მოდელი ნინი გრძელიშვილი, შეიძლება ითქვას, აქტიურ სამოდელო კარიერას დაემშვიდობა, მაგრამ სამოდელო სამყაროზე უარი არ უთქვამს. მისთვის მნიშვნელოვან ღონისძიებებში ისევ მონაწილეობს და პარალელურად, სხვა საინტერესო საქმეებით არის დაკავებული.
ნინი გრძელიშვილი: ერთი თვის წინ დუბაიში ვიყავი. სამოდელო სააგენტო „კატრინი“ Vie Fashion Week-ზე იყო მიწვეული. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ფეშენ-ვიქი, რომელიც იმართება დუბაიში ასმეტრიან პოდიუმზე. მას სამეფო ოჯახიც დაესწრო. მიხარია, რომ მოწვევა მეორე სეზონზეც მივიღეთ. ფეშენ-ვიქის დამფუძნებელმა კი სურვილი გამოთქვა, საქართველოში ჩვენ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებს დაესწროს და მალე სტუმრადაც ველოდებით. მეც ძალიან მიმიზდა დუბაიმ და ერთი კვირის წინ გადავწყვიტე, ჩემს მეგობრებთან ერთად აბუ დაბი მომენახულებინა. სულ რამდენიმე დღის წინ დავბრუნდით იქიდან საოცარი შთაბეჭდილებებით.
– სამოდელო სფეროში რამდენად აქტიური ხარ?
– ამ სფეროში 2013 წლიდან ვარ ძალიან აქტიური. წლების განმავლობაში საერთაშორისო კონკურსებისა და ფეშენ-ვიქების აქტიური მონაწილე ვიყავი. ამ ეტაპზე უკვე ვფიქრობ, რომ ამ მხრივ, საკუთარი თავი ამოვწურე. ვაგრძელებ საქმიანობას სამოდელო სფეროში, მაგრამ არა როგორც მოდელი. პედაგოგი ვარ სამოდელო სააგენტო „კატრინში“, ჩართული ვარ საერთაშორისო ღონისძიებების ორგანიზებაში, ვარ წამყვანი და ასე შემდეგ. პოდიუმზე უარი არ მითქვამს, მაგრამ ეს არ არის საქმე, რომელიც მინდა, ცხოვრების ბოლომდე ვაკეთო. ამას თავისი ასაკი აქვს, რის შემდეგაც პოდიუმზე დგომა აღარ არის საინტერესო. ჩემთვის ასეა. დიზაინერი მეგობრები მყავს და მათ ჩვენებებში ვმონაწილეობ, გადაღებაც ბევრია, მაგრამ როგორც ასეთი, ეს აღარ არის პროფესიონალურ დონეზე ჩემი ინტერესის საგანი. თან, ბევრი სხვა რამით ვარ დაკავებული და ამისთვის დროც აღარ მრჩება.
– რისთვისაც აუცილებლად უნდა გქონდეს დრო თავის მოვლაა, როგორ ზრუნავ გარეგნობაზე?
– მოვიტყუები თუ გეტყვით, რომ თავს განსაკუთრებულად ვუვლი. ცხოვრებაში დიეტაზეც კი არ ვყოფილვარ. მოდელისგან უცნაურად ჟღერს, მაგრამ კვებაში თავი არასდროს შემიზღუდავს. ამით არ ვამაყობ, მაგრამ არც ვვარჯიშობ და აქედან გამომდინარე, ამ ეტაპამდე, მხოლოდ და მხოლოდ გენეტიკის ხარჯზე გავდივარ ფონს (იცინის).
– სახლიდან რომ გადიხარ, თმას, მაკიაჟს, ჩაცმულობას, ყველაფერს აქცევ ყურადღებას თუ მთავარია, თავს მოხერხებულად გრძნობდე?
– ძალიან მშურს გოგონების, ვისაც მაღაზიაში ჩასვლის დროსაც კი არ ეზარებათ თმის გასწორება და წარბების ატუშვა. მე მაინც ბუნებრიობის მომხრე ვარ. ამით შეურაცხყოფას არავის ვაყენებ. პირიქით, ქალი თავს აუცილებლად უნდა უვლიდეს, იპრანჭებოდეს, მაკიაჟს იკეთებდეს, მაგრამ მე თუ ძალიან არ მჭირდება, სასწაულად მეზარება. სახლიდან ყოველი გასვლისას მაკიაჟი რომ გამაკეთებინო, ნერვები ნამდვილად არ მეყოფა. როცა სცენაზე მიწევს ყოფნა ან ერთი კვირა არ გავსულვარ სახლიდან და ძალიან მენატრება გაპრანჭვა, მაშინ – კი ბატონო, სიამოვნებით ვიპრანჭები (იცინის).
– თუ მიეკუთვნები იმ გოგონების კატეგორიას, ვინც ბევრს ხარჯავს ლამაზი ტანსაცმლის შესაძენად?
– ბოლოს ტანსაცმელი როდის ვიყიდე, არ მახსოვს. ძალიან ბევრი დიზაინერი მეგობარი მყავს და ამ მხრივ, მანებივრებენ. თან, მე ძალიან არ მიყვარს შოპინგი, ეს ჩემთვის დიდი სტრესია.
– სუვენირები, სამკაული, სუნამო…
– სუნამოები სიგიჟემდე მიყვარს და უამრავი მაქვს. ვხუმრობ ხოლმე, მაღაზიას გავხსნი-მეთქი. იმდენი მაქვს, ძალიანაც რომ მოვინდომო, მათ გამოყენებას მთელი ცხოვრების განმავლობაში ვერ მოვასწრებ (იცინის). თუმცა, არ მახსოვს სუნამო მე თვითონ მეყიდოს. ყოველთვის ვიღაც მჩუქნის ან მე, ან დედას. სამკაულები და სუვენირები ნაკლებად მიყვარს და დიდ თანხასაც არ ვხარჯავ მათზე. თუმცა, თავის მოვლის საშუალებები ნამდვილად არის ჩემი სუსტი წერტილი. განსაკუთრებით ფასდაკლების დღეებში, ჩემი აფთიაქებიდან გამოყვანა ძალიან რთულია, ამაში ნამდვილად არ მენანება თანხების დახარჯვა (იცინის).
– თაყვანისმცემელს განსაკუთრებული რა უჩუქებია?
– როდესაც მამაკაცი საჩუქარს მჩუქნის, თავს ძალიან უხერხულად ვგრძნობ, თუ ეს დაბადების დღეზე, ახალ წელს ან სხვა გამორჩეულ დღეს არ ხდება. უბრალოდ, საჩუქრის მიღება კაცისგან ძალიან არ მიყვარს. ერთადერთი, რასაც ვიღებ და ეს ყველამ იცის, თეატრის ბილეთებია, ამის არ მრცხვენია (იცინის). თუ ისეთი სპექტაკლის ბილეთია, რომელზედაც ადგილი არ იშოვება, ხომ – საერთოდ (იცინის). სხვა საჩუქარზე ძალიან ბევრჯერ მითქვამს უარი.
– ეს არ არის უხერხული მომენტი?
– მე მგონია, რომ ქალი თვითონ იძლევა სიგნალებს. ჩემგან ყოველთვის ისეთი სიგნალები მოდის, ხვდებიან, რომ ჩემი გულის მოსაგებად საჩუქრები არ არის საჭირო. აქედან გამომდინარე, უხერხული სიტუაციები ნაკლებად მქონია.
– როგორი მამაკაცი იგრძნობს შენგან იმპულსებს, რომელიც თქვენი ურთიერთობის დასაწყებად იქნება საჭირო?
– ზოდიაქოთი სასწორი ვარ და ძალიან ცვალებადი ხასიათი მაქვს, ყველაფერს მალე ვიბეზრებ. ის, რაც დღეს მაინტერესებს, შეიძლება, ხვალ სრულებით უინტერესო გახდეს ჩემთვის. ამიტომ, კაცმა პირველ რიგში, ის უნდა მოახერხოს, რომ მასთან ურთიერთობა სულ საინტერესო იყოს. სხვანაირად მოსაბეზრებელია.
– როგორია შეყვარებული ნინი?
– არ მახსოვს (იცინის). დიდად არ გამოვირჩევი „ლავსთორებით“. ემოციური ვარ, მაგრამ ნაკლებად ექსპრესიული. თან, ყოველ კვირა რომ ახალი შეყვარებულები ჰყავთ, ამის იმდენად არ მესმის, რომ აქამდე შეყვარებულის სტატუსი არასდროს მქონია. ერთი, რაც ვიცი, ისაა, რომ ერთგული ვარ, დანარჩენი ურთიერთობაში გამოჩნდება. მარტივად არ მიყვარდება. ურთიერთობებში ვყოფილვარ, მაგრამ სიყვარულს არ ვარქმევ, სტატუსები ყველაფერს აფუჭებს, ამის გარეშე უფრო მარტივია.