გადაცემის დახურვის შემდეგ, ირინა ტორონჯაძე განსაკუთრებით სოციალურ ქსელებში გააქტიურდა და ღიად საუბრობს ჩვენს საზოგადოებაში აქტუალურ და პრობლემურ თემებზე.
ირინა ტორონჯაძე: სატელევიზიო სივრცეში ჩემი გადაცემა რატომაც დაიხურა, ამის შესახებ უკვე ყველამ იცის და დახურვას რომ თავი დავანებოთ, მუშაობის რვა თვის განმავლობაში კარგად ვიგრძენი რამდენად ჩარჩოებში ჩასმული პროფესიაა ჟურნალისტიკა. ის იდეაში სიტყვის თავისუფლებას ემსახურება, მაგრამ პირიქით აღმოჩნდა. თავისუფლების ძალიან დიდი ხარისხით მივედი ტელევიზიაში და უცებ ჩარჩოებში აღმოვჩნდი, ეს ჩემს ჩაცმულობაზეც კი აისახებოდა. სტიუარდესის ფორმაში უნდა ვყოფილიყავი გამოწყობილი და სიტყვაც ასე მქონდა შემოსაზღვრული, რაც ჩემთვის ძალიან არასასიამოვნო აღმოჩნდა. როცა ყველაფერი გათამაშებულია, ეს აღარ არის ჩემთვის საინტერესო. როგორც კი მართლა მწვავე პრობლემურ თემებზე გავაკეთე გადაცემა, მაშინვე ჩემ წინააღმდეგ განეწყო მენეჯმენტი. ეს ჩემთვის ძალიან დიდი იმედგაცრუება იყო. თუმცა, იმედი მაქვს, რომ ტელესივრცეში სამომავლოდ მაინც გავაკეთებ გადაცემას ისე, როგორც მე მესმის. ამიტომ მიმიზიდა „ტიკ-ტოკმა“ და საერთოდ, სოციალურმა ქსელებმა, სადაც აუდიტორიას ძირითადად ახალგაზრდები წარმოადგენენ. ისინი უფრო გახსნილები არიან სიახლეების მიმართ. აბსოლუტური თავისუფლება არსად გაქვს, მაგრამ აქ გაცილებით მაღალია თავისუფლების ხარისხი და დაწყებული ჩაცმულობით და გაგრძელებული თემებით, შემიძლია ვიყო ის, ვინც ვარ. სოციალური ქსელი ჩემთვის არის გადარჩენილი თავისუფლების კუნძული, რომელიც შეიძლება, კარგი კუთხით დიალოგისთვის გამოვიყენოთ, თორემ მისი ნეგატიური მხარეების შესახებაც ყველამ ვიცით.
– ძირითადად, ქალები საკუთარი სექსუალობის წარმოჩენას, თუნდაც სამოსით, უფრო მეტად გათხოვებამდე ცდილობენ. შემდეგ თითქოს უფრო „კდემამოსილები“ ხდებიან. შენს შემთხვევაში პირიქით არის. სექსუალური იყავი მანამდეც, მაგრამ ახლა – უფრო დიდი დოზით…
– ჩემთვის სამოსი არ არის უბრალოდ ტანსაცმელი, ეს არის ჩემი მდგომარეობის გამოხატვის ფორმა. შესაძლოა, კარგად წერდე და წიგნი დაწერო, კარგი ორატორი იყო და კარგი სიტყვა წარმოთქვა, ასევეა სამოსი, ის ჩემი პიროვნების ნაწილია. ეს არ ნიშნავს, რომ მე კაბა განმსაზღვრავს, პირიქით, მე განვსაზღვრავ კაბას. კაბა, რომელსაც მე ვიცვამ, სხვანაირ სიცოცხლეს იძენს, მე ასე მგონია. ვიღაც სხვა რომ იცვამს – სხვა სიცოცხლის მატარებელია. სტილის განცდა ცალკე სიამოვნებაა, რომელიც მთელი დღე ამაღლებულ განწყობაზე გამყოფებს. სტილი არ არის უბრალოდ გაპრანჭვა, ეს მისი ძალიან გაუბრალოებული აღქმაა.
– სამოსის საკუთარი ხაზიც შექმენი…
– შეიძლება, შევიძინო კაბა, რომელიც მომწონს, მაგრამ ბოლომდე „მე არ ვარ“ და ამ საქმის მცოდნეს ჩემებურად გადავაკეთებინო. ან ნაჭერს ვიყიდი და ჩემი სურვილისამებრ მივცემ ფორმას. აუცილებელი არ არის „შანელი“ ან „დიორი“ გეცვას, მთავარია, სამოსმა სტილის განცდა გააღვიძოს შენში. კი, დავიწყე ჩემი ხაზის კეთება, მაგრამ ჩემი ყურადღება ახლა სხვა რამეზე გადაერთო – ვამზადებ პროექტს, რომელიც ჩემს ინტელექტუალურ ენერგიას მოითხოვს, ამიტომ ცოტა ხნით ყურადღება აქეთ გადმოვიტანე. თუმცა, ტანსაცმლის ხაზს აუცილებლად მივუბრუნდები. საერთოდ, ჩემში ბევრი ადამიანი ცხოვრობს. მიყვარს ლაპარაკი, ჩემი ვნებაა უფლებები და ინტელექტუალური მსჯელობები, მაგრამ იმავდროულად, მიყვარს დიზაინი, სამოსი და როგორც კი რომელიმეს
– კაცებს თითქოს აკომპლექსებთ ცოლის სექსუალობის გამოხატვა, თუნდაც სამოსში. ვიღაც რაღაცას იტყვის, ვიღაც თვალს გააყოლებს და ეს მათზე მოქმედებს. როგორ რეაგირებს მეუღლე?
– მინდა ვთქვა, რომ აშკარად ჩემი მეუღლის დამსახურებაა ის, რომ ბევრის თვალში, ძალიან შეიცვალა ჩემი შეფასების კრიტერიუმი. ანუ, რადგან გავთხოვდი და თან ვიღაც „ჩმორ ლიბერალს“ კი არა, ქართველ, ვაჟკაცურ ტიპაჟს გავყევი, ნიშნავს იმას, რომ მგონი, მართალს ვამბობდი – „ესე იგი, ეს გოგო რაღაც სწორს აწვებოდა“ (იცინის). იმდენად შეიცვალა მათი აღქმა ჩემდამი, მეუბნებიან, რომ მე შევიცვალე. ვიზუალურად ნამდვილად შევიცვალე, ათი კილოგრამი მაქვს მომატებული, მაგრამ ჩემში ფასეულობების ცვლილებები არ მომხდარა. მეუღლე ზუსტად იზიარებს ჩემს ღირებულებებს და მათში არაფერია შესაცვლელი. მე ვიცავდი დაჩაგრულ ქალებს და მათ უფლებებს საწყისის დონეზე და შეიძლება, ერთ დღეს ავდგე და ვთქვა, უი, აღარ ყოფილა საჭირო, არსად არ იჩაგრება ქალი-მეთქი? ეს ხომ სისულელეა და არასდროს მოხდება. რაც შეეხება საზოგადოების არასიამოვნო კომენტარებს, ლევანი მათ დიდად აღარ უყურებს. ასეთი თავდაცვითი სტრატეგია შეიმუშავა და მე ვეთანხმები. ვაღიარებ, იყო დაახლოებით ათამდე შემთხვევა, დაურეკავს, უგინებია, კონფლიქტამდე მისულა, მაგრამ მერე თვითონ მიხვდა, რამდენად უაზრო ადამიანებზე ხარჯავს ენერგიას და რატომ?! გადაწყვიტა არ წაიკითხოს კომენტარები, იმიტომ, რომ როგორც ქმარს, როგორც კაცს, ეს უცენზურო რეპლიკები იმპულსურად მაინც აღიზიანებს.
– საკუთარის შემდეგ, ყველაზე მეტად ხომ საყვარელი ადამიანის აზრი გვაინტერესებს და როგორია მეუღლის კომპლიმენტები და თუნდაც, შენიშვნები ვიზუალთან დაკავშირებით?
– ერთადეთი რასაც მეუბნება, არის – მოდი, უფრო მეტი ივარჯიშე, იმიტომ, რომ ორივეს ძალიან გვიყვარს მუცლის პრესი. მეც მინდა, პრესი დავიბრუნო. იმიტომ, რომ აქამდე ყოველთვის კუბიკები მქონდა და ჩემი ჩაცმის სტილი ტოპს გულისხმობდა. დანარჩენი ნამდვილად მოსწონს და არც კომპლიმენტებს მაკლებს. რომ გამოვიპრანჭები, კი გამომხედავს და იტყვის: ოჰოჰო, გამოიპრნაჭა და ახლა დაუწერენ ასე და ისე, მაგრამ ამას, რა თქმა უნდა, ხუმრობით ამბობს და ხვდება, რომ სინამდვილეში თუ გაპრანჭვასა და კეკლუცობაზე არის საუბარი, ეს მისთვის ხდება, მას ვეპრანჭები.
– საერთოდ, განვიცდით ხოლმე მომატებულ კილოგრამებს, მაგრამ შენ მშვენივრად მოირგე პლუს რამდენიმე კილოგრამი. ეს ცვლილება პანდემიამ გამოიწვია?
– პანდემიამ და დაქორწინებამ. პლუს ათი (იცინის). ყოველთვის 52 კილოგრამი ვიყავი, რაც ძალიან გამხდარს ნიშნავს. მომწონდა, ჩემი სხეული და ვირგებდი იმ სტილსაც, ნამდვილად კარგი აღნაგობა მაქვს, მაგრამ პლუს ათი კილოგრამიც ჯანსაღ ფარგლებში ჯდება. ქორწინების შემდეგ, დავიწყე საჭმელების კეთება. პანდემიის წყალობით კი, სახლში ვიყავით ჩაკეტილები და რა უნდა მეკეთებინა?! მეხმარება ქალი, რომელიც მოდის, ალაგებს და შეიძლება, საჭმელიც გააკეთოს, მაგრამ გადავწყვიტე თვითონაც მესწავლა კერძების მომზადება. ისეთი გაოცებული ვიყავი ქვაბში რომ წყალს ჩაასხამდნენ, კომბოსტოს ჩაყრიდნენ და იქიდან ბორში გამოდიოდა, ლობიოს გაკეთება და კატლეტის შეწვა ხომ საერთოდ, წარმოუდგენელი მეგონა. მოკლედ, ძალიან ჩვეულებრივი კერძის მომზადება ჩემთვის მიუღწეველი მწვერვალი იყო (იცინის). რომ დავიწყე კეთება და გემრიელი გამომივიდა, უფრო დავინტერესდი. თან, ქმარს რომ უმზადებ ამას კიდევ თავის „მუღამი“ აქვს და ყველაფერმა ერთად შეუწყო ხელი ჩემს წონაში მატებას (იცინის). არსებობს აზრი, რომ როცა ადამიანი ძალიან ბედნიერია, განსაკუთრებით კი ქალი, წონაში იმატებს. ანუ, კარგად თუ ხარ, გერგება. შეიძლება, ქვეცნობიერად ესეც დაემატა ობიექტურ პანდემიურ მიზეზებს და მიუხედავად იმისა, რომ წონაში მომატებაზე არ ვფიქრობდი, ასე მოხდა. სიმართლე რომ ვთქვა, ძალიან მომწონს ჩემი ახლანდელი ვიზუალი, მხოლოდ მუცლის პრესის დაბრუნება მინდა, სხვა მხრივ, თავს ძალიან კომფორტულად და ჯანსაღად ვგრძნობ.