27 წლის მოდელმა, მარიამ სანოგომ, ტელევიზიაში თავისი ადგილი უკვე კარგად დაიმკვიდრა. 5 წლის წინ ამინდის გამომცხადებლად გამოჩნდა ეკრანზე და შემდეგ ბევრი ეტაპი გაიარა, პირდაპირ ეთერში მუშაობა აითვისა და თამამი და უხერხული კითხვების დასმაშიც დაოსტატდა.
მას და მის ქმარს, გიორგი ლაშქარაძეს, 3 წლის ბიჭუნა ზურაბი ჰყავთ. ცოლ-ქმარს, როგორც მარიამმა ,,სარკეს” უთხრა, ერთობლივი ცხოვრებისადმი არასტანდარტული მიდგომები აქვთ და ამით უმკლავდებიან ყოფით რუტინას.
– როგორ გახსენდებათ პირველი ნაბიჯები, რომლებსაც პოდიუმზე დგამდით, არ გენატრებათ ეს საქმე?
– პოდიუმზე გამოსვლის მონატრება ყველა მოდელს აქვს. ძალიან კარგი მოგონებები არის ჩემთვის მოდელობის პერიოდი, მიყვარდა ეს პროფესია, მაგრამ ბევრი რამ გადავაფასე და მივხვდი, რომ დიდ ფსიქოლოგიურ წნეხთან არის დაკავშირებული. არ მომწონს, ამ უდიდეს ინდუსტრიას როგორი გავლენაც აქვს ადამიანების ცხოვრებაზე. სამწუხაროდ, ამ სფეროში არსებულ ბევრ უსამართლობას ვერც ერთი მოდელი ვერ უმკლავდება.
– რას გულისხმობთ?
– თუნდაც ის სტანდარტი, რომ სამოდელო სფეროში 90-60-90-ია მიღებული. სინამდვილეში მოთხოვნები ამ ზომებზე უფრო ნაკლებია. ზოგადად არ მომწონს ქალის სხეულის მიმართ დამოკიდებულება.
ბევრი სტრესი მიმიღია, მათ შორის ალბათ უმნიშვნელოვანესია წონის კონტროლი. როდესაც 16 წლის ასაკში უკვე იწყებ ისტერიკულად კილოგრამების თვლას, ეს დიდი სტრესია. ნორმალური ადამიანები დღეში სამჯერ ხომ არ იწონებიან, მოდელებისთვის კი ეს ჩვეულებრივი რუტინაა. მე ყოველთვის დიდი ზომის ვიყავი, მართალია, ყველა დიზაინერს გამოვყავდი პოდიუმზე, მაგრამ მუდმივად იყო მოთხოვნა, იქნებ ცოტა დაიკლო წონაშიო.
– გვიამბეთ, როგორია თქვენი ოჯახური ცხოვრება, რა ტიპის დიასახლისი ხართ?
– ქართული გაგებისთვის არატრადიციულ ოჯახს წარმოვადგენთ. როდესაც ოჯახს ქმნი, სტანდარტებს არ უნდა მიჰყვე, არ უნდა ჩამოაყალიბო სტერეოტიპები, ვინ რა უნდა გააკეთოს. ვცდილობთ, ყველა საოჯახო საქმეში თანაბარი პასუხისმგებლობა ავიღოთ. მაგალითად, ბავშვის მოვლაში ჩემი ქმარი კი არ მეხმარება, არამედ ერთად ვუვლით. ჩვენს ოჯახში დემოკრატიაა.
– ქმარს იშვიათად აჩენთ. რატომ? პოპულარული ცოლის ფაქტორი აკომპლექსებს თუ საერთოდ ჩრდილში ყოფნა უყვარს?
– ჩემს ქმარს პოპულარული ცოლის კომპლექსი არ აქვს, პირიქით, ძალიან უხარია ჩემი წარმატებები, ყოველთვის მგულშემატკივრობს და ნომერი პირველი მრჩეველია ჩემთვის, დაწყებული ჩაცმიდან დამთავრებული კარიერული საკითხებით. თავად არანაირი სურვილი არ აქვს, რომ საჯარო ცხოვრებაში ჩაერთოს. პრინციპში, არც მე მაქვს დიდად ბობოქარი და საჯარო ცხოვრება.
– აღნიშნეთ, რომ მოდელობაში ყველაზე მეტად დიეტომანიას ვერ იტანდით, თქვენი ახლანდელი სხეული არ მოითხოვს განსაკუთრებულ ზრუნვასა და დიეტაზე ყოფნას?
– სიმართლეს გეტყვით – სახლში საერთოდ არ მაქვს სასწორი. მაქვს სარკე, რომელშიც ვიყურები და, თუ მომწონს ჩემი თავი, კმაყოფილი ვარ. ხალხი იმიტომ თვლის, რომ იდეალურ ფორმაში ვარ, ჩემი თავი მყავს მიღებული და აბსოლუტურ ჰარმონიაში ვარ. იდეალური სხეული არ არსებობს, ყველაფერი საკუთარი თავის აღქმიდან მოდის. ჩაცმაშიც არ ვიყენებ კრიტერიუმებს. საერთოდ არ ვთვლი, რომ მაღალ ქალს უხდება გრძელი კაბა, დაბალს – მოკლე. მთავარია, რაც შენ მოგწონს, ის ჩაიცვა.
გარეგნობაში არასოდეს არაფერი გამიკეთებია და არც ვაპირებ. ხშირად ვიღებ საცურაო კოსტიუმებში სურათებს, სადაც ძალიან კარგად ჩანს ფეხმძიმობის შედეგად დატოვებული სტრიები. ორსულობისას 40 კილო მოვიმატე. საკმაოდ რთულად დავიკელი და მას შემდეგ ვთვლი, რომ ეს სტრიები არის ჩემთვის საამაყო დეტალი. ეს ნიშნავს იმას, რომ მე მყავს შვილი და ეს არის ჩემი გარეგნობა. ქალს არავისთვის აქვს ბოდიში მოსახდელი, რომ შვილის გაჩენის გამო შეიძლება სხეულმა დეფორმაცია განიცადოს.
სიმართლე რომ გითხრათ, თავიდან გამიკვირდა, როცა სტრიები ჩემს სხეულზე დავინახე, ეს ბედნიერებად ნამდვილად არ აღმიქვამს, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ეს არის ცხოვრება, როგორიც იყავი 15 წლის ასაკში, ისეთი ვერ იქნები 27 წლის ასაკში. სხეულზე ტატუ არ მაქვს, ამიტომ ეს სტრიები იქნება ნიშანი, რომელიც ეძღვნება ჩემს შვილს. არ მიყვარს, როდესაც ადამიანები ბუნების წინააღმდეგ იბრძვიან.