ვერიკო ტურაშვილის ახალი, აზიურ მოტივებზე შექმნილი სიმღერა „ამან“ უკვე გაჟღერდა და მოწონებაც დაიმსახურა, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია. ვერიკოს ახალი პროექტი ალბომს ითვალისწინებს, რომლის სიმღერებსაც ნელ-ნელა ვიხილავთ.
ვერიკო ტურაშვილი: აზიური მუსიკისადმი ჩემი დიდი სიყვარულის შესახებ აქამდე მხოლოდ ჩემმა მეგობრებმა იცოდნენ. ძალიან მიყვარს როგორც ქართულ რეალობაში აზიურ მოტივებზე შექმნილი სიმღერები და ასევე, აზერბაიჯანული, არაბული და თურქული მუსიკა. პანდემიის პერიოდში ბევრი დრო მქონდა საფიქრალად, რასაც შემდეგ მოქმედებაც მოჰყვა. გადავწყვიტე, არა მარტო სიმღერები ჩამეწერა აზიურ მოტივებზე, არამედ მომეფიქრებინა მთელი კონცეფცია, როგორ შეიძლებოდა, მომერგო ეს მოტივები მე და ალბომის სახით, ქართულ ენაზე წარმედგინა ჩემი მსმენელისთვის. ბევრი ვიფიქრე. მე მიყვარს ნაფიქრი, გააზრებული და დავარცხნილი მუსიკა. არ ვიცი, რამდენად შეიძლება, ჩემს მუსიკას ასეთი ვუწოდო, მაგრამ ჩემი საყვარელი შემსრულებლების მუსიკა კარგად ნაფიქრი და გააზრებულია. მინდოდა, ასეთი ყოფილიყო ჩემი ახალი პროექტიც და იმედია, ჩემი ნამუშევრის შესახებ სხვისი აზრიც ასეთია. კოვიდის დროს, დისტანციურ რეჟიმში, ძალიან მაღალი კლასის მუსიკოსებთან ერთად შევძელი ამ პროექტის დაწყება და ახლა, ნელ-ნელა დღის სინათლეზე გამომაქვს. პირველი სიმღერა არის „ამან“, რომელიც უკვე იხილეთ. ამ სიმღერაზე სამ ქვეყანაში ვიმუშავეთ: საფრანგეთში, თურქეთსა და საქართველოში. ნელ-ნელა სხვა სიმღერებიც გამოვა.
– აზიური მუსიკისადმი განსაკუთრებული სიყვარული საიდან იწყება?
– ჩვენს ქართულ მუსიკაში, განსაკუთრებით ქალაქურში, ძალიან ბევრი აზიური გავლენაა. სხვათა შორის, პირველად ვამბობ ამას, პატარა რომ ვიყავი, დედა, რომელიც ძალიან კარგად მღეროდა, მიმღერდა ხოლმე ქართულ სიმღერებს აზიური ინტონაციებით. ჩემი ერთ-ერთი პირველი ნამუშევრის – „რა კარგი ხარ“, ძველი ვერსია აზიურ მოტივებზე მაქვს გაკეთებული. ამ მიმართულებისადმი სიყვარული, ალბათ, დედის სიმღერამ განაპირობა. ახლა ახალ სიმღერებს რომ ვაკეთებ, პირველს დედას ვასმენინებ. მგონია, რომ ყველაზე ემოციური და სწორი შემფასებელი ის იქნება.
– როგორი შემფასებელია?
– დედაჩემი არ მიეკუთვნება იმ მშობლების კატეგორიას, რომ თქვას, ჩემი შვილი საუკეთესოაო. კომპლიმენტებსაც ძალიან იშვიათად იმეტებს, ძალიან უნდა მოეწონოს რაღაც, რომ შეგაქოს (იცინის). პირველად რომ სიმღერა „ამან“ მოისმინა, იტირა. მითხრა, შენ ასე არასდროს გიმღერიაო. 23 წელია, სცენაზე ვდგავარ და დედამ პირველად მითხრა, ასე არასდროს გიმღერიაო. ეტყობა, გამორჩეულად მოეწონა. დედისგან ასეთი კომპლიმენტი ყველაზე ძვირფასია. სხვებისგანაც უხვად ვიღებ კომპლიმენტებს და ეს ძალიან მაბედნიერებს. სხვათა შორის, ძალიან ემოციური და ბევრი ცრემლნარევი კომპლიმენტი მივიღე. როგორც ჩანს, ეს სიმღერა ბევრს მოხვდა გულზე და ეს ჩემთვის ასმაგად სასიხარულოა.
– თუმცა, დღეს თითქოს „მოდაში არ არის“ ეს სტილი და არ იყო ერთგვარი რისკი?
– კი, ერთგვარი ბეწვის ხიდია, ჩვენთან აზიური მუსიკა, მუსიკის მცოდნეების გარდა, სხვა ადამიანებში ცოტა სხვანაირად მოიაზრება, „ჰაბიბიდ“ აღიქვამენ. ამაზე ბევრი ვიფიქრე. ძალიან შევეცადეთ მე და ყველა ის მუსიკოსი, ვინც ამაზე მუშაობდა, რომ ყველა აზერბაიჯანული მოტივი ძალიან დავარცხნილად მიგვეწოდებინა მსმენელისთვის. ჯერჯერობით უარყოფითი შეფასებები არ შემხვედრია, ზურგს უკან თუ რამეს ამბობენ, არ ვიცი. თუმცა, იქნებიან ასეთებიც, არ შეიძლება, ყველას მოეწონო. საერთო ჯამში მუსიკოსებისგან და ჩვეულებრივი მსმენელისგან დიდ კომპლიმენტებს ვიღებ. ყოფილა შემთხვევები, როცა ჩემს ნამუშევარზე თავი არ გაუგიჟებიათ, ვიღაცას მოსწონებია, ვიღაცას არა, მაგრამ ახლა უფრო მეტად იგრძნობა დადებითი დამოკიდებულება.
– როცა ბევრს შრომობ, მაგრამ ვიღაცისთვის შენი ნამუშევარი მიუღებელი აღმოჩნდება და აკრიტიკებს, მოქმედებს ეს შენზე?
– არა, არა. მე მყავს მეგობრები, რომლებიც საერთოდ არ არიან ჩემი მუსიკის თაყვანისმცემლები. შეიძლება, პირში არ მეუბნებოდნენ ამას, მაგრამ ვიცი, რომ ასეა და მე არ მოვითხოვ ადამიანებისგან, რადგან მე ვუყვარვარ, ჩემი მუსიკაც უყვარდეთ. რა პრობლემაა? რა აუცილებელია, ყველაფერი მოსწონდეთ ჩემი? გააჩნია, ვინ გეუბნება შენიშვნას, თუ კომპეტენტური ადამიანია, აუცილებლად ვუსმენ და ვითვალისწინებ.
– საკუთარი ნამუშევრის მიმართ თვითონ რამდენად კრიტიკული ხარ თუ შეგიძლია შედეგით ისიამოვნო?
– არა, ჩემი ნამუშევრით ვერაფრით ვერ ვისიამოვნებ. მე ისიც კი არ ვიცი, როგორი მომღერალი ვარ. მე ჩემს ხმას შორიდან ვერ ვუსმენ. ვუსმენ იმისთვის, რომ ტექნიკურად შევაფასო და საუკეთესო ვარიანტამდე მივიდე, მაგრამ ემოციურ ჭრილში ვერ ვაფასებ, სხვებს ვეკითხები აზრს. რომ შემაქებენ, ქუჩაში თუ სოციალურ ქსელში რომ კომპლიმენტებს მეტყვიან, ეს მართლა ძალიან სასიამოვნოა. აბა, რისთვის ვმღერი? ეს ძალიან მაბედნიერებს, მაგრამ თვითკმაყოფილების გრძნობა, რომ გამოვიჭიმო და გავიბღინძო, ეს მომენტი არასდროს მქონია. ყველა ჯერზე თავიდან ვნერვიულობ იმაზე, თუ როგორ მიიღებს ხალხი ჩემს ნამუშევარს.
– ეს პროექტი არის ნაბიჯი აზერბაიჯანული შოუ-ბიზნესისკენ?
– არ ვიცი. მე არ მაქვს ამხელა კონტაქტები აზერბაიჯანულ შოუ-ბიზნესთან, თუმცა გამორიცხული არაფერია. ვიმედოვნებ, რომ მოწონებას დაიმსახურებს და მერე ვნახოთ. თუ რეაგირება მოჰყვება, ძალიან გამიხარდება.
– საკმაოდ რისკიანი ადამიანი ხარ. პანდემიის დროს, როცა ყველაფერი გაყინული იყო, ასეთი ამბის დაწყება სხვანაირად წარმოუდგენელია.
– ვარ ასეთი ტიპი, სიახლეების არ მეშინია. მიჩვეული ვარ დამოუკიდებლობას, პანდემიის პერიოდში არც კონცერტები იყო და არც არაფერი, თან, ეს არ არის მარტივი პროექტი – სამი ქვეყნის სტუდიაში ვიმუშავეთ და მარტო სტუდიის ხარჯები რომ ავიღოთ, საკმაოდ ბევრია. ამას კიდევ ბევრი სხვა ხარჯი დაემატა და საკმაოდ ძვირად ღირებული პროექტი გამოვიდა. თან, პანდემიაში ოთხი სიმღერა გავაკეთეთ. არაფერი არ არის ფონოგრამული, ყველაფერი ცოცხლად იწერება. ძალიან ძვირი ღირს ეს ყველაფერი და ისე გამოვიდა, რომ პანდემიის დროს, თუკი რამე შემოსავალი და დანაზოგი მქონდა, ყველაფერი ამ პროექტისკენ მივმართე. ისე მიყვარს საქმე, რომელსაც ვაკეთებ, მასში მთელი გულით, სულითა და ფულით ვიყავი ჩართული (იცინის). იმის გარდა, რომ შვილები და ოჯახი მიყვარს, ეს მანიჭებს ყველაზე დიდ ბედნიერებას და ამისთვის არაფერი მენანება.