21 ივნისს მოსკოვში უნიჭიერესი ქართველი მომღერალი, ლევან კბილაშვილი, სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ითქვა, რომ ლევან კბილაშვილს ფეხზე ძვლის სიმსივნე ჰქონდა, რაც გარდაცვალების მიზეზი გახდა. ახლა კი ოჯახს ექსპერტიზის დასკვნა უჭირავს ხელში, სადაც ნათქვამია, რომ უეცარი სიკვდილი ანევრიზმამ გამოიწვია.
უნიჭიერესი შვილის ვარსკვლავივით გაელვებულ და მოულოდნელად ჩამქრალ სიცოცხლეზე, მის წარმატებებსა და განუხორციელებელ ოცნებებზე ქალბატონი მელიტა ,,სარკეს” უყვება:
– არასწორი ინფორმაციები გაავრცელა ერთმა მომღერალმა, რომელიც ლევანიკოს მეგობარიც კი არ ყოფილა და არც პანაშვიდზე მოსულა. ატეხა ამბავი, რომ ლევანს სიმსივნე ჰქონდა, თან ეს “ფეისბუქიდან” გავიგეთ. თავზარდამცემი ამბავი და ამ დროს ისეთი ვერსიით… არაფერი ისეთი არ სჭირდა ლევანიკოს, რომ ხელიდან გამოგვცლოდა. როგორც აღმოჩნდა, ანევრიზმა იყო და ამის პროგნოზი წარმოუდგენელი იყო.
– ხელჯოხით დადიოდა… ფეხი რატომ აწუხებდა?
– ავარიის შემდგომი ტრავმა იყო, რომელიც კოვიდმა გაამძაფრა. ავარიაში 2011 წელს, “ჯეოსტარში” მონაწილეობის დროს მოყვა. ყავარჯნით იარეო, უთხრეს. მაისში ჩავიდა მოსკოვში და გაიკეთა ანალიზები. ეუბნებოდნენ, რომ ფეხი საოპერაციო იყო. მერე წერდნენ, ოჯახმა როგორ ვერ მიხედაო… როგორ არ მივხედეთ. რა სჭირდა ლევანის ოჯახს, რომ ვერ მიგვეხედა?! გაუჩენელს გავაჩენდით და გაუკეთებელს გავაკეთებდით, რომ გვცოდნოდა, რაიმე ისეთი აწუხებდა, რასაც სიკვდილის გამოწვევა შეეძლო.
ლევანს ყოველ დილას და საღამოს ველაპარაკებოდი. ყველაფერს მიყვებოდა. ერთხელ არ უთქვამს, თავი მტკივაო. საქართველოში 10 ივლისს უნდა ჩამოსულიყო და აქაც უნდა ენახათ ექიმებს. ძვლის სახსარში ჰქონდა დაზიანება, არანაირი სიმსივნე. თავი კი არასოდეს აწუხებდა.
სრულიად შემთხვევით, სოციალური ქსელიდან გავიგეთ გარდაცვალების ამბავი. ჯერ მოსკოვში დაუწერია ვიღაცას და მერე ქართველებმა დაწერეს. წინა დღეს, დილით ვესაუბრე. მითხრა, გიტარისტთან მივდივარო. ალბომთან დაკავშირებით რაღაც საქმე ჰქონდა და, რომ დავბრუნდები, დავისვენებო. საღამოს მე აღარ დავურეკე, მაგრამ თავის ძმას ემესიჯებოდა ღამის 3 საათამდე. მერე კი, როგორც ჩანს, ჩაეძინა. ჩაეძინა და ჩაეძინა, ვეღარ გაიგო ვერაფერი, ისე გარდაიცვალა.
– მარტო იყო?
– კი, მარტო ცხოვრობდა. რომ ნახეს, მიძინებულ მდგომარეობაში იყო. დილით აღარ დამირეკავს. რომ ვიცოდი, გვიან დაიძინა, ვიფიქრე, დაისვენოს-მეთქი. მერე კი იქაურმა მეგობრებმა თქვეს, რომ შეხვედრაზე არ მივიდა და რეკვა დაიწყეს.
– ისიც დაიწერა, ტკივილების გამო ნარკოტიკებს იღებდაო…
– ეგეც ტყუილია! ლევანი ალერგიული იყო და ასე ადვილად არანაირ წამალს არ იღებდა. ავარია რომ მოუვიდა და სასწრაფო მივიდა, მაშინაც კი, შოკურ მდგომარეობაში მყოფი, ექიმებს ეუბნეოდა, ნემსი არ გამიკეთოთ, ალერგიული ვარო. სულაც არ მინდოდა, ექსპერტიზა ჩაეტარებინათ, მაგრამ იქიდან ისე ვერ გადმოვასვენებდით.
– რა ასაკიდან დაიწყო მღერა?
– ლევანმა ლაპარაკზე ადრე სიმღერა დაიწყო. 6 წლის იყო, რობერტ ბარძიმაშვილის სტუდიაში რომ მივიყვანე. ამ სტუდიის პარალელურად ნატო გელაშვილთან დადიოდა და ქალაქურ სიმღერებს სწავლობდა. მერე გიორგი უშიკიშვილთან ხალხურ სიმღერებსაც მღეროდა. იმდენად უყვარდა ყველა ჟანრი, ყველაფერი უნდოდა, ემღერა.
სკოლაც ოქროს მედალზე დაამთავრა და მერე იურიდიულზე ისწავლა. ყველაფერში განსხვავებული და უცნაური იყო, ყველა უყვარდა. თუ ვინმეზე გაბრაზდებოდა და გული მოუვიდოდა, მეორე წუთში გული ულბებოდა. მოჩხუბარი არასოდეს ყოფილა.
– შეყვარებული არ ჰყავდა?
– არა. პერიოდულად ჰქონდა გატაცებები და მეც ყველაფერს მიყვებოდა. ამბობდა, რომ უნდოდა, ნამდვილი სიყვარული ეპოვა, შვილები მასთან ჰყოლოდა და ოჯახი არასოდეს დანგრეოდა.
ეს ოცნებაც აუსრულებელი დარჩა და ისიც, რომ თბილისში კონცერტი ჩაეტარებინა. ბევრ რამეზე სტკიოდა გული და სწყინდა. ჩვენთან დალაგებული სიტუაცია არ არის, სულ პრობლემებია და ამან გახადა იძულებული, აქედან წასულიყო.
– თურმე ჩვენმა პატრიარქმა ჯვარი აჩუქა, რომელსაც ლევანი წარმატების თილისმად თვლიდა…
– პატრიარქს ძალიან უყვარდა ლევანის ნამღერი ,,დაიგვიანეს”. ხშირად მიდიოდა პატრიარქთან, როდესაც მას სტუმრები ჰყავდა და სულ მღეროდა ამ სიმღერას. ზუსტად მაშინ, როდესაც მოსკოვში „ვოისში“ მონაწილეობას აპირებდა, პატრიარქმა დალოცა და ჯვარი აჩუქა. ეს ჯვარი არ მოუშორებია, სულ გულზე ეკეთა და ამბობდა, ღმერთი მწყალობს და ყველაფერი გამომდისო…
თბილისში კონცერტის ჩატარება ლევანის ოცნება იყო… რომ ჩამოდიოდა, საკონცერტო ტანსაცმელი სულ გამზადებული ჰქონდა, სულ მოლოდინში იყო, რომ ვიღაც დაუძახებდა და სადმე იმღერებდა.
მე კი მთელი დღეები ლევანის საფლავზე ვარ. უცხო ადამიანები მოდიან და ყვავილები მოაქვთ მის საფლავზე. ყველას უყვარდა ეს კეთილი და ძალიან ერთგული ბიჭი.