ სკვერიდან, და დღემდე ჩამესმის, როცა დარეკვისას ჩემი შვილი არ მპასუხობს, როცა ათასნაირ საფრთხეს წარმოვიდგენ, როცა შიში შემიპყრობს.
„გამარჯობა“ – მაშინაც მესმის, როცა ყველაფერი კარგადაა, როგორც გაფრთხილება, რომ ჯერ არ გასულა ის ასაკი, როცა დანისპირზე უწევთ გავლა ჩვენს შვილებს გინდა აქ- და მით უფრო უცხოეთში.
„გამარჯობა“ – მესმის, როგორც შვება, როცა ცუდად ვგრძნობ თავს, რომ ყველაფერი იქნება საუკეთესოდ, რომ ყველგან და ყოველთვის არსებობს ერთი სკამი, სადაც შეიძლება ჩამოჯდე და დაისვენო, წაიოცნებო, იმ წამს, იმ წუთს ჩაატანო გემო. თუნდაც ეს ბოლო ჩამოჯდომა იყოს.
ვინც იუნიონ სკვერთან მოხვდებით, შეიარეთ და მოძებნეთ ეს სკამი. აუცილებლად გამოგყვებათ ამ გამარჯობიდან რაღაც – ძალიან მწარეც და ტკბილიც, მოშიებული მგზავრი რომ ტყეში, მწყემსის სადგომში დატოვებულ ღარიბულ, მაგრამ უგემრიელეს საგზალს გადააწყდება – დაახლოებით ისეთი გემოსი.
გაგიმარჯოს, უცნობო, მაგრამ ნაცნობო ბიჭო“, – წერს ნანა აკობიძე.