“ინტერვიუს დროს გელა ჩარკვიანს ვუთხარი – თქვენ ხომ ირაკლი ჩარკვიანის დედა ხართ-მეთქი”

გულახდილი საუბარი მარიკა ბაკურაძესთან 

– ვინ არის მარიკა ბაკურაძე?

მარიკა ბაკურაძე: ძალიან მშრომელი, მაგრამ თან, ძალიან მძინარა. ან ვშრომობ ან მძინავს. სინამდვილეში, ვარ სიმყუდროვის უაღრესად მოყვარული, სახლური ადამიანი.

– როგორია თქვენი საოცნებო ცხოვრება?

– ესპანეთის ან სამხრეთ ამერიკის რომელიმე პატარა სოფელში, სიცხეში, მთელი დღე დასვენება, სეირნობა, წიგნის კითხვა და ჰამაკში წოლა. ეს არის ჩემთვის საოცნებო ცხოვრება.

– ბოლოს რა მოიტყუეთ?

– ტყუილები არ მიყვარს, მაგრამ არ ვიტყვი, რომ არ ვამბობ. სახლში ვიყავი, მეგობრები სადღაც წასასვლელად მეძახდნენ და მოვიტყუე, რომ ინტერვიუ მქონდა სახლიდან ვიდეოზარით ჩასაწერი და ვერ წამოვალ-მეთქი. არ მიყვარს სახლიდან გასვლა (იცინის).

– გიკეთებიათ საქმე, რომელიც გძულდათ?

– ასე ვერ ვიტყვი, მაგრამ ყოფილა შემთხვევა, ძირითადად, სამუშაოსთან ერთად, დამატებითი საქმეც ამიღია და მივმხვდარვარ, რომ არ შემიძლია, ძალიან გადავიწვი და ვეღარ ვუძლებ. ერთხელ ბესიკ ხარანაულთან ვიყავი ინტერვიუზე. თქვა, რაღაც ღონისძიებაზე უნდა წავიდე და საშინლად მეზარება, მაგრამ რა ბედნიერებაა: როცა იცი, იმის დამთავრების დრო, რაც გეზარება და ეს ძალიან მეხმარებაო. ამის შემდეგ, უკვე მე მეხმარება ძალიან მისი ეს სიტყვები. როდესაც რამე ისეთი მაქვს გასაკეთებელი, რაც ძალიან მეზარება, იმის გააზრება, რომ კონკრეტულ რიცხვში ეს დამთავრდება და მისგან გავთავისუფლდები, მეხმარება დამღლელი და რუტინული საქმეების გადაგორებაში.

– ბოლოს როდის იტირეთ და რატომ?

– ვაიმე, მე სულ ვტირი. ბოლოს კინოში ვიტირე. კარგი იქნება თუ ცუდი, ემოციურ მომენტებზე ყოველთვის მეტირება. ცხოვრებაში კი, როცა რამე პრობლემაა, ტირილს ჯობია, საქმე გავაკეთოთ და პრობლემა მოვაგვაროთ. აქედან გამომდინარე, როცა უამრავი საქმეა, მეც სულ აქტიურ რეჟიმში ვარ და მართლა შემიძლია, მთები გადავდგა. მაგრამ როცა ჩემს ოთახში, საკუთარ თავთან მარტო ვრჩები, როცა ტერმინატორის რეჟიმს გამოვრთავ და ჩემს თავს ვუღრმავდები, მაშინ შემიძლია, სრულიად უმიზეზოდ, ძალიან ბევრი ვიტირო. ასეთ მომენტებში მოწყენილ პანდას ვგავარ (იცინის).

– რას გააკეთებდით, ახლა რომ რამდენიმე მილიონი მოიგოთ?

– ბილეთს ვიყიდდი და წავიდოდი რომელიმე ესპანუროენოვან ქვეყანაში. იქ სახლს შევიძენდი და გემრიელად დავბინავდებოდი. მშვიდად ვიცხოვრებდი და გამოვიზოგავდი ამ ფულს.

– გინდათ, მსოფლიო მასშტაბით ცნობილი და გავლენიანი იყოთ?

– არა. რაც უფრო დიდ მასშტაბებს ეპოტინები, მით უფრო დიდი რესურსია საჭირო შენგან, უფრო დიდია რისკი და უფრო მეტია იმედგაცრუება. ამიტომ არა, არ მაქვს ასეთი გრანდიოზული სურვილები. მირჩევნია, რასაც ვაკეთებ მიხაროდეს და მყუდროდ ვგრძნობდე თავს.

– რა არის მარიკას ყველაზე ცუდი საქციელი?

– ძალიან ბევრს ვჩხუბობ. არ მიყვარს უპასუხისმგებლობა. თანამშრომლებთან იქნება, ბავშვებთან მიმართებაში თუ სხვებთან ურთიერთობაში, ვერ ვეგუები, როცა უპასუხისმგებლობას იჩენენ და მერე ვჩხუბობ. ეს ცუდია, უნდა შეგეძლოს ყველაფრის მშვიდად და წყნარად მოგვარება. გადაღებაზეც ხშირად ვჩხუბობ და კი, მოჩხუბარი ტიპი ვარ. მაღაზიაში, ბანკში ან ნებისმიერ სხვა ადგილას, რამე უსამართლობას თუ წავაწყდები, პირდაპირ ჩხუბზე გადავდივარ. მერე კი ვბრაზდები საკუთარ თავზე, რისთვის მოიშალე ნერვები-მეთქი, მაგრამ რა ვქნა?! -ეს არის ჩემი ხასიათის ცუდი მხარე.

– რას იზამთ, თუ ხვდებით, რომ საუკეთესო მეგობარს თქვენი მეორე ნახევარი მოსწონს?

– დავშორდები მეგობარსაც და პარტნიორსაც.

– პარტნიორმა რა დააშავა, მეგობარს მოსწონს.

– ისე არ ხდება ასეთი რამეები, თუ მეორე მხრიდან არ არის თანხმობა. ბრეტ პიტი ხომ არ არის შორიდან რომ მოსწონდეს (იცინის). თუ სიმართლე ვიცი, მიყვარს მისი ბოლომდე თქმა. ამის გამო უხერხულობას არ ვგრძნობ. ვიტყვი, რომ ჩემთვის ყველაფერი ცნობილია და ორივეს დავშორდები.

– რომ გაიგოთ, მეგობარს პარტნიორი ღალატობს, ეტყვით სიმართლეს?

– ეს საორჭოფო საკითხია, მაგრამ სულ მგონია, რომ ვეტყვი. ვეტყვი, იმიტომ რომ, ღალატს და უსამართლობას ვერ ვეგუები. შეიძლება მითხრას, არ მინდოდა ამის მოსმენა და შენ ვინ გეკითხებოდაო, მაგრამ მაინც მგონია, რომ ჩემი წილი სიმართლე მე უნდა ვუთხრა. მერე თვითონ გადაწყვიტოს, როგორ ჯობია მოქცევა.

– ყველაზე უხერხული შემთხვევა, რომელიც თავს გადაგხდენიათ.

– ინტერვიუს დროს გელა ჩარკვიანს ვუთხარი, თქვენ ხომ ირაკლი ჩარკვიანის დედა ხართ-მეთქი. თუ არ მოვკვდებოდი, არ მეგონა. მაშინ საკმაოდ პატარა ვიყავი. გელა ისეთი მაგარი ადამიანი იყო, უცებ გამოასწორა სიტუაცია – კი, დედაც ვარ და მამაცო. ერთხელ თენგიზ სუხიშვილთან ვიყავი ჩართვაზე მის სახლში. პირდაპირი ჩართვა მქონდა და უცებ შუქი ჩაქრა. ჩემი გამოუცდელობის წყალობით, ვერ გავთვალე, რომ შუქი იქ ჩაქრა და არა ტელევიზიაში. ამიტომ პირდაპირ ეთერში ვთქვი: ვაიმე, შუქი ჩაქრა, ბატონო თენგიზ, რა ცუდია, ყველაფერი ჩაგვეშალა-მეთქი.

– რა არის თქვენი ყველაზე დიდი მარცხი და გამარჯვება?

– გამარჯვება – რამდენიმე საამაყო რეპორტაჟი, რომელიც მარტო მე მაქვს გაკეთებული საქართველოდან. იქნება ეს იაპონიაში ფუკუშიმას ტრაგედიის ადგილის გაშუქება; სირიელი ლტოლვილები თურქეთის საზღვარზე და ასე შემდეგ. ცხოვებისეულ ნაწილში, ალბათ ის, რომ იქამდე მივიყვანე ჩემი შვილები, იმხელები გავზარდე, რომ ახლა, რომ გადავბრუნდე და მოვკვდე, ვიცი, ჩამოყალიბებული ადამიანები არიან. მარცხს რაც შეეხება, მქონდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ძალიან მწარედ მომატყუეს, რაც ძალიან განვიცადე. სამეგობროში, პირად ურთიერთობებში მოხდა ეს და ძალიან ვინერვიულე.

– როგორი მეხსიერება გაქვთ, გახსოვთ, რა მოხდა გუშინ, გუშინწინ ან ერთი კვირის წინ?

– ვაიმე, არა. მეხსიერებასთან ძალიან ცუდად მაქვს საქმე. ყოველდღიურად იმდენი ტექსტის დამახსოვრება მიწევს, რომ მერე დღეებიც კი ერთმანეთში მერევა და უცებ რომ მკითხო, გუშინ რა დღე იყო, ვერ გიპასუხებ. სულ მიკვირს დედაჩემი რომ ამბობს ხოლმე, შარშან ამ რიცხვიდან აცივდა და გათბობა ამა და ამ რიცხვში ჩავრთეო. ამ დროს ვგიჟდები ხოლმე (იცინის).

– რის გაკეთება გიყვართ და რა არ გიყვართ ყოფითი საქმეებიდან?

– მიყვარს დაუთოება, სარეცხის დაფენა და აკრეფა. არ მიყვარს, უფრო სწორად, ვერ ვიტან სამსახურიდან რომ მოვდივარ, მანქანაში ვზივარ და იწყება გადაწყობის რუტინა: გადმოდი მანქანიდან, ადი სახლში, გამოიცვალე და ასე შემდეგ. ეს იმდენად არ მიყვარს, შემიძლია სამსახურიდან მოსული ნახევარი საათი მანქანაში ვიჯდე. ეს გადაწყობები ძალიან მღლის. ასევე, ვერ ვიტან დილით გაღვიძებას და მომზადებას სახლიდან გასასვლელად.

– რის გამო გაკრიტიკებენ და გაქებენ ის ადამიანები, ვინც ყველაზე კარგად გიცნობთ?

– მაკრიტიკებენ იმის გამო, რომ, რაც არ უნდა მოხდეს, აუცილებლად ვიტყვი ჩემს სიმართლეს. მეუბნებიან ხოლმე, გაითვალისწინე, რომ შეიძლება კრიტიკა მოჰყვეს შენს ნათქვამსო, მაგრამ მე თუ დარწმუნებული ვარ, მაინც აუცილებლად ვამბობ ჩემს სათქმელს. მაქებენ იმის გამო, რომ ყველაფერს ძალიან სწრაფად და მარტივად ვწყვეტ.

– დიდ უსამართლობას თუ შეჯახებიხართ?

– კი, ურთიერთობებში. მე თუ ადამიანი მივიღე, ძალიან ბევრს გავიღებ მისთვის, ბევრს ჩავდებ ამ ურთიერთობაში. მერე ავტომატურად მიჩნდება კითხვა – მას რატომ არ უჩნდება სურვილი, იგივე გააკეთოს ჩემთვის? მე არაფერი მაკლია, იმიტომ კი არა, რომ ეს მჭირდება, მაგრამ თვითონ რატომ არ უნდა, რომ გაიღოს?! ამ ფიქრებში ვიჭედები. შეიძლება, მომთხოვნი დამარქვათ, მაგრამ არ ვიქნები მომთხოვნი, თუ არ მეცოდინება, რომ თვითონ ყველაფერი გავეცი.

– რა არის ცხოვრების მიზანი?

– ჩემი აზრით, ცხოვრების მიზანია, გსიამოვნებდეს ის, რასაც აკეთებ. არანაირი ხელფასი არ ღირს წვალების ფონზე. თუ ყოველდღე შენი საქმის გაკეთება გსიამოვნებს, ეგ არის მთავარი. დღეს რა მინდა? უნდა ჰკითხო შენს თავს და გააკეთო ის, რაც გინდა და რაც გსიამოვნებს. პროფესია უნდა გქონდეს ისეთი, რომ სიამოვნებას განიჭებდეს. წარმოიდგინეთ, თუ ყოველდღე აკეთებ საქმეს, რომელიც არ გიყვარს და გეზარება, გძულს სამსახურში წასვლა, ვერაფრით იქნები ბედნიერი, რაც არ უნდა მაღალი ხელფასი გქონდეს. საკუთარი თავის პატივისცემა: ჯერ საკუთარი თავი და მერე ყველაფერი დანარჩენი – ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

– ის, რითაც ყველაზე მეტად ამაყობთ?

– ვამაყობ იმით, რომ ჩემს საქმეში ძალიან გულწრფელი ვარ. შენიშვნასაც ვიღებ, ჩემს აზრსაც ვამბობ და ყველაფრის მიუხედავად, იმას ვაკეთებ, რაც სწორად მიმაჩნია და რისიც გულით მჯერა. ცხოვრებისეულ ნაწილში შვილებით ვამაყობ, მართლა ძალიან კარგი ბავშვები არიან. ჩემი პატარა წვლილიც ხომ არის ამაში და გულწრფელად მიხარია.