უფლებადამცველი სამირა ბაირამოვა მარნეულის სოფელ თაზაქენდიში მომხდარი ფაქტის შესახებ წერს, როდესაც ახალგაზრდა გოგონა ქმრის სახლიდან გააგდეს.
ბაირამოვას თქმით, ქალს თავი გადაპარსეს და მშობლების სახლში ისე გაუშვეს. როგორც უფლებადამცველი ამბობს, მომხდარზე რეაგირება უკვე მოახდინა შსს ადამიანთა უფლებების დაცვის დეპარტამენტმა.
“ვფიქრობდი, რომ ხანუმ ჯეირანოვას შემთხვევის შემდეგ მსგავსი რამ არ მოხდებოდა. დღეს მომწერეს მარნეულის სოფელ თაზაქენდიდან, 30 წლამდე გოგოს თმა გაპარსეს და პატარა შვილთან გაუშვეს მამის სახლში. თურმე გოგო თავის დროზე იძულებითი ქორწინების მსხვერპლი ყოფილა.
მას ბიძაშვილთან ჰქონია ურთიერთობა და ქმარმა რომ გაიგო ეს ამბავი, ამის შემდეგ თმა გაპარსა ცოლს. ბიჭი კი, როგორც ამბობენ, სავადმყოფაშია, მან სუიციდი სცადა, მომხდარს ახლა ყველა გოგოს აბრალებს, მაგრამ ელემენტარული რამე არ ესმით, რომ მას არ მისცეს არჩევანის უფლება და გაათხოვეს მისი ნებართვის გარეშე.
შსს ადამიანთა უფლებების დაცვის დეპარტამენტმა რეაგირება მოახდინა და გოგო უსაფრთხოდ არის, მოძალადეც, სავარაუდოდ, დაკავებულია”, – წერს ბაირამოვა.