მომღერალ თამუნა ამონაშვილის თითქმის ყველა სიმღერა ჰიტია. ვინც მას იცნობს, დამეთანხმება, რომ ის ძალიან თბილი, მოსიყვარულე და მზრუნველია. ცდილობს, ყველას თავისი წილი სიყვარული უწილადოს და გააბედნიეროს. ფაქტია, გამოსდის კიდეც. ერთი შეხედვით ნაზი, ქალური და სექსუალური მომღერალი, როგორც თავად ამბობს, ბავშვობაში, საკმაოდ აქტიური, ცელქი და ბუტია იყო. მის ცხოვრებაში კი იყო საკმაოდ ნაღვლიანი ამბები, რასაც ის ემოციურად იხსენებს.
თამუნა ამონაშვილი: შეიძლება, დაუჯერებელი მოგეჩვენოთ, მაგრამ ბავშვობაში ცელქი, თამამი, ქალაბიჭა და ბუტია ვიყავი (იცინის). ძალიან მიყვარდა ახალი ტანსაცმელი. 4 წლის ვიყავი, როცა დედამ თეთრი, ულამაზესი ქურქი მიყიდა. ზაფხული იყო, მაგრამ ისე მომწონდა, ჩავიცვი და სათამაშოდ ეზოში ჩავედი. ყველა იცინოდა და მიკვირდა: ნეტავ, რა აცინებთ-მეთქი (იცინის). აქტიური ვიყავი სკოლის პერიოდში და მასწავლებლებიც კი ძალიან მენდობოდნენ და ბოლო სიტყვა მე მეკუთვნოდა, ის იყო მართალი. ბავშვობიდან დავდიოდი მუსიკაზე, ვუკრავდი ვიოლინოზე, პიანინოზე, გამოვდიოდი კონცერტებზე, ვმღეროდი, თუმცა ნამდვილად არ მქონდა გააზრებული, სამომავლოდ რა გზას დავადგებოდი. ფეხბურთსაც კარგად ვთამაშობდი. არ დამავიწყდება, ერთხელ მე და ჩემმა კლასელმა გოგონებმა, ერთ ბიჭს საქმე გავურჩიეთ და ეს ამბავი ცემამდე მივიდა (იცინის). თუმცა, სკოლის დამთავრების შემდეგ, ჩემში გარდატეხა მოხდა, ტრანსფორმაცია განვიცადე და ეს ქალაბიჭა ბავშვი გავნაზდი და დავქალდი.
– თამუნა, დედ-მამა რომ დაშორდნენ, ძალიან პატარა იყავი. ფაქტობრივად, მამა არც გახსოვს. სამწუხაროდ, ის გარდაცვლილია. რატომ ვერ მოახერხე მისი სიცოცხლეში გაცნობა?
– დედა მკაცრად გზრდიდათ?
– სხვათა შორის, დედა საკმაოდ მკაცრი ქალი იყო და მისი სიმკაცრე ბევრ რამეში დამეხმარა. დედა ჩემი ცხოვრების კუმირი იყო, მისი ერთი გამოხედვა ჩემთვის ბევრს ნიშნავდა. დედა გარდაცვლილია, თუმცა, დღესაც, სანამ ნაბიჯს გადავდგამ და გადაწყვეტილებას მივიღებ, სულ ვფიქრობ: დედა რას იტყოდა და მერე ვიწყებ მოქმედებას. ხშირად მესიზმრება და მაფრთხილებს. სიზმრად მოსულმა თუ გამიცინა, კარგი რამე ხდება. თუ გაბრაზებულია, ვიცი, რაღაც რიგზე არაა.
– უდავოა, რომ შენი წარმატების საიდუმლო, შენივე ნიჭი და შრომისმოყვარეობაა. თუმცა, ვინც გიცნობს, იცის, რომ ამ წარმატებაში გარკვეულ როლს შენი გამძაფრებული ინტუიცია და თილისმები თამაშობს.
– ინტუიცია მართლაც საოცრად მაქვს გამძაფრებული და ყველაფერს წინასწარ ვგრძნობ. ხანდახან, მეშინია კიდეც ჩემი ინტუიციის. სხვათა შორის, როცა კი არ დავუჯერე ჩემს ინტუიციას და მის წინააღმდეგ წავედი, წავაგე. უცნაური თვისება მაქვს: სადარბაზოში რომ შევდივარ, სუნით ვიგებ, რომ იქ არის გარდაცვლილი ადამიანი ან ძალიან მალე ვიღაც გარდაიცვლება. არ ვიცი, ეს რისი ბრალია, ეს სუნი არაფერს არ ჰგავს და ხანდახან ძალიან მაშინებს. ასევე, როცა ადამიანს ვხედავ, ვგრძნობ მის დაავადებას. უცხოს არა, მაგრამ მეგობრებს, თუ რამე არ მომეწონა, ვეუბნები: თავს მიხედე-მეთქი. რაც შეეხება თილისმას, ჩემს ცხოვრებაში იყო ახლობელი ადამიანი, მის აზრებს ვუჯერებდი და ერთხელ მითხრა: თილისმაც შეიძლება, ნებისმიერი რამ მონახო, სულერთია რა იქნება, მთავარია, შენთვის მისაღები იყოს, მაგალითად, კენჭიო… ზღვაზე ვისვენებდი და ზღვის სანაპიროზე ვიპოვე ულამაზესი კენჭი. ძალიან მომეწონა, წამოვიღე და სულ თან დამაქვს. როცა საქმეზე მივდივარ ან სცენაზე გავდივარ, მას ვეხები და თითქოს დადებითი ენერგიით ვივსები. თუმცა, ვაღიარებ, არანაირი თილისმა და ენერგია არ გიშველის, თუ შრომა არ გიყვარს და რასაც აკეთებ, მასში მთელს შენს გულსა და სულს არ დებ. ასევე, ახლობელი ადამიანებისთვის ხშირად მიჩუქებია ჩემივე შეკერილი ან მოქსოვილი ნივთები, სადაც ჩემი დადებითი აურა და სიყვარული „ჩამიდვია“ და ყველას გამართლებია ცხოვრებაში.
– არაჩვეულებრივად მღერი, უკრავ, ქსოვ, კერავ და იმავდროულად, ამ ბოლო დროს ინტერიერის დიზაინერობაც დაიწყე. თან, საკმაოდ კარგად გამოგდის. ეს, ალბათ, ბევრმა არ იცის.
– როცა პირველი ბინა გავაკეთე, მივხვდი, რომ ეს ჩემი პროფესიაა (იცინის). იმდენად ჩემია, რომ არ მემღერა, ალბათ, ინტერიერის დიზაინერობისკენ წავიდოდი. ელიავას ბაზრობაზე უკვე მცნობენ (იცინის). მართალია, ძალიან შრომატევადია და ნერვებს მოითხოვს, თუმცა, ბოლოს, დეკორის მოწყობის დროს, იმდენ სიამოვნებას ვიღებ, ეს იმ შრომად და ნერვიულობად ღირს. ცხრა ბინა მაქვს გაკეთებული – ჩემი, ასევე, მეგობრების სახლები. პირველად ჩემს ბინაში გავაკეთე დიზაინი, ვცდილობდი, ჩემი სულიერი სამყარო გადმომეცა და მგონი, გამომივიდა. ამის შემდეგ, აზარტში შევედი და დამეწყო შინაგანი ლტოლვა ამ მიმართულებით. ჩემი სახლი ჩემთვის ნამდვილად ციხესიმაგრეა. საოცარ ენერგიას ვიღებ სახლში ყოფნისას. ფერები, ავეჯი, ნივთები… ყველაფერი, ჩემთან ახლოსაა.
– ინტერიერის დიზაინერობა კარგია, მაგრამ პროფესიულად, ანუ სასიმღერო კარიერაში საკმაოდ დიდი პაუზა გაქვს, თუ არ ჩავთვლით კლიპს, რომლის პრეზენტაციაც ახლახან შედგა. რაიმე სიახლეს ხომ არ გეგმავ?
– ვაპირებ. დიდი პაუზა მქონდა და მივხვდი, საკმაოდ დავისვენე. მინდა, ძალები გამოვიყენო და გავაკეთო ჩემი ბენდი. ეს იქნება ძველისა და ახლის შერწყმა, ყველა სტილის სიმღერა, ის, რაც მე მიხდება და ვფიქრობ, საინტერესო გამოგვივა.