„უკვე შეიძლება გაგიმხილოთ…“ – გიორგი არველაძემ უკრაინელი ბავშვი იშვილა

ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, გიორგი არველაძემ უკრაინელი ბავშვი იშვილა. ამის შესახებ იგი სოცილურ ქსელში წერს.

„მეგობრებო, პირადი ცხოვრების აფიშირება არ მიყვარს, მაგრამ ეს სიხარული მინდა გაგიზიაროთ. უკვე შეიძლება გაგიმხილოთ, რომ 5 შვილის მამა ვარ! გაიცანით, დავით არველაძე!

ჩემი და ანასტასიას სიცოცხლე და სიხარული.!!! დავითი სამყაროს საჩუქარია ჩვენთვის. ერთი წლისა სულ ახლახანს შესრულდა, მაგრამ უკვე დიდი გმირია. უკვე ბევრი გასაჭირი გამოიარა, მაგრამ გადარჩა! დაბადებაც რთული ჰქონდა, მაგრამ არ დათმო სიცოცხლე. დაიბადა და მარტოდ-მარტო დატოვეს ცხოვრებასთან… მერე, სულ სამი თვის იყო როცა მის თავზე ბომბებმა დაიწყეს აფეთქება… როცა ხარკოვიდან გამოვიყვანეთ, დავითი ყველაზე პატარა იყო ჯგუფში, სანამ თავშესაფარს მიაღწევდა, მარტის ცივი ღამეების სარდაფებსა და გაყინულ შენობებში გატარება მოუწია, მაგრამ კაცურად გაუძლო. აცრილი ერთხელაც არ იყო, მაგრამ უფრო ძლიერი აღმოჩნდა ვიდრე ყველა ვირუსი.

დიდი მადლობა ალა ტიხომირენკოს, ბავშვთა სახლის დირექტორს, რომელმაც არცერთი წამით არ მიატოვა ბავშვები და სიცივეში, ტანზე მიკრული რძის ბოთლებით, უთენებდა დავითს ღამეებს, რომ ბავშვს ოდნავ თბილი საკვები მაინც ჰქონოდა.

ანასტასიასა და ჩემთვის კი,დავითი ერთი ნახვით სიყვარულია. განსაკუთრებით ანასტასიასთვის. რა წამსაც პირველად ნახა და ხელში აიყვანა, იმ წამიდან აღარ მოშორებია, იმ წამიდან მისი სამყაროს ცენტრად იქცა. იმ წამიდან, მასში ისეთმა დედამ გაიღვიძა, ცქერით რომ ვერ დატკბებით. იმ წამიდან არ შეუწყვეტია მასზე ზრუნვა, მისი ფერება, მასთან თამაში. ბედნიერებაა ამის ყურება, იმიტომ, რომ ქალში ყველაზე დიდი სილამაზე კარგი დედობაა.

აქამდე ვერ გიმხელდით, რადგან იურიდიული პროცედურები არ იყო დასრულებული. ახლა იმ სტადიამდე მივედით, რომ შეგვიძლია გაგიმხილოთ, რომ დავითი ჩვენი სისაყვარლის ბუშტი შვილია – ანასტასიასთვის პირველი, ჩემთვის მეხუთე, თუმცა ორივესთვის მეხუთე.

ხო, ამბობენ რომ გვგავს. დიახაც გვგავს, და უფრო მეტად გვემგვანება. ჩვენი შვილია და მაგიტომ“,- წერს გირგი არველაძე და ფოტოებსაც აქვეყნებს.