მომღერალ სოფო ბედიას ცრურწმენების არ სჯერა, თუმცა ღამით ნანახ სიზმარსა და ასტროლოგიურ გაფრთხილებებს ითვალისწინებს. როგორც თავად ამბობს, მნიშვნელოვან საქმეებს პირადი ასტროლოგიური რუკის მიხედვით გეგმავს. გასაკვირი არ არის, რომ ახალ წელსაც გაითვალისწინებს ასტროლოგების რჩევებს და მომავალი წლის მბრძანებელს, მისი გულის მოსაგებად, შესაბამისად დახვდება. ხოლო, სად ხვდება ის ახალ წელს, როგორ გახდა მისი ქმარი სოფოს მონათესავე ადამიანი და საიდან მოხვდა მათ სახლში კურდღელი, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
სოფო ბედია: ზოგადად, ბედისწერის მჯერა. ადამიანი რომ იბადება, მას თავისი ბედისწერა დაჰყვება, ანუ დაწერილი ბედისწერით იბადება. რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ, რაც ხდება, ღმერთის ნებაა. მაგრამ, ეს ორივე – ღმერთიცა და ბედისწერაც, ჩემთვის ურთიერთკავშირშია. პირადი ასტროლოგი არ მყავს, თუმცა, მე ჩემი პირადი ასტროლოგიური რუკა მაქვს გაკეთებული, ვითვალისწინებ, მაგრამ ვერ გეტყვით, სულ მასში ვიყურები-მეთქი. თუმცა, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი საკითხებისა და ამბების წინაშე რომ ვდგები, ყოველთვის ვიხედები ჩემს რუკაში და რაც მავნეა, იმას არ ვაკეთებ და რაც კარგია ჩემთვის იმ ეტაპზე, იმას ვითვალისწინებ.
– ანუ, ეს ეხება კარიერას, პირად ცხოვრებას, თუ რას?
– კი, ეს ეხება პირად ცხოვრებას, კარიერას, კლიპის გადაღებას, შორ გზაზე მგზავრობას, სალონში თმის შეჭრას, ექიმთან ვიზიტს, ოპერაციის დაგეგმვას და ასე შემდეგ. ოპერაცია ერთი მაქვს გაკეთებული – ცხვირის და მართლა ჩავუჯექი, გამოვიკვლიე ასტროლოგიურად, მთვარის ფაზებს დავამთხვიე და ასე დავგეგმე (იცინის). ასევე, მაგალითად, როცა შორ გზაზე მივდივარ, ყოველთვის ვიხედები პირად ასტროლოგიურ რუკაში და თუ ნეგატიური ფონი მაქვს, ნამდვილად არ წავალ. სამწუხაროდ, როცა პანდემიის კლიპი გადავიღე, არ ჩავიხედე რუკაში და კი იცით, რა ამბავიც მოყვა. თუმცა, კლიპის გადაღებას ნამდვილად არ ვნანობ. უბრალოდ, ვნანობ იმას, რომ მე და კაკიმ დაუმსახურებელად მივიღეთ ის რეაქცია, რაც კლიპს მოყვა. ჩვენ ხალხის გამხნევება გვინდოდა და ვინც ეს დაინახა – დაინახა, ვისაც არ სურდა დანახვა, არ დაინახა, კლავიატურაზე უაზროდ აწკაპუნა თითები და ენა მოიფხანა. ეს მათი პრობლემაა. უბრალოდ, იმ მომენტში ემოციურად დავინგრიეთ და ეს მწყინს. ვინც მიცნობს, იცის, რომ ჰუმანური ადამიანი ვარ, ადვილად არც ვბრაზდები, არც წყობიდან გამოვდივარ და არც აფექტში ვვარდები. ყოველთვის ვაკონტროლებ ჩემს ემოციებს, მოთმენის უნარი მაქვს. თუმცა, ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს. ყოველთვის არ ხარ იმ მომენტში, ყველაფერი მოითმინო, გაატარო…. მოკლედ, ყოველთვის არ ხარ იმ ნერვიულ ტალღაზე, ყველაფერი აიტანო და გაჩუმდე. როცა ზედმეტად დაგაჯდება ადამიანი თავზე და ისეთს გაკადრებს, რაც არ გეკადრება და არც შენ აკადრებ მას, იქ უკვე მეკარგება კონტროლის უნარი და ერთი სიტყვით, შემიძლია, ის ჩემი ცხოვრებიდან წავშალო.
– ასეთი ადამიანების ცხოვრებიდან წაშლის მომენტები ხშირად გქონია?
– არც იშვიათად. ნამდვილად მქონია ეს მომენტები. ეს ემოციური ფონი, ალბათ ჩემი მეგრული გენეტიკიდან და ხასიათიდანაც მოდის. პატარა, ელემენტარული მახარებს და პატარა მტკენს გულს და მწყინს. თუმცა, წყენის გულში ჩადება არ ვიცი.
– სოფო, როგორ ფიქრობ, დაუმსახურებელი თავდასხმის მსხვერპლი ხშირად გამხდარხარ?
– არა, ხშირად არ გავმხდარვარ და იცით, რატომ? არ ვაჩერებ ჩემს გარემოცვაში ისეთ ადამიანს, რომელიც ტოქსიკურია. ამაში ვგულისხმობ იმას, რომ შესაძლოა, არ იყოს ცუდი ადამიანი, მაგრამ ჩვენი აზროვნებისა და ხასიათის თანხვედრა ვერ ხერხდებოდეს და რაღაც ისეთი გააკეთოს, მაგალითად, რაც შურს უკავშირდება.
– თქვი, მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტისას, ჩემს ასტროლოგიურ რუკაში ვიხედებიო. როცა შენი მეუღლე, მიშა გაიცანი და ურთიერთობა დაიწყე, თუ ჩაიხედე პირად რუკაში და თუ იკითხე, ვინ იყო ჰოროსკოპით?
– რომ გავიგე, მიშა ჰოროსკოპით მერწყული იყო, ზუსტად მივხვდი, რომ ეს ჩემი ადამიანია. მეც მერწყული ვარ და კარგად ვუგებთ ერთმანეთს. ანუ მე და მიშა ასტროლოგიურადაც მონათესავე ხასიათის ვართ – ორივე ჯიუტი, ხალასი ბუნების ვართ და ვერ ვეგუებით მოწყენას. ცხრა წელია, ერთად ვარ და ერთმანეთს რომ არ ვეწყობოდეთ, ამდენ ხანს ვერ „გავქაჩავდით“.
– ასტროლოგიურად მონათესავე ხასიათის მეუღლე თუ ინტერესდება ასტროლოგიური პროგნოზებით?
– სხვათა შორის, მიშას სიზმრების უფრო სჯერა, ვიდრე ასტროლოგიის. დილით მეკითხება ხოლმე, ასეთი სიზმარი ვნახე და რას უნდა ნიშნავდესო (იცინის). მე ცრურწმენების არ მჯერა, მაგრამ სიზმრების – კი, რადგან ბევრჯერ ამიხდა. სულ ვლოცულობ, კარგი სიზმრები დამესიზმროს (იცინის). თუ ცუდი სიზმარი ვნახე, ავდგები თუ არა, წყალს ვუყვები.
– ესეც ხომ ცრურწმენაა?
– შესაძლოა ცრურწმენაა, მაგრამ რა ვიცი, ასე ვიქცევი (იცინის). არ დამავიწყდება, ერთხელ ვნახე სიზმრად: საშინელი ჭექა-ქუხილია, სოფელში ვარ, ინგრევა ყველაფერი, ნათდება ცა და დედამიწა, ჩამოვარდა მეხი, დაეცა სახლს და მეორე სართული ჩამოინგრა. რომ გამოვიღვიძე, არ მესიამოვნა, შემზარა ამ სიზმარმა. ორ კვირაში ჩემი მაზლი გარდაიცვალა. ეს სიზმარი საშინელი მინიშნებასავით იყო – მე ასე ვხსნი. თუ არასასიამოვნო სიზმარს ვხედავ, ვცდილობ, იმ დღეს საჭესთან არ დავჯდე ან თუ გადაუდებელი საქმეა, ფრთხილად ვიარო და მაქსიმალურად ყურადღებით ვიყო.
– ახალი წელი მოდის და ასტროლოგების რჩევებს თუ გაითვალისწინებ სუფრის გაწყობის, სახლის მორთვისა და სადღესასწაულო ჩაცმულობის მხრივ?
– კურდღლის წელი მოდის და აუცილებლად გავითვალისწინებ ყველა ტენდენციას, რაც ამ წლის მბრძანებელს მოსწონს. სხვათა შორის, კურდღელი უკვე გვყავს სახლში, ანდრიას ვუყიდეთ და მოვუყვანეთ (იცინის). ჩასაცმელსაც ბრჭყვიალა-ბრდღვიალას შევარჩევ და მეც ასე დავხვდები. ახალ წელს სამეგრელოში ვხვდებით, კონცერტი მაქვს და შესაბამისად, მეგრულ ტრადიციულ სუფრასაც გავშლი და დავხვდები კურდღლის წელს.
– ბედობის თუ გჯერა და გწამს?
– კი, ბარბარობის – 17 დეკემბერს, 2 იანვრის – ბედობის და 15 იანვრის, ძველით ბედობის ნამდვილად მჯერა. ვცდილობთ, ბედობა დღეს სიცილი და კარგი ხასიათი დავიბედოთ ოჯახში.