როგორ დაბლოკა ნუცა შანშიაშვილი ალა პუგაჩოვამ და რამდენს სთხოვდა მას იგორ კრუტოი წარმატების სანაცვლოდ

ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ რუსულ გადაცემაში გაიხსენეს წლების წინანდელი ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ დაბლოკა ქართველი მომღერალი ნუცა შანშიაშვილი ალა პუგაჩოვამ მისი კარიერის დასაწყისში. ჩვენ ამ ამბის დეტალები ნუცასგან მოვისმინეთ.

ნუცა შანშიაშვილი: ინფორმაცია, რომელიც იქ გააჟღერეს – თითქოს მე დაუკითხავად ვიმღერე ალას სიმღერა, „აისბერგი“, არასწორია. ასე არ მომხდარა. ალას კლუბ „ფელინში“ შემთხვევით შევხვდი. 1995 წელს ერთ-ერთი კონკურსის ლაურეატი გავხდი და მთელი მოსკოვი აღფრთოვანებული იყო ჩემი გამოსვლითა და სიმღერით. რომანსი ვიმღერე და მეცვა კარლ ლაგერფელდის სრულიად გამჭვირვალე კაბა. ამას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ჩემს კადრებს ტელევიზიით ატრიალებდნენ. მაშინ ტელევიზიაში მოხვედრა ძალიან ძვირი იყო და მეკითხებოდნენ, რამდენი გადაიხადეო. რეალურად, მე არაფერი გადამიხდია, ჩემს კადრებს თავისი სურვილით ატრიალებდნენ. მოკლედ, ხმაურიანი პერიოდი იყო. ამის შემდეგ სხვადასხვა კლუბში მპატიჟებდნენ. როგორც გითხარით, ერთ-ერთ საღამოსაც კლუბში ვმღეროდი, როცა კარი გაიღო და შემოვიდნენ ალა ბარისოვნა, ფილიპ კირკოროვი და სხვები. მე ამ დროს ჩემს დაწერილ სიმღერას ვმღეროდი. ალა გაგიჟდა, ისე მოეწონა. სიმღერას რომ მოვრჩი, მითხრეს, რომ თავისთან მეძახდა. მასთან მე და ჩემი დირექტორი მივედით. მითხრა, ძალიან ნიჭიერი ხარ და სტუმრად შემომიარეო. ალასგან ეს ბევრს ნიშნავდა. მერე გავიგე, ინტერვიუში უთქვამს, არის ასეთი ქართველი გოგო, სახელად ნუცა, რომელიც ძალიან ნიჭიერი მომღერალიაო. როცა ერთი ნიჭიერი ადამიანი მეორე ნიჭიერს ხედავს, გამორიცხულია, არ აღფრთოვანდეს და არ შეაქოს. ძალიან დახშული უნდა გქონდეს გონება ან ძალიან ბოროტი უნდა იყო, რომ სხვისი ნიჭი არ აღიარო. ვხედავდი, რომ ალა ჩემით აღფრთოვანებული იყო. მერე მართლაც მივედი მასთან სტუმრად. მითხრა, შენი სიმღერები ჩამირთეო და მეც მოვასმენინე ჩემი დაწერილი როკბალადები. რომ მოუსმინა, იმდენად აღფრთოვანდა, ათი ყუთი თავისი კასეტები გამომიტანა, ხელში მომცა და მითხრა, მალე ჩემი საიუბილეო კონცერტი იქნება, ამ სიმღერებიდან, რომელიც გინდა აირჩიე და იმღერე. მე შენ ამ კონცერტზე გამოგიყვანო. დავიბენი. მერე, თვითონ მომცა ერთ-ერთი თავის ცნობილი სიმღერა, მაგრამ უცებ დაფიქრდა და მითხრა: ეგ – არა, მე აქამდე ეს სიმღერა არავისთვის მიმიცია, მაგრამ შენ როკბალადებს ისე მღერი, „აისბერგი“ უნდა შეასრულოო. ძალიან შემეშინდა, როგორ გეკადრებათ, ალა, „აისბერგი“ თქვენ შემდეგ როგორ ვიმღერო-მეთქი და არა, შენ ამას ისე შეძლებ, როგორც სხვა ვერავინო. მართლაც, წავედი და ჩავწერე ეს სიმღერა და ცხონებულ ბორის მოისეევთან ერთად გასტროლზე წავედი. მაშინ ბორისს და ალას გაფუჭებული ჰქონდათ ურთიერთობა და პრაქტიკულად, მე შევარიგე. ალას ვუთხარი, ბორისს ისე უყვარხარ, შენზე უამრავ კარგს ლაპარაკობს-მეთქი. ამ დროს არ იყო ასე, მაგრამ ასე ვუთხარი და პრინციპში, შევარიგე. მერე გასტროლებზე წავედით და ბორიამ რომ მოისმინა ჩემ მიერ შესრულებული „აისბერგი“, მითხრა, იცი, რომ შენ ალასთან არ იმღერებო?! გამიკვირდა, რატომ-მეთქი? არ გამღერებენ, შოუბიზნესი „ერთი ჯიბის ბიზნესია“ და შენ ვინ გაგიშვებსო?! არ ვიცი, მერე რა მოხდა, მაგრამ ფაქტი ფაქტია. მიუხედავად იმისა, რომ ალასთან საუბრის შემდეგ ჩემთვის წარმოუდგენელი იყო, როგორ შეიძლებოდა, არ მემღერა, რომ დავბრუნდი და დავრეკე, ალამ მითხრა: ჩემო ძვირფასო, ძალიან ბევრი ხალხი გამოდის და ალბათ, ვერ იმღერებ, იმიტომ, რომ ეთერში ვერ მოხვდებიო. არ მინდა ეთერი, ისე ვიმღერებ-მეთქი, ვუთხარი. არა, ისე სიმღერას რა აზრი აქვს, არ გინდა. არა, ვერ გამოხვალო. მოკლედ, უარი მითხრა. ეს ჩემთვის პირველი დარტყმა იყო შოუბიზნესში. ეს იყო პირველი გულისტკენაც და იმედგაცრუებაც.

– სიტუაციაც გაურკვეველი იყო, ინიციატივა ხომ მისგან მოდიოდა.

– აბსოლუტურად მისი ინიციატივა იყო. ალას მე დღესაც შოუბიზნესის ქალღმერთს ვეძახი. მისნაირი მომღერალი რუსეთს არ ჰყოლია და სავარაუდოდ, არც ეყოლება. გენიალური მომღერალია. რა მოხდა, ამას აღარ ჩავძიებივარ, თუმცა, კარგად მახსოვს, მოსკოვის ქუჩებში რომ მოვდიოდი და ვტიროდი. ცხოვრებაში პირველად ვერ წარმომედგინა, რომ ისეთ დიდებულ მომღერალს, რომელიც ჩემთვის დედოფალი იყო, შეეძლო, ასეთი რამ გაეკეთებინა. თან, მე ჩემი თავის ფასიც ყოველთვის ვიცოდი და ვერ ვხვდებოდი, რატომ უნდა მოვესროლე ასეთ ადამიანს. ეს ჩემთვის ძალიან დიდი დარტყმა იყო.

– არ დაინტერესდით, რატომ მოხდა ასე?

– არ ჩავძიებივარ, მაგრამ მერე, გასტროლებზე რომ დავდიოდი, სხვა ვარსკვლავები მეუბნებოდნენ რაღაცებს. შეიძლებოდა, ეს, უბრალოდ, მათი ჭორაობა იყო: აი, ალა ასე უკეთებს ხალხს, არ არსებობს, ის შენ არ გაგიშვებს… მაგრამ მე ამის არ მჯეროდა. რეალურად, მე რომ დიდი „მაყუთი“ მქონოდა, ასე არ მოხდებოდა. თავის დროზე მე იგორ კრუტოიმაც მითხრა, გენიოსი მომღერალი ხარ, ქედს ვიხრი, მაგრამ მიდი ისევ, ვინმე ქართველისგან მოიტანე ერთი 50 ათასი დოლარი და ხვალვე ეთერში იქნები ჩემი სიმღერებითო.

– ცნობილია, რომ ალა ძალიან ბევრს წყვეტს რუსულ შოუბიზნესში. მოჰყვა ამ უარს ჯაჭვური რეაქცია?

– კი, მაგრამ მე ეს ამბავი ალასთან არასდროს დამიკავშირებია. რუსეთში, ხალხისგან განსხვავებით, მაღალ ეშელონებში შენი ნიჭი არ აინტერესებთ. ხალხს უნდა ნიჭიერი ადამიანები, მაგრამ ხალხამდე მისვლა ძალიან რთულია. იმიტომ, რომ იმ უგემოვნო კასტაში, რომელიც მართავდა და მართავს ამ „შოუბიზნესს“, გემოვნებიანი ადამიანისთვის ადგილის მოპოვება ძალიან რთულია. ხომ იცით, ნათქვამია, „მოეხმარეთ ტალანტებს, უნიჭოები თვითონ გაძვრებიანო“. მე მახსოვს ალას ძალიან მაგარი სიტყვები – „რაც არ უნდა მოხდეს შენს ცხოვრებაში, გახსოვდეს, რა არის ყველაზე დიდი წარმატება, ანუ, არასდროს გაჩერდე, სულ იმუშავეო“. მე ძალიან მადლობელი ვარ ამ ქალის, მან დიდი სტიმული მომცა. კი, მე იმედი ძალიან გამიცრუვდა, მაგრამ უნდა ავმძვრალიყავი მის ნიჭზე მაღლა და მასზე გადამებიჯებინა. ეს ჩემთვის ძალიან დიდი მოტივაცია იყო. ალა რომ არ ყოფილიყო, მე, ალბათ, ნიუ-იორკშიც არ აღმოვჩნდებოდი. მე ძალიან აზარტული ადამიანი ვარ. გაუჩერებლად ვწერდი სიმღერებს, ეთერიდან მჭრიდნენ, მაგრამ ჩემი საქმის კეთებას ვაგრძელებდი იქამდე, სანამ ისევ შემთხვევით არ მომისმინეს ელენა ობრაზცოვამ – ოპერის მსოფლიო დივამ და უდიდესმა უკრაინელმა რეჟისორმა რომან ვიკტიუკმა. იქ მე ვიმღერე ედიტ პიაფი, რომლის დასრულების შემდეგაც, ორივე ფეხზე წამოდგა და ტაში დამიკრეს. რომან ვიკტიუკი მოვიდა და მითხრა, მე ვიპოვე ჩემი ედიტ პიაფი, შენ გაძლევ ამ როლსო. ყველაფერი მარგალიტის მძივივით აეწყო. მე ვითამაშე ეს როლი და ჩემთვის რუსული შოუბიზნესი უინტერესო გახდა. უდიდესი კარი გაიღო, დაიწყო ძალიან დიდი გასტროლები რუსეთში, უკრაინაში, ევროპაში, ამერიკაში. ამ სპექტაკლს მოჰყვა ჩემი ორი სოლო კონცერტი. შემდეგ ელენე ობრაზცოვამ შემომთავაზა, ერთად გაგვეკეთებინა კონცერტი. მითხრა: მე ოპერის დივა ვარ და შენ კი ჯაზდივად მიმაჩნიხარ და მოდი, ერთად გავაკეთოთ კონცერტიო. ამას ისეთი თავისუფალი და ბედნიერი არსებობა მოჰყვა, რომ ვერ აღვწერ. თუმცა, ერთ რამეს ვიტყვი, დღეს, როდესაც ალამ გამოთქვა თავისი პოზიცია გარკვეული პრობლემების მიმართ, ანუ, როდესაც პოლიტიკაში ჩაერთო, მაშინ დაიწყეს ამ ამბების ამოქექვა. მაშინ რომ დავეცავით, როცა ალა რუსეთის მთავრობის მხარეს იყო, არა?! მაგრამ მათ თავიანთი გარჩევები აქვთ და მე ამაში არ ვერევი. მთელი გულითა და სულით ვუსურვებ წარმატებას და წინსვლას ალასაც, მის ქმარსაც და მთელ მის ოჯახს. რაც იყო იყო, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ჩემთვის ძალიან დიდი გაკვეთილი გამოდგა. არაერთხელ უთქვამთ და ეს ჩემს თავზეც გამოვცადე, მოსკოვი არის ქალაქი, რომელსაც შეუძლია, ადამიანი ხერხემალში გადატეხოს, ნიუ-იორკმა კი საერთოდ, მიწასთან გაგასწოროს. თუ მოსკოვში გაგიძლებს ხერხემალი, ესე იგი, შეგიძლია, შორს წახვიდე და მეც მოვედი ნიუ-იორკამდე. აქ მივაღწიე იმას, რასაც მოსკოვში ვერ მივაღწევდი. ყველა სოლო კონცერტი ანშლაგით შედგა, ეს უდიდესი ბედნიერებაა.

– მიუხედავად ამ ძალიან მტკივნეული გამოცდილებისა, ახლაც ისე აფასებთ ალას, ეს როგორ შეძელით?

– ძალიან დიდი განსაცდელია ადამიანისთვის ვარსკვლავობა, თან ისეთი დოზით, როგორიც ალას ერგო წილად. ბევრის ტვინი ვერ უძლებს მსგავს ემოციას. ვიცით, როგორ ტრაგიკულად დაუსრულებია ბევრს ცხოვრება. უნდა შეძლო და ეს უდიდესი ენერგია გაატარო გონებაში, ისე, რომ არ დაეცე და არ გახდე ამპარტავანი. მე დღემდე ღმერთს ვთხოვ, არცერთმა ჩემმა დიდმა წარმატებამ არ გამომაშტეროს, არ გამხადოს ამპარტავანი და ქედმაღალი ადამიანი. ვიცი, რომ მერე ადამიანი ამისთვის ძალიან ისჯება.

მაშინ პატარა ვიყავი და ვერ გავიგე, რატომ არ უნდა მემღერა კონცერტზე, ლამაზს, გამხდარს, მშვენიერს და უდიდესი ხმის პატრონს. დავდიოდი და ვტიროდი, მაგრამ მშველოდა რწმენა ჩემი თავის და ღმერთის, რომელსაც ყოველთვის სწორ გზაზე მივყავარ. უზენაეს ძალასთან ყოველთვის ვიყავი კონტაქტში და ეს მაძლიერებდა. მეხმარებოდა ჩემი მსუბუქი, მხიარული და არაბოღმიანი ხასიათიც. ეს არის ჩემი წარმატების ერთ-ერთი საფუძველი.