“ნამდვილად არ მქონია ასაკით დიდ ქალთან რომანი”

,,მახსოვს, პირველი სერია რომ გავიდა ჩემი მონაწილეობით, სოციალური ქსელი აფეთქდა. ქუჩაში რომ გავედი, ყველა მე მიყურებდა. კარგა ხანი დამჭირდა იმისთვის, რომ ეს ყველაფერი დამეჯერებინა. იყო პერიოდები, როდესაც ძალიან რეალურად აღიქვამდნენ ჩემი პერსონაჟის ისტორიას. ერთხელ ქალი მოვიდა ქუჩაში და პირდაპირ მითხრა, როგორ არ გრცხვენიაო. ძალიან დავიბენი.  აღმოჩნდა, რომ ჩემს პერსონაჟზე იყო გაბრაზებული, დედაშენს როგორ ელაპარაკებიო…” – იხსენებს მსახიობი ბუბა ჭოღოშვილი თავის პირველ გამოჩენას ,,ჩცდ”-ში’. მის პერსონაჟსა და პირადზე ბუბა ,,სარკესთან” საუბრობს.

– თქვენს პერსონაჟს საზოგადოება რეალურ ცხოვრებაში გაკიცხავდა – ანგარებიანი რომანი ასაკით უფრო ქალთან, სხვისი ოჯახის დანგრევა… ამას ხომ  ცხოვრებაში არ პატიობენ. წამოვიდა თქვენ მიმართაც ნეგატივი?

– ვერ ვიტყვი, რომ ნეგატივი წამოვიდა. პირიქით, დღემდე ქუჩაში და საზოგადოების ნებისმიერი თავშეყრის ადგილზე პოზიტივს და ხალხის სიყვარულს ვგრძნობ. 6 წელია, ამ სერიალში ვარ და კარგის მეტი არაფერი მახსოვს.

– პროფესიულად დაგეხმარათ ეს როლი, მოგიტანათ ახალი პერსპექტივები თქვენს საქმეში?

– ხანდახან უცნაურია რეჟისორების მოთხოვნები, თან უნდათ პოპულარული სახე და თან არ უნდათ. ვფიქრობ, ამ პოპულარობამ მაინც ბევრი რამ მომიტანა. ბევრი შეთავაზება მქონდა და ბევრიც წარმატებულად განვახორციელეთ. გარდა ამისა, ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, პირველ რიგში, კამერასთან მუშაობა.

– გოგონებისგან დიდი ყურადღებაა თქვენკენ მომართული. ეს ხომ არ გაკომპლექსებთ?

– ეს პოპულარობის თანმდევი პროცესია. გოგონების ყურადღება არანაირად არ მაკომპლექსებს, პირიქით, ძალიან სასიამოვნოა. ერთადერთი, რაც პოპულარობამ, ასე ვთქვათ, ცუდი რამ მომიტანა, ეს შეზღუდვებით ცხოვრებაა. როდესაც ყველგან გცნობენ და ყველგან გიყურებენ, აღარ გაქვს უფლება, ისე მოიქცე, საზოგადოებას რომ არ მოეწონება და, პირველ რიგში, შენ არ გეკადრება.

– საინტერესოა, გოგოებში ასეთი პოპულარული ბიჭი შეყვარებული თუ არის.

– შეყვარებული არ ვარ, ჩემი გული თავისუფალია.

– სერიოზული გრძნობა არ გამოგიცდიათ?

– კი, რა თქმა უნდა და ყველა ურთიერთობის დასასრულს ახლავს ტკივილიც, მაგრამ დრო ყველაფერს კურნავს.

– რა არის მთავარი ღირებულება თქვენთვის, გოგოში რას ეძებთ?

– რა თქმა უნდა, არის საკითხები, რომლებიც ყველაფერს აზიანებს და ამის შემდეგ აღარც ღირს ურთიერთობის გაგრძელება, მაგალითად, ღალატი. სხვა მხრივ არ მაქვს კონკრეტული შეხედულებები, თუ როგორი გოგო მჭირდება გვერდით. ყოველთვის ყველაფერი ინდივიდუალურია.

ვერ ვიტყვი, რას ვეძებ გოგოში. გაცნობის შემდეგ ურთიერთობიდან ვხვდები, რა მომწონს ამა თუ იმ ადამიანში. არასდროს მიფიქრია, ქერა მომწონს თუ შავგვრემანი, არც ხასიათებში მაქვს წითელი ხაზები. როცა ურთიერთობა იწყება, თავისთავად ვხვდები, ჩემი ადამიანი არის თუ არა.

– ალბათ ხშირად უკითხავთ, თქვენი გმირის მსგავსად  შეგყვარებიათ თუ არა ქმარშვილიანი ქალი.

– არა, ნამდვილად არ მქონია ასაკით დიდ ქალთან რომანი, თუმცა ცხოვრება წინ არის და არავინ იცის, რა მოხდება. სადაც სიყვარულია, იქ ასაკს მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, სიყვარული იყოს, თორემ შეიძლება წყვილები დიდი ასაკობრივი სხვაობის ფონზე უფრო ბედნიერები იყვნენ, ვიდრე ერთი წლოვანების ცოლ-ქმარი. ისე, სერიალში ქალს ქმარი ჰყავს და ეს უკვე რთული საქმეა.