19 წლის მსახიობმა და ტელეწამყვანმა, რუსკა ქარქაშაძემ ადრეულ ასაკში მოიპოვა პოპულარობა. საზოგადოებამ ის წლების წინ შეიყვარა ცნობილი სერიალიდან „ხელოვნური სუნთქვა“. მისი ნიჭი და მომხიბვლელობა ყურადღების გარეშე არ დარჩენილა. მართალია, სერიალს დროებითი პაუზა ჰქონდა, თუმცა მისი მთავარი გმირის, პატარა რუსკას მიმართ ინტერესი და სიყვარული არ განელებულა. წლების შემდეგ, სერიალი კვლავ ბრუნდება ტელეეკრანებზე. გადაღებები აქტიურად მიმდინარეობს და უკვე გაზრდილი რუსკა, სულ მალე კვლავ მოგვევლინება ტელეეთერში. ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ რუსკას ცხოვრება ფათერაკებითაა სავსე, თუმცა იღბლისა და ღმერთის წყალობით, ყველაფერი კარგად სრულდება ხოლმე.
რუსკა ქარქაშაძე: მიუხედავად იმისა, რომ ახალი წლის დღეებია, სერიალ „ხელოვნური სუნთქვის“ გადაღებები აქტიურად მიმდინარეობს. დღე და ღამე გადასაღებ მოედანზე მიწევს ყოფნა. აქ ვათენებ და ვაღამებ. თუმცა, იმდენად ბედნიერი ვარ, რომ ტელეეკრანზე დაბრუნდება სერიალი, რომლითაც ხალხმა გამიცნო და შემიყვარა, ნამდვილად არ დავიწუწუნებ, რომ ვიღლები. ძალიან მიყვარს ახალი წელი, ოჯახური დღესასწაულია. თუმცა, გადაღებების გამო, დრო ნაკლებად დამრჩა, მეც მიმეღო მონაწილეობა ამ ოჯახურ სადღესასწაულო მზადებაში. 30 დეკემბრამდე გვქონდა გადაღებები და ასე რომ, ეს ახალი წელი უფრო განტვირთვისა და დასვენების დრო იყო, ვიდრე გართობის.
– ეს წელი შენთვის განსხვავებულად დასამახსოვრებელი აღმოჩნდა, რადგან შეყვარებულს შეხვდი, ხომ ასეა?
– ნამდვილად ასეა, ამ ახალ წელს შეყვარებულთან ერთად შევხვდი. ზოგადად, ვცდილობ, ახალ წელსა და ბედობას ამაღლებული განწყობით შევხვდე, ჩემს საყვარელ ადამიანებთან მეტი დრო გავატარო; ვაკეთო ის, რაც მინდა, რომ მერე მთელი წელი ის დავიბედო. სხვათა შორის, ბავშვობიდან განსაკუთრებულად ვემზადებოდი და ყოველთვის ჩართული ვიყავი საახალწლო მზადებაში. კერძების მომზადებაშიც ვეცილებოდი მშობლებს და ვეხმარებოდი. სულ ფუსფუსი იყო ამ დღეს ჩვენს დიდ ოჯახში. ნაძვის ხესაც კი, ყველა ერთად ვაწყობთ. ჩვენი ტრადიციაა, რომ ყველა ერთად შევხვდეთ ახალი წლის დადგომას.
– რადგან ბავშვობას შევეხეთ, ისიც მომიყევი, როგორი ფათერაკიანი ბავშვი იყავი და არაერთხელ რომ მოხვდი ექსტრემალურ სიტუაციაში.
– ენერგიული ბავშვი ვიყავი და ერთ ადგილას ვერ მაჩერებდნენ, ხან სად მპოულობდნენ და ხან სად. ჯერ კიდევ ორი წლის სახლიდან გავიპარე და მეზობელმა მეტროში მიპოვა ხუჭუჭა შიშველი ბავშვი (იცინის). დედამ მაბანავა, ცოტა ხნით დამსვა, ორი წამის მიტრიალებული იყო, როცა ავდექი და შიშველი გავედი გარეთ, დავადე თავი და ჩავედი მეტროში. რომ არა შემთხვევით მეზობლის შეხვედრა, არც კი მინდა წარმოვიდგინო, რა მოხდებოდა. ზოგადად, ხიფათიანი ვიყავი. რაც თავი მახსოვს, ყველა მეუბნებოდა: ენერგიის უწყვეტი წყარო ხარო. არასდროს ვიღლებოდი, სულ ვაპროტესტებდი, ჩემს აზრს ვამტკიცებდი. ოჯახის წევრები ამას შეჩვეულები იყვნენ. არ დამავიწყდება დღე, როცა ავარიაში მოვყევი ძველით ახალ წელს. მოკლედ, ძველით ახალი წელი მოდიოდა.
– მართალია, რომ გადატვირთულმა სამუშაო გრაფიკმა და გადაღებებმა, ფსიქიკური პრობლემები გამოიწვია და იპოქონდრიული შეტევები გქონდა?
– დიახ, პირველი იპოქონდრიული შეტევა გადასაღებ მოედანზე დამემართა. ეს გამოიწვია უძილობამ და გადაღლამ. პირველი სეზონის მეოთხე გადაღებაზე რეჟისორმა დაიძახა: ვიწყებთ!.. და, მე ვგრძნობ, ვერ ვიწყებ. ხელები ამიკანკალდა, თავბრუ დამეხვა, ირგვლივ ყველაფერი ტრიალებდა, ფეხებში ძალა გამომეცალა, თითქოს რეალობას მოვწყდი. სასწრაფო გამოიძახეს, გამსინჯეს და არაფერი გჭირსო. მაშინ, 13 წლის ასაკში, საერთოდ არ ვიცოდი, რა იყო პანიკური შეტევა. მეგონა, ფიზიკურად რაღაც ვერ იყო მწყობრში და ჯანმრთელობის პრობლემა მქონდა. იმ ღამეს გადაღება არ გაგრძელდა, მომაკითხეს მშობლებმა და სახლში წამიყვანეს. დედა მიხვდა, რაშიც იყო საქმე და მეორე დღეს წამიყვანა ფსიქოლოგთან. 4-5 ვიზიტის შემდეგ, მივხვდი, უკეთ ვიყავი. ვისწავლე საკუთარი თავის კონტროლი და ამის შემდეგ, სულ ყურადღებით ვარ, სამ თვეში ერთხელ ვიმოწმებ ჯანმრთელობის მდგომარეობას. სხვათა შორის, ბოლო პანიკური შეტევა, ახლახან დამემართა თვითმფრინავში. არ მიყვარს ფრენა, ემოციურად დაძაბული ვარ, განვიცდი და როცა რაღაცაზე ნერვიულობ, ბუნებრივია, ნეგატიური ფიქრები მოდის. დავიწყე ლაპარაკი მეგობრებთან ყველაფერზე, რომ ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა. სხვას ვერაფერს ვიზამდი ცაში (იცინის). დიდი ხანია, ვებრძვი ფრენის შიშს და როგორც კი დრო გამომიჩნდება, გადავწყვიტე, ფრენის შიშის დაძლევის კურსებზე ვიარო.
– ახლობლები ამბობენ, რომ ერთგვარი მოსიარულე აფთიაქი ხარ. მართლა დაგაქვს ჩანთით პირველადი დახმარების წამლები?
– წესად მაქვს, სახლიდან ისე არ გავდივარ, თუ პირველადი დახმარებისთვის საჭირო წამლები არ მიდევს ჩანთაში. ეს არის: ყელის საწუწნი აბები, „იბუპროფენი“, თერმომეტრი, გულის დამამშვიდებლები – „კორსიზი“, „კორვალოლი“, „ვალერიანის წვეთები“, ასევე, ანტიჰისტამინური, ალერგიის საწინააღმდეგო წამლები და ამპულები, მაგალითად „დექსამეტაზონი“, თავისი შპრიცებით და „სუპრასტინის“ ამპულები. მაღალ წნევაზე „დექსამეტაზონი“ არ შეიძლება და ამიტომ, ამ შემთხვევისთვის „სუპრასტინი“ მაქვს. მე არასოდეს დამჭირვებია, მაგრამ მშვიდად ვარ, ვაი და რაღაც მოხდა, ხომ უნდა მქონდეს თან? სახლიდან გასული, მით უმეტეს, ქალაქგარეთ, ასე თავს დაზღვეულად ვგრძნობ.
– სხვას თუ დასჭირვებია და დახმარებიხარ?
– როგორ არა, ბევრს დავხმარებივარ. არ დამავიწყდება, საირმეში, სასტუმროში, აუზზე ვიყავით. ჩემი ძმა მოვიდა და მითხრა: გოგო და ბიჭი არიან წყალში და შენზე რაღაცებს ცუდად ლაპარაკობენ: ეს გოგო რას ჰგავს, ეკრანზე უფრო კარგია, ცხოვრებაში რადიკალურად განსხვავებული ყოფილაო. ვუთხარი: არა უშავს, ილაპარაკონ, ნუ მიაქცევ ყურადღებას-მეთქი. გავიდა რამდენიმე წუთი და ის ბიჭი ამოხტა აუზიდან, დაიწყო სირბილი და თან, ყვირის: ბზიკმა მიკბინა, ალერგიული ვარ და ვინმეს ხომ არ გაქვთ „დექსამეტაზონი“, რომ არ მივიღო, შევშუპტები, ცუდად გავხდები და მოვკვდებიო. მე ვიყავი ის, ცოტა ხნის წინ რომ მლანძღა, მაგრამ დავეხმარე. ასე რომ, თუ მე ახლომახლო გყავართ, არაფრის შეგეშინდეთ (იცინის). მეგობრები მართლა დამცინიან: მოსიარულე აფთიაქი და სასწრაფო დახმარება ხარო (იცინის).