ახალი წლის ჯადოსნური განწყობა თამო ვაშალომიძისთვის განსაკუთრებით ძვირფასია. ბავშვობიდან გამორჩეულად უყვარს ეს დღესასწაული და ახლა უკვე ცდილობს, საკუთარ შვილებსაც შეაყვაროს.
თამო ვაშალომიძე: ახალი წელი დაბადების დღეზე მეტად მიყვარს. ამ დღისთვის განსაკუთრებულად ვემზადები. რაც ბავშვები მყავს, კიდევ უფრო ვცდილობ, სახლში სიხარული და ბედნიერება სუფევდეს. მინდა, ჩემს შვილებსაც ისე უყვარდეთ ეს დღე, როგორც მე და ყოველთვის განსაკუთრებული განწყობით ხვდებოდნენ. მე ახალი წელი ბაბომ და პაპამ შემაყვარეს. ჩემს ბავშვობაში ყოველ ახალ წელს თოვლი მოდიოდა, ამის გარეშე ვერც ერთ ახალ წელს ვერ ვიხსენებ. ეს კიდევ უფრო ჯადოსნურ გარემოს ქმნიდა და ძალიან მაბედნიერებდა. ალბათ, ამიტომაც მიყვარს დღემდე ასე ძალიან. ჩემს ქმარს არ უყვარდა ახალი წელი, მაგრამ მე ისეთი ენთუზიაზმით ვემზადები ხოლმე: პირველ დეკემბერს უკვე ნაძვის ხით ვხვდები, სახლს ვრთავ, საახალწლო ტკბილეულს ვაცხობ, ჭურჭელიც საახალწლო მაქვს, ბუხარსაც ლამაზად ვრთავ და საერთოდ, ყველგან და ყველაფერში მინდა, რომ საოცარი განწყობა იგრძნობოდეს. საახალწლო „პიჩენიები“ კარგი სულაც არ გამომდის, სამწუხაროდ, ჩემი სუსტი მხარე სამზარეულოა, მაგრამ მაინც ვცდილობ (იცინის). ზოგჯერ დამეწვა, კინაღამ ცეცხლიც გავაჩინე, მაგრამ ასეთი მცდელობებიც ბედნიერებას მანიჭებს და მინდა, ეს ბედნიერება მთელ ოჯახს გადავდო. წელს ჩემმა ქმარმა თვითონ მოიტანა ნაძვის ხე და ძალიან გამიხარდა, იმიტომ რომ, მგონი, მასშიც რაღაც შეიცვალა. თან, ისიც გამიხარდა, რომ სამმეტრიანი ნაძვის ხის მოტანა მე არ დამჭირდა (იცინის). ძალიან მიხარია, თუ მასში ამ წლების განმავლობაში ცოტათი მაინც შევცვალე ახალი წლისადმი განწყობა. თოვლის ბაბუისთვის წერილების დაწერა და პირველ იანვარს საჩუქრების გახსნა კიდევ უფრო ალამაზებს ახალ წელს.
– ბევრი სურვილი აქვთ პატარებს?
– ჩემი ბრალია, რომ ორივე გათამამებული მყავს. რაც უნდათ, ყველაფერს ვყიდულობ. წინა წელს თოვლის ბაბუამ რომ საჩუქრები მოუტანა, ვერ ვიგრძენი, რომ სოფიას ძალიან გაუხარდა – ისე, როგორც მე მიხაროდა, საბნის ქვეშ ნაპოვნი კანფეტი. განსაკუთრებული სურვილები სულაც არ მქონდა, მაგრამ ის მინიმალურიც ძალიან მახარებდა. ეს ჩემი ბრალია, ბევრ საჩუქარს და სათამაშოს ვყიდულობ და ალბათ, ამიტომაც აღარ ჰქონდა რეაქცია თოვლის ბაბუის საჩუქარზე. ვუთხარი, რომ არაფერს აღარ ვუყიდდი, მაგრამ რამდენიმე დღის წინ, აკამ ორივე სათამაშოებით დატვირთული მოიყვანა (იცინის).
– გახსოვს, თვითონ რას, თხოვდი ხოლმე თოვლის ბაბუას?
– განსაკუთრებულს არაფერს ვთხოვდი, ალბათ, უფრო თოჯინებს, მაგრამ ძირითადად, ნაკლებად მქონდა სურვილები, რაც თვითონ მოჰქონდა თოვლის ბაბუას, იმას ვიღებდი სიხარულით. მტკივნეული იყო, როდესაც შემთხვევით დავინახე, რომ მამამ სუნამო ამომიდო ბალიშის ქვეშ. ასე დაიმსხვრა ჩემი ოცნებები თოვლის პაპას შესახებ, 13 წლის ასაკში (იცინის).
სულ ვცდილობ, 12 საათს სიხარულით შევხვდე, მეკვლე თვითონ ვიყო. აკას არ სჯერა ფეხის ძალის, მე მჯერა და ბავშვებით შემოვდივარ ხოლმე ძალიან მხიარულად. ბედობასაც ვცდილობ, კარგ ხასიათზე ვიყო და ისეთი რაღაცები ვაკეთო, რაც მინდა, რომ დამებედოს.
– მეუღლეები თუ ანებივრებთ ასეთ დღეებში ერთმანეთს სიურპრიზებით?
– თუ მას საერთოდ არ უყვარს სიურპრიზები?
– როდესაც შენი საყვარელი ადამიანი ასე წვალობს, ყველა შენი მეგობარი ორი თვით ადრე დაპატიჟა, იქირავა სახლი, თავის მზარეულებით, მიმტანებით, დიჯეით და დიზაინერით, ამ დროს შენ მოდიხარ და არ მოგწონს ჩემი ნაშრომი, მაშინ შეიძლება დაგშორდე (იცინის). როდესაც საყვარელი ადამიანისთვის რაღაცას მთელი გულით აკეთებ, მერე იმან რომ გითხრას, ვაიმე, ეს რა გააკეთეო, მართლა ვეტყვი, კარგად იყავი-მეთქი (იცინის). აკას არ უყვარს დაბადების დღის აღნიშვნა, მაგრამ 25 წლის გახდა და ეს ისეთი ასაკია, რომელიც უნდა აღნიშნო. მისმა მეგობრებმაც მითხრეს, არ უყვარსო, მაგრამ მაინც ორი თვით ადრე დავურეკე ყველას, რომ მერე არ ეთქვათ, ვერ ვახერხებთო (იცინის). საბოლოო ჯამში, ძალიან კარგი გამოვიდა და რაც მთავარია, აკას მოეწონა.
– ტკბილეულის მომზადებაზე ვისაუბრეთ, საახალწლო სუფრას როცა ეხება საქმე, აქ რა ხდება?
– შეკვეთა (იცინის). შარშან დამავიწყდა შეკვეთა და ჩემს ქმარს რომ არ გაეგო, ჩუმად ვრეკავდი რესტორნებში (იცინის). გამიმართლა და მოვაგვარე. წელს სალათებს და შედარებით მარტივ კერძებს მე მოვამზადებ, რაღაცებს შევუკვეთავ.
– აკას არ უთქვამს, სახლში, შენი მომზადებული მირჩევნიაო?
– აკას ძველი ქართველი მამაკაცის ხასიათი აქვს, მაგრამ ასეთ რამეებზე არ აქვს რეაქცია. პირიქით, ესმის, რომ გადარბენაზე ვარ. შვილები მყავს, ჩემი ბიზნესი მაქვს და ეს ბუნებრივია, ამიტომ არ აპროტესტებს. ცოტა ხნის წინ, სამსახურიდან მოდიოდა და მითხრა, კარტოფილსა და მჭადს თუ მომიმზადებო? სხვათა შორის, მჭადი იმდენჯერ გამაკეთებინა, ამასობაში ვისწავლე (იცინის). ყვავილები მომიტანა ღამის სამ საათზე მჭადების სანაცვლოდ (იცინის). იმდენად იშვიათად მთხოვს ძალიან მარტივ რაღაცას, უარს როგორ ვეტყვი. მარტივი კერძების მომზადება შემიძლია, მაგრამ ცოტა რთულის, როცა ორი ბავშვი გყავს და უამრავი საქმე გაქვს, მიჭირს. ჩემი დედამთილია ამ ამბავში საუკეთესო და გამიმართლა, რომ გვერდით ცხოვრობს. თუ რამეა, აკა მასთან გადაირბენს ხოლმე (იცინის). აკა მართლა ყველანაირად მხარში მიდგას ამ მხრივ. როდესაც ოჯახში შემოვედი, ორი ძიძა და პლუს დამლაგებელი, ცოტა გაუკვირდა, რად გინდაო? მაგრამ მერე, რომ დაინახეს ორი ბავშვი, საქმე, ამხელა სახლი, კატა და ამ ყველაფერთან ერთად, სისუფთავესა და წესრიგს, მხოლოდ მე ნამდვილად ვერ გავუმკლავდებოდი. ზოგი კაცი გააპროტესტებდა, რა ორი ძიძა, რისთვის ხარ ქალიო. საქართველოში რა დალევს ასეთ კაცებს, მაგრამ აკაც და მისი ოჯახიც ძალიან გამგებიანია.
– 12 საათს სადღესასწაულოდ გამოწყობილი ხვდები თუ გირჩევნია, სახლურ ფორმაში და კომფორტულად იყო?
– აქამდე სულ ბრდღვიალებში ვიყავი, მაგრამ ამ წელს ძალიან სადად ჩავიცვამ. როცა ბევრი ადამიანი გადევნებს თვალს, მაინც ვალდებული ხარ, ფორმაში იყო და ზოგჯერ ეს სამსახურივითაა. გულწრფელად რომ ვთქვა, მე გადაპრანჭულზე მეტად, თბილი „სვიტრი“ და ხელში ყავა მომწონს. სხვათა შორის, წელს არ მაქვს ისეთი განწყობა, როგორიც წინა წლებში მქონდა. თითქოს ცოტა ჩამიქრა სადღესასწაულო შეგრძნებები და ვცდილობ, თავს ძალით მივცე მოტივაცია. ვცდილობ, ბავშვების გამო შევინარჩუნო ხალისი. არ ვიცი, რატომ მოხდა ასე. ალბათ, ბევრი პრობლემა დაგროვდა ან დავბერდი (იცინის). შეიძლება იმიტომაც მოიტანა აკამ ნაძვის ხე, მიხვდა, რომ ცოტა დახმარება მჭირდება განწყობის ასამაღლებლად.
– რას ელოდები 2023 წლისგან?
– 2022 არ იყო ძალიან ცუდი წელი, მაგრამ ჩემთვის დეპრესიული აღმოჩნდა. უცებ გადაუდებელი ოპერაცია გავიკეთე, პრომლემები მქონდა აკასთან ვიღაცის გამო. ბავშვთან დაკავშირებითაც იყო პრობლემები, ყველაფერი ცუდად აეწყო, რამაც ჩემზე ძალიან იმოქმედა. აქამდე არ ვიცოდი, რა იყო დეპრესია, სახლში არც ახლა ჩავკეტილვარ, ვინ ჩამკეტავს, იმდენი საქმე მაქვს. მაგრამ შინაგანად ცოტა უბედური გავხდი, მოწყენილი და ჩაკეტილი. შვილები მყავს, მეუღლე მყავს და ასე არ უნდა ვიყო, მაგრამ აგვისტოდან მოყოლებული დღემდე, ძალიან მძიმეა ფსიქოლოგიურად ეს პერიოდი. ამას არავის ვანახვებ, რა საჭიროა, თან, როცა შვილები გყავს, სულ მხიარული და ენერგიული უნდა იყო. ვფიქრობდი, ფსიქოლოგთან ხომ არ წავიდე, რომ ცოტა შემაჯანჯღაროს-მეთქი. თან, სულ განვითარებაზე ვფიქრობ, თან არაფერი არ მინდა. ნაძვის ხის დადგმაც კი არ მინდოდა, მაგრამ ძალით ვაკეთებ ყველაფერს. თითქოს პულტი მიჭირავს და ჩემს თავს ძალით ვმართავ. იმედი მაქვს, ეს პრობლემები და მდგომარეობა ამ წელს გაჰყვება და 2023-ში აღარ შეგვაწუხებს.