როგორ გახდა მიშა ანდღულაძე აბიტურიენტი და რატომ მიიჩნევს ის თავს უმუშევრად, ამის შესახებ ჩვენს ინტერვიუში წაიკითხავთ.
– მიშა. შენი ცხოვრების შესახებ ბევრმა იცის, ბევრმაც არაფერი იცის. ყოველ შემთხვევაში, როგორც ცნობილებზე, შენ შესახებაც ყველას ყველაფერი აინტერესებს. გახდა თუ არა შენი მძიმე წარსულის თავის არიდებისა და იქ გაქცევის საბაბი, სადაც ადამიანები სულ ხუმრობენ, იღიმიან, ლამაზ შოუებს აწყობენ? ყველაფერი ეს კი უცებ შენს პროფესიულ საქმიანობად იქცა და შინაგანადაც შეინარჩუნე იუმორი?
– არა, არა! ეს არაფერ შუაშია აქ. ჯერ ერთი, მე არ მიმაჩნია, რომ პროფესიას ჩვენ ვირჩევთ და პროფესიას ვარქმევთ რაღაცას. ნებისმიერი რაღაც არის ჩვენი პროფესია, რასაც ჩვენ ყოველდღიურად ვაკეთებთ, რუტინაში. ყოველ შემთხვევაში, მე, ყველაფერს ვუყურებ პრაქტიკით, გაგებით, რა გამოცდილებაც ჩვენ გვაქვს, როგორ გავიგეთ ის საგანი. როგორ ფორმას და მიმართულებას მივცემთ, ყველაფერი ისე მიდის. როგორც ყველა ადამიანი, თავის დაღწევას მეც ბევრი რაღაცისგან ვცდილობ. ჩემს დღევანდელ საქმიანობაზე წარსული ცხოვრებისეული გამოცდილება და პრაქტიკა, რა თქმა უნდა, უდიდეს გავლენას ახდენს, შეიძლება, თავი მსახიობად არ მიმაჩნია, მაგრამ ვფიქრობ, კარგი შემსრულებელი ვარ – ნამდვილად შემეძლო ადამიანებზე დაკვირვება, კარგად გამომდიოდა და კარგადაც ვერთობოდი. ამიტომ, ვისაც რისი უნარი აქვს, შეუძლია, იმ შემოქმედებით საქმიანობას მიმართოს, შეიძლება, ეს ლიტერატურა იყოს, თეატრი, კინო, მხატვრობა და ასე შემდეგ, აღარ მინდა, პირად თემაზე საუბარი, ვინაიდან ამან დედაჩემზე მძიმედ იმოქმედა. რას ვიზამთ, ჩვენ ვერ შევცვლით წარსულს, ვერ შევცვლით ადამიანებს, ყველას განსხვავებული გამოცდილება გვაქვს, მძიმეც, მსუბუქიც, მაგრამ როდესაც ადამიანის ჯანმრთელობას ეხება საქმე, რაც არ უნდა მართლები ვიყოთ, უნდა გავჩერდეთ. ამიტომ, მინდა, ამ თემას მოვერიდოთ. სიმართლე გითხრათ, ზოგადად, მე თავს დღემდე უმუშევრად ვთვლი, იმიტომ რომ, რაც მინდოდა, იმას ბოლომდე ვერ ვაკეთებ.
– რა გინდოდა?
– მინდოდა, მხატვარი და მუსიკოსი გამოვსულიყავი. ამიტომ, მე დღეს დროებით დასაქმებული კომედიანტი მქვია.
– მეც ასე მგონია, რადგან სრულიად შემთხვევით მოხვდი ამ ამბებში.
– ყოველთვის ვიღებდი სიამოვნებას იმით, რასაც ვაკეთებდი. დღეს შეიძლება, ამას ვაკეთებდე, ხვალ – სხვა რამეს. პროფესიას არ ვუყურებ. სულ ვეძებ რაღაც ახალ გზას, შესაბამისად, დღეს ეს ახალი გზა მაქვს. ვფიქრობ, კომედიურ ნაწილში საკმარისი გავაკეთე იმისთვის, რომ დღეს რაღაც შევცვალო და ვცვლი კიდეც. ახლა დაინტერესებული ვარ რეჟისურით, ლიტერატურით, წერით. ეს ყველაფერი ცოცხალი პროცესია. პარალელურად, აბიტურიენტი ვარ. მომავალ წელს კინოსარეჟისოროზე ვაბარებ, ნაწილობრივ – აქეთ, ნაწილობრივ – საზღვარგარეთ, ანუ იქაც ვაპირებ ამ კუთხით კურსი გავიარო. ასე რომ, 17 წლის ბავშვებთან ერთად, მეც აღმოვჩნდები ეროვნულ გამოცდებზე. დედაჩემს დავაყენებ გაზეთით ხელში იმ სიცხეში, როგორც დგანან ხოლმე დედები – აბა, რა ქნა ჩემმა ბავშვმა… ამ ეტაპზე მეორე წიგნის წერის პროცესში ვარ.
– დაუჯერებელია, კომედი მსახიობი უცებ მწერლად რომ გევლინება. ერთი წიგნი უკვე გამოცემული გაქვს.
– ეს არის მხატვრული რომანი, სადაც ყველაფერი ახლანდელ დროში ხდება. თემა კრიმინალური ქართული საბჭოთა ეკლესიაა, რომელიც დღესაც სახეზე გვაქვს, აქ პირადი გამოცდილებაცაა. ამ რომანში ჩემი ბიოგრაფიული ისტორიებიცაა შესული. ძირითადად, მაინც, სოციალურ-პოლიტიკურ-რელიგიური თემებია. მეორე წიგნი უფრო ტელევიზიაზეა, უფრო მეტად ბიოგრაფიული. ვწერ ისე, როგორც მხატვრული ფორმა ითვალისწინებს. ზოგადად, ლიტერატურით ძალიან გვიან დავინტერესდი, კითხვაც ძალიან გვიან შევიყვარე.
– არადა, ეკრანს ისეთი მიჯაჭვულობა ახასიათებს… რაღაც ნარკოტიკივითაა. არ მოგენატრება?
– ლიტერატურა და კინო – ესაა ის მომავალი, რაშიც მინდა ვიყო. საერთოდ, ნებისმიერი რაღაც, რაც სიამოვნებას განიჭებს, იქ უნდა იყო, კი ბატონო, დავარქვათ ამას საწამლავი, ნარკოტიკი. რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, ეს უფრო მნიშვნელოვანია, რამდენად არის ჰარმონიაში ჩვენს ემოციურ მდგომარეობასთან. პურს გამოაცხობ თუ პრეზიდენტი იქნები, მთავარია, შენ რას განიცდი ამისგან?
– ჩვენ ის ხალხი ვართ, ვისაც არ მოსწონს, არ სიამოვნებს შენიშვნები. ეს იმდენად უსიამოვნოა ზოგი ადამიანისთვის, რომ შეიძლება, ჭკუიდანაც შეშალოს.
– შენიშვნები არ გვიყვარს. როგორ შეიძლება, ვიღაცამ ჭკუა მასწავლოსო, ფიქრობს. ამერიკულ „ღამის შოუს“ ჰქონდა ქუჩაში გამოკითხვა. აჩერებდა ამერიკელებს და ეკითხებოდა: როგორ ფიქრობთ, თქვენ სულელი ხართ თუ არა? აქედან, უმეტესობა პასუხობდა, რომ სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში ვარო, ზოგს ეღიმებოდა და კითხვას უპასუხოდ ტოვებდა. ასეთი გამოკითხვა საქართველოში რომ ჩაატარო, შეიძლება, ვიღაცამ თავიც გაგიტეხოს, მოდი, აბა, ვცადოთ, რა განსხვაება იქნება. ვითომ შეურაცხყოფილად ჟღერს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა – ვართ თუ არა სულელები და დღეში რამდენჯერ ვართ.
– ვართ ხომ სულელები?
– მე სწორედ ეგ ვთქვი, არამცთუ ვართ, პირიქით რაც უფრო მეტად დავითვლით, რამდენჯერ ვართ დღეში სულელები, დამიჯერეთ, ბევრად მაგარ შედეგს მივიღებთ, მაგრამ არ ვსვამთ ამ კითხვებს. ვერ წარმოუდგენია ქართველს საკუთარი თავი სულელი. შოთას, ილიას შთამომავალი როგორ შეიძლება, სულელი იყოს?! რას ამბობ?
– რა გახასიათებს სისულელეების ნაწილში?
– ბევრი რამე, თუნდაც, არაპუნქტუალობა, გონებაგაფანტულობა, დროის არასწორად დაგეგმვა, იმდენი რაღაცის საკუთარ თავზე აღება, რასაც ვიცი, რომ ვერ გავწვდები.
– არ ყოფილა ეგ სისულელე. უბრალოდ, თვისებებია, რაც ჩვენ გვახასიათებს. დილით ძილის სინდრომი შენც გჭირს?
– დილით მიჭირს ადრე ადგომა, როგორც ძალიან ბევრს. ეს პიროვნული ამბავია. ყოველ შემთხვევაში, ველოდები იმ გამოგონებას, რაც ძილს ორ საათამდე შეამცირებს. ილონ მასკის და ბრიტანელი მეცნიერების იმედი მაქვს, რაღაც ტაბლეტს რომ დალევ და ორი საათი გეყოფა ძილისთვის. მიმაჩნია, რომ ცხოვრება, მაინც სიფხიზლის ამბავია და არა ძილის. ისედაც გვძინავს. ამ ძილში კი დრო იკარგება, რომელიც ასე ძვირფასია ჩვენთვის.
– რა გაკლია ცხოვრებაში?
– ალბათ, ჭკუა. როგორც დოჩანაშვილმა თქვა – რაც არ მაკლია, ესე იგი, ის მაქვს.