“წითელ პარასკევს დაიძინა და აღდგომა დღეს გაიღვიძა, ჯოჯოხეთი იყო, ბევრჯერ ჩახედა სიკვდილს თვალებში”

ამბობენ, ხელოვანი ადამიანის გვერდით ცხოვრება მარტივი არ არისო. თუმცა, ფაქტია, მუსიკოს დათო ევგენიძისა და ნინო ჟვანიას სიყვარულის ისტორია უკვე თვრამეტ წელს ითვლის და წყვილი თანაცხოვრების ბედნიერ წამებს ისევ ისე შეიგრძნობს, როგორც შეყვარებულობის პერიოდში. გასული წლის 5 ნოემბერს წყვილმა ურთიერთობას ოფიციალური სახე მისცა – დათომ და ნინომ მეგობრების გარემოცვაში მოაწერეს ხელი და როგორც თავად ნინო ამბობს, ეს დღე სამუდამოდ დარჩება მის მეხსიერებაში, როგორც ერთ-ერთი უბედნიერესი მომენტი.

„ამ თვრამეტი წლის განმავლობაში მე და დათომ სხვადასხვა ეტაპები გამოვიარეთ. ადამიანის მიმართ სიყვარულის შეგრძნება არ ნელდება, უბრალოდ, ურთიერთობა სხვა ეტაპზე გადადის. მე ნამდვილად ვერ წარმომიდგენია ჩემი თავი დათოს გარეშე”.

კითხვაზე: შემოქმედი ადამიანები რთული ხასიათით გამოირჩევიან, თავისებურები არიან, ხელშეწყობა უნდათ და მათ გვერდით ცხოვრება მარტივი ნამდვილად არ არის. ამ მხრივ, რამდენად ძნელია დათოს მეორენახევრობა?

ნინო ჟვანია პასუხობს, რომ – რა თქმა უნდა, რთულია, თუმცა, როცა თავად ხარ შინაგანად ხელოვანი, გიმარტივდება. თავიდან უფრო გამიჭირდა, მიუხედავად იმისა, რომ, როცა გავთხოვდი, პატარა გოგო არ ვიყავი და გაცნობიერებული მქონდა, ვის გვერდითაც უნდა მეცხოვრა, რომ ჩემი ცხოვრება რადიკალურად იცვლებოდა, მაგრამ ჩემთვის ყველაზე რთული სწორედ ეს იყო. დათო წერს ლექსებს, ქმნის მუსიკას, ხატავს… ღამეებს ათენებს და ამაში, მაქსიმალურად უნდა შეუწყო ხელი.

ძალიან შემეშინდა, ორი წლის წინ, როცა უეცრად ვარიკოზული დენა დაემართა. გული მისდიოდა, სასწრაფო გამოვიძახე და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ღმერთს მადლობა, გადავრჩით. საახალწლო დღეები იყო, ძალიან გადაიღალა გადაღებებითა და კონცერტებით, თან, ლიფტი გაფუჭებული იყო და მერვე სართულზე ფეხით უწევდა ასვლა-ჩასვლა. გადაიტვირთა, გადაიღალა და ძალიან შემაშინა. ის ღამე, როცა დათოს ოპერაცია გაუკეთეს და რეანიმაციაში დააწვინეს, ჯოჯოხეთი იყო ჩემთვის. იყო მეორე ფაქტიც – წითელ პარასკევს დაიძინა და კვირას, აღდგომა დღეს გაიღვიძა. ზოგადად, დათოს არ უყვარს ძილი, ოთხი საათი მისთვის საკმარისია და პარასკევს რომ დაიძინა და საღამომდე ეძინა, კი გამიხარდა, ვიფიქრე, ცოტას დაისვენებს გამოიძინებს-მეთქი, მაგრამ საღამოს რომ ვეღარ გავაღვიძე, ძალიან შემეშინდა. გამოვიძახე სასწრაფო, გადავიყვანეთ საავადმყოფოში და აღმოჩნდა, რომ მერვე ხარისხის კომაში იყო. იმ წუთებში, ვერაფერზე ვფიქრობდი, არ მინდოდა, ცუდზე მეფიქრა. დათომ იმდენჯერ ჩახედა სიკვდილს თვალებში, ამბობს: სიკვდილი ჩემი მეგობარიაო. მაგრამ, მე სიკვდილის მეშინია და მეგობრობა კი არა, ფიქრიც არ მინდა მასზე.

დათო შვილების აღზრდაში კი არა, მათ გატუტუცებაშია ჩართული (იცინის). დამოკიდებულება აქვს ასეთი – ბავშვებს ყველაფრის უფლებას აძლევს. არასოდეს დამავიწყდება, დათოს დედა რომ გარდაიცვალა, რაც დრო გადიოდა, უფრო უმძაფრდებოდა დედის მონატრება. უცებ იტყვის: ძალიან მენატრება დედა. რომ ვაკვირდები, დათო დიდი ბავშვია, რომელსაც მძაფრი მონატრება და უკიდეგანო სიყვარული შეუძლია”.