მომღერალი ნუცა ბუზალაძე საცხოვრებლად დუბაიში გადავიდა. მისი “ინსტაგრამიდან” თუ ვიმსჯელებთ, ახალგაზრდა ქალის არაბული ცხოვრება ნამდვილად ვარსკვლავურია. ყოველ საღამოს მდიდრულ წვეულებებზე ჩნდება, სცენაზე ორკესტრთან ერთად მღერის. სახელი ნუცა სულ უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება დუბაის მუსიკალურ ინდუსტრიაში.
რას ფიქრობს მის შესახებ თბილისში გავრცელებულ ჭორებზე და როგორია მისი ცხოვრების წესი უდაბნოში გაშენებულ ცათამბჯენების ქალაქში, ამის შესახებ ნუცა ბუზალაძე ,,სარკესთან” საუბრობს.
– ისედაც ბევრს ჭორაობდნენ თქვენზე, რომ დუბაის შეიხზე იყავით შეყვარებული. ახლა იქ გადასვლა უფრო მეტად გაამყარებს ჭორებს.
– სულ მაგას ვამბობ, იჭორაონ, იჭორაონ! იქნებ მართლა გავიცნო ან შეიხი, ან პრინცი. ჯერჯერობით ნამდვილად არ გამიცვნია ასეთი ვინმე.
– თაყვანისმცემლები მაინც გაგიჩნდებოდნენ დუბაიში, თავისი ძვირფასი საჩუქრებით.
– ერთი უცნაურობა დავაფიქსირე დუბაიში, სრულიად უცნობი ადამიანები მიგზავნიან საჩუქრებს და ბოლომდე ინკოგნიტოებად რჩებიან. კონცერტის შემდეგ მხვდება საჩუქრები და არასდროს ვიცი, ვისგან. ყვავილები ყველაზე ბანალურია. სასმელიც გამოუგზავნიათ, ,,კარტიეს” სამაჯურიც დაუტოვებიათ, საყურეც. იმ თეატრში, სადაც ვმუშაობ, მენეჯერი მკაცრად მყავს გაფრთხილებული, რომ ჩემამდე არავინ მოვიდეს, ამიტომ მხოლოდ საჩუქრებს ტოვებენ.