“ედუ და სანი ყოველთვის დარჩებიან ჩემს ბიჭებად” – რას ამბობს თათია შარანგიას ყოფილი მეუღლე, ბიზნესმენი სანდრო შელია?

პიანისტის, თათია შარანგიას ყოფილი მეუღლე, ბიზნესმენი და შრომითი უსაფრთხოების ექსპერტი, ალექსანდრე, იგივე სანდრო შელია საკუთარი თავისა და ყოფილი მეუღლის შესახებ ჟურნალ “თბილისელებთან” საუბრობს.

სანდრო 20 წლის განმავლობაში ამერიკაში ცხოვრობდა. როგორც ინტერვიუში ის ამბობს, თავის დროზე აწ უკვე ყოფილი მეუღლის გამო დაბრუნდა საქართველოში.

“როდესაც მომავალი (უკვე ყოფილი) მეუღლე გავიცანი, პატარა ბავშვები ჰყავდა. ამერიკაში ჩემთან მათი გადმოსვლა შეუძლებელი იქნებოდა. ამიტომ, ამერიკაში ოცწლიანი ცხოვრების შემდეგ, დავბრუნდი საქართველოში. გადავდგი ის ნაბიჯი, რომელიც მანამდეც სულ მინდოდა, რომ გადამედგა. აქ ცხოვრებისა და კარიერის ხელახლა დაწყება მომიწია. ერთადერთი, რაც გამოვიყოლე, ჩემი ცოდნა და გამოცდილება იყო”.


– რა იყო ეს წლები შენთვის და თათიასთვის?

– მე და თათიამ ერთად ბევრი წელი გავატარეთ. ეს ურთიერთობა იყო გააზრებული, სიყვარულზე დაფუძნებული. თუ ადამიანი მართლა გიყვარს, რა თქმა უნდა, უნდა დაქორწინდე და მასთან ყოველთვის იყო გულწრფელი, ერთგული. მეორე ადამიანთან ცხოვრების დაკავშირება დიდი პასუხისმგებლობაა, მის წინაშეც და ბავშვების წინაშეც.

– რაზე გწყდება გული აქ ყველაზე მეტად?

– მე ვფიქრობ, გული ადამიანს შეიძლება მხოლოდ საკუთარ მოქმედებებზე, გადაწყვეტილებებზე დაგწყდეს, იმაზე, რასაც პირადად შენ აკონტროლებ. ამ მხრივ, კი, გული ბევრ რამეზე მწყდება, რაც შეიძლება უკეთ გამეკეთებინა, მეტად მომესმინა, თუნდაც მეტი მემუშავა პირად ურთიერთობებსა თუ საქმესთან დაკავშირებით. როდესაც ვიღაც გულს გწყვეტს, დასკვნები უნდა გამოიტანო, გაკვეთილად უნდა მიიღო და ცხოვრება გააგრძელო.

– დაშორების შემდეგაც არ შეგინელებია ყურადღება ყოფილი მეუღლის ოჯახის წევრების მიმართ, თათიას შვილებთან, დასთან, მშობლებთან.

– ედუ და სანი ყოველთვის დარჩებიან ჩემს ბიჭებად, ამას არაფერი შეცვლის. ასევე არაფერი შეცვლის ჩემს მეგობრობას ყოფილი მეუღლის ოჯახის წევრებთან, რომლებიც ჩემთვის ძალიან ახლობლები არიან. არავითარი ბარიერები აქ არ არსებობს.