მსახიობი მანანა აბრამიშვილი ამბობს, რომ სიზმრები ყოველთვის უხდება და ახლა უკვე დიდ ყურადღებას აქცევს.
“სიზმრები ყოველთვის მიხდებოდა, მაგრამ დიდ ყურადღებას არ ვაქცევდი. მერე ჩემს ცხოვრებაში ისეთი ტრაგედია მოხდა, რომელიც სიზმარში ერთი ერთში მქონდა ნანახი. მას შემდეგ, მინდა თუ არა, ვაკვირდები.
დამესიზმრა, რომ ჩვენ სახლში ბევრი ხალხი და ქაოსური მდგომარეობა იყო. მოულოდნელად ჩხუბი დაიწყო ბიჭებს შორის. გავიქეცი და ჩემს მეუღლესთან მივედი იმ მომენტში, როცა მას ესროლეს და ძირს ვარდებოდა. დავიჭირე და დავინახე გულზე მისი ჭრილობა. თვითონ გაღიმებულმა შემომხედა. ამ დროს გამომეღვიძა. დილით მეუღლეს მოვუყევი, არ იყო კარგი სიზმარი და მოდი, დღეს სახლში ვიყოთ, მაინც გავფრთხილდეთ-მეთქი. ცოტა ხანში მისი ბიძაშვილი მოვიდა სტუმრად. ჩემს მეუღლეს იარაღი ჰქონდა, რომელსაც ნაწილი ჰქონდა დაზიანებული. მისმა ბიძაშვილმა იარაღი ძალიან კარგად იცოდა. გადაწყვიტა, რადგან აქ არის, მოდი, ბარემ გავაკეთებინებო. ვუთხარი: ვაიმე, რაღა მაინცდამაინც დღეს მოინდომე ამის გაკეთება, ხომ გახსოვს, რა ცუდი სიზმარი ვნახე-მეთქი და უბრალოდ დავშლით და ავაწყობთ, არაფერია, ნუ გეშინიაო, მიპასუხა.
მოულოდნელად ჩემი დედამთილი გახდა ცუდად. წნევა დაუვარდა და სასწრაფო გამოვიძახეთ. ამ მდგომარეობაში ჩემმა ქმარმა და მისმა ბიძაშვილმაც შეწყვიტეს იარაღის შეკეთება, ექიმებიც მოვიდნენ, თავის საქმე გააკეთეს და ჩემი დედამთილის მდგომარეობაც დასტაბილურდა. ექიმები უკვე მიდიოდნენ და ესენიც იარაღს დაუბრუნდნენ. მე ოთახიდან ექიმებისთვის მისაცემი თანხა გამოვიტანე და უცებ, საშინელი აფეთქების ხმა გაისმა. ყველა შეშინებულები შევვარდით ოთახში, სადაც ბიჭები იყვნენ და ვხედავთ, რომ ირგვლივ ყველაფერი წითელია – იატაკი და კედლები სისხლით იყო მოსვრილი. თურმე, ყველაფერი რომ გაუკეთებიათ, ტყვიები იარაღში ჩაუდევთ, რომ გარეთ შეემოწმებინათ და დაკეტვის მომენტში იარაღმა ყველა ტყვია გაყარა. ჩემი მეუღლე დაიჭრა.
ექიმებმა მაშინვე სასწრაფოს მანქანაში ჩასვეს და წაიყვანეს. მე სახლში დავრჩი, რადგან ჩვენი ორი წლის შვილი – თეკლა, უცებ, ამ ქაოსში ვერ ვიპოვე. მაგიდის ქვეშ დამალულა. სასწაულად გადარჩა. იმ ოთახში იყო, მამამისის ფეხებთან იდგა, თამაშობდა. უცებ გაურბენია და ზუსტად ამ დროს მოხვდა ჩემს მეუღლეს ერთი ტყვია ფეხში. საავადმყოფოში რომ მივედი, ჩემი მეუღლე გულმკერდზე გაპარსული იყო, საოპერაციოდ შეჰყავდათ. მის ჭრილობას რომ შევხედე, გავოცდი. მეგონა, ისევ სიზმარში ვიყავი. ვუთხარი, გაგა, ზუსტად ისეთი ჭრილობა გაქვს, როგორიც სიზმარში ვნახე-მეთქი და მიპასუხა, ნუ გეშინია, გადავრჩები, შენს სიზმარში ხომ ვიღიმოდიო?! ოპერაცია გაუკეთეს, სამი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. ერთი – ბარძაყში, ერთი – მენჯში, ერთი – გულმკერდში. რამდენიმესაათიანი ოპერაციის შემდეგ, ექიმები გვილოცავდნენ, იღბლიანები ხართ, ათასში ერთი შეიძლება, ამ მდგომრეობით გადარჩესო.
მამაოსთან წავედი. მითხრა, ძალიან პატარა ხარ ასეთი ტკივილისთვის, მეუღლე გარდაგეცვალა, შვილით დარჩი რთულ მდგომარეობაში და შეიძლება, ბევრმა გითხრას, ეს ბავშვი არ გააჩინოო, მაგრამ არავის დაუჯერო, აუცილებლად გააჩინე და ნახავ, როგორ დაემსგავსება მამას, იფიქრებ, რომ ქმარი გაგიცოცხლდაო. მართლა ასე მოხდა. სერიოზული ომი გადავიტანე. პატარა ვიყავი, ერთი შვილი მყავდა, ქმარი დავკარგე და ყველა მირჩევდა, მეორე შვილი არ გამეჩინა, თუმცა, ვერ გადამაფიქრებინეს. ასე გაჩნდა გაგუნა და მან ყველა ტკივილი გამიქრო.
სანამ პატარა იყო, მე მგავდა და ცოტა გული მწყდებოდა, მინდოდა, მამას დამსგავსებოდა. ახლა მართლა საოცრად ჰგავს მამას. მას მამის სახელი – გაგა დავარქვი. მე და ჩემი მეუღლე 24 საათი ერთად ვიყავით და სულ გაგა მეკერა პირზე. მერე, როცა ვეღარ ვეძახდი, ძალიან მიჭირდა და ცხრა თვის შემდეგ, გაგუნა, რომ დაიბადა, ჩემზე ბედნიერი არავინ იყო. ახლა ორი არაჩვეულებრივი შვილი მყავს და მათით ვცხოვრობ.
გაგუნას დაბადების და ჩემი მეუღლის გარდაცვალების საათიც კი ემთხვევა. ის დაიბადა იმავე წლის ბოლო დღეს, როცა მამამისი გარდაიცვალა. მამაომ ამიხსნა, წავიდა და დაბრუნდაო და მეც ასე მჯეროდა. ახლა დიდი დრო გავიდა და სიმართლე რომ ვთქვა, აღარც ვფიქრობ წარსულზე. 6-7 წელი სულ მასზე ვლაპარაკობდი, გაუთავებლად, მაგრამ მერე მივხვდი, რომ სადღაც უნდა შევჩერებულიყავი, ასე არ შეიძლებოდა“, – ამბობს მსახიობი.