გასული წლების ცნობილი ტელეჟურნალისტი, აკაკი გოგიჩაიშვილი, უკვე წლებია, ბათუმში მუშაობს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიაში. როგორც თვითონ ამბობს, ის ეტაპი უდგას, როდესაც კამერების წინ დგომას საპროდიუსერო გუნდში ყოფნა ურჩევნია.
– ათეული წლები ეკრანზე იყავით. როგორ ფიქრობთ, მოენატრეთ მაყურებელს?
– ტელევიზია იმდენად სწრაფად იცვლება და ვითარდება, რომ არ მგონია, მონატრების შესაძლებლობას ტოვებდეს. ახალი ფორმატები, ინფორმაციის ახალი არხები, გადმოცემის ახალი ხერხები ისეთ დინამიკას ქმნის, რომ მუდმივად კიდევ უფრო მეტი სიახლის მოლოდინს უჩენს მაყურებელს და არა – მონატრების განცდას და ეს ძალიან კარგია, ეს იძლევა განვითარებას.
მე ამ პროცესში ვრჩები ახლა უკვე დირიჟორის, პროდიუსერის პულტთან, რაც გაცილებით საინტერესოა ჩემთვის.
– პროდიუსერობა საკმაოდ საინტერესოა, თუმცა ალბათ კამერების წინ დგომას და ეკრანს კიდევ სხვა ხიბლი აქვს. არ ფიქრობთ, დაუბრუნდეთ ტელეწამყვანობას?
– კამერის წინ დგომა ხიბლზე მეტად პასუხისმგებლობაა. დღეს კამერასთან წვდომა იმდენად გამარტივდა, რომ შეგიძლია 24 საათი იყო ეთერში ყველაზე იაფი მობილური ტელეფონითაც. არ გჭირდება ტელევიზია, სტუდია, ცოდნა, გამოცდილება, რასაც ცუდი ეფექტიც აქვს – დაკნინდა ტელეწამყვანის მნიშვნელობა, მაგრამ აქვს კარგი ეფექტიც, გაიზარდა კონკურენცია, რამაც ხარისხიც უნდა გაზარდოს. ვრჩები თუ არა კონკურენტუნარიანი ამ ახალ რეალობაში? ვფიქრობ, რომ ვრჩები და, თუ ჩემთვის საინტერესო პერსპექტივა გამოჩნდა, წინა ფლანგსაც დავუბრუნდები.
– თქვენი მეორე ნახევარიც, ტელეჟურნალისტი ნინო ხაჟომია, ერთი პერიოდი აჭარის ტელევიზიაში მუშაობდა. რას საქმიანობს ახლა?
– ნინო ვებგვერდის რედაქტორია. მართალია, დიდწილად დისტანციურად მუშაობს, მაგრამ ბათუმშიც ხშირად არის. უმცროსი ვაჟი ბათუმის სკოლაში დადის, უფროსმა თბილისის უნივერსიტეტში ჩააბარა და იშვიათად ახერხებს ჩამოსვლას. ოჯახი ახლა გაცილებით იშვიათად ვიკრიბებით ერთად, რაც მთავარი გამოწვევაა.
– სამსახურებრივ საქმეზე ცოლთან თუ გიკამათიათ?
– ხშირად ვმსჯელობთ და განვიხილავთ ერთმანეთის წინაშე მდგარ გამოწვევებს. ზოგჯერ კამათიც მოგვდის და ერთმანეთს ვეთანხმებით თუ არა, საბოლოო ჯამში, აზრებს ვითვალისწინებთ და ამას მხოლოდ დადებითი შედეგი მოაქვს.
– ეს კამათი სახლშიც გაგრძელებულა?
– კი, როგორ არა, სახლშიც, მანქანაშიც, წვეულებაზეც… ჩვენი სამსახურის სპეციფიკა სწორედ ის არის, რომ დაწყების და დასრულების საათები არ აქვს, მუდმივად მუშაობის პროცესში ხარ.
– როგორი ურთიერთობა გაქვთ თქვენს ბიჭებთან, როგორია თქვენი მამაშვილობა?
– უმცროსი ვაჟი ბათუმის სკოლაში დადის და, შესაბამისად, მე ვარ მისი მამაც და დედაც. უფროსს ამ ეტაპზე საკმარისად ხშირად ვერ ვხედავ, მაგრამ ყოველდღე ვსაუბრობთ თუნდაც რამდენიმე წუთით, დღის შთაბეჭდილებებს ვუზიარებთ ერთმანეთს. არაფერია უფრო ღირებული და მნიშვნელოვანი, ვიდრე შვილთან ურთიერთობა.