“მშურს იმ ხალხის, ვისაც გემოვნებიანად ჩაცმა შეუძლია”

ნუკი კოშკელიშვილის სოციალურ ქსელებს ვინც ადევნებს თვალყურს, იცის, რომ ბოლო დროს საკმაოდ ეპატაჟური სტილი მოირგო. ფერადი, განსხვავებული და გემოვნებით შერჩეული სამოსით ყურადღების ცენტრშია, ამერიკის ქუჩებში გამვლელების ყურადღებას იპყრობს და ამბობს, რომ ასე ჩაცმული თავს კომფორტულად გრძნობს.

ნუკი კოშკელიშვილი: განსხვავებული ჩაცმა ყოველთვის მომწონდა. ბავშვობაში მიყვარდა ფიფქიასა და კონკიას კოსტიუმებში გამოწყობა, არა მარტო ზეიმზე, არამედ, ნებისმიერი კვირის დღეს. ხანდახან არ მომწონდა ჩემი თმა და გრძელ წინდას ვიკეთებდი, ვითომ ორი ნაწნავი მქონდა. დედაჩემის ტანსაცმელს ვიცვამდი და ვირგებდი. თინეიჯერობაში, არასოდეს მქონია ბრენდული ტანსაცმელი.

– ახლა კი შენს გარდერობში საკმაოდ მრავალფეროვანი ტანსაცმელია. ამაში ბევრი ფული გეხარჯება?

– შეიძლება, ფული ვერ გავიმეტო ტელეფონში, მაგრამ დავხარჯო ტანსაცმელში. ძალიან მიყვარს ახალ-ახალი ტანსაცმელი. მშურს იმ ხალხის, ვისაც გემოვნებიანად ჩაცმა შეუძლია. ვიცი, რომ ერთად მორგებული ყავისფერი შარვალი და თეთრი პერანგი ძალიან ლამაზია, მაგრამ მე რომ ვიცვამ, კარგად, ანუ, როგორც ბებიაჩემი იტყოდა – „ვიდიანად“ არ გამოიყურება. თუ ასე ჩავიცვამ, მაშინ რაღაც დეტალი უნდა მივამატო, მაგალითად, ბუმბული დავამაგრო… მოკლედ, მიყვარს ეპატაჟური ჩაცმა და ასეთ სტილში ვგრძნობ თავს კომფორტულად. წლებმა მასწავლა, რომ კომფორტი ყველაზე მნიშვნელოვანია. და, ყველაზე კარგად და მომხიბვლელად მაშინ გამოიყურები, როცა კომფორტულად გრძნობ თავს იმაში, რაც გაცვია. ამიტომ, სხვების კონსერვატიული ჩაცმულობა მომწონს, მაგრამ ჩემი სტილი უფრო ეპატაჟურია.

– ამერიკის ქუჩებში, შენი ეს ბოლოდროინდელი ეპატაჟური და როგორც თავად ამბობ, კომფორტული სტილის ჩაცმულობა, ყოველთვის გამვლელების ყურადღების ცენტრშია.

– ზოგადად, ამერიკაში კი არ გამიჩნდა ასეთი ჩაცმის სურვილი, არამედ სულ ასე ვიცვამდი. უბრალოდ, ამერიკაში მოსწონთ ეს სტილი, ქუჩაში მაჩერებენ და მეუბნებიან: ვაიმე, მოდელი ხართ? დიზაინერი ხართ? ეს სად იყიდე? ის სად იყიდე?.. რეალურად კი, იმ დროს მაცვია პიჯაკი, რომელსაც თავად მივაწებ-მოვაწებე რაღაც-რაღაცები. მოკლედ, ბრენდი გაცვია თუ საკუთარი დიზაინით შექმნილი სამოსი, აქ, ამერიკაში ასეთი მოსწონთ. ანუ, არ აქვთ მომენტი – ვაიმე, ეს ფუფალა სად მიდის. სხვათა შორის, საქართველოში ოდითგანვე კარგად იცვამდნენ. საბჭოთა კავშირის დროს, როცა ყველას ერთი და იგივე ეცვა, საქართველოში იკერავდნენ და განსხვავებულად ჩაცმულები დადიოდნენ. ადამიანებში მე ეს განსხვავებულობა მომწონდა და მომწონს ყოველთვის. არ ნიშნავს ეს ეპატაჟს ან ვულგარულობას. რა ვქნა, მე პირადად, განსხვავებულობა ძალიან მომწონს. ასე რომ, მე ამერიკაში არ დამიწყოა განსხვავებულად ჩაცმა, ალბათ, აქ უფრო გამოჩნდა. არ დამავიწყდება, ბავშვს ბაღში მივაკითხე ეპატაჟურად ჩაცმულმა და იქ გავიფიქრე: ვაიმე, ცოტა ზედმეტად გადაპრანჭულად ხომ არ მაცვია-მეთქი. მოვიდა ერთ-ერთის ძიძა და მითხრა: ბავშვმა მითხრა, მე რომ გავიზრდები, მინდა, ოვის დედიკოსნაირი ვიყოო და ასე ჩავიცვაო. რასაკვირველია, მესიამოვნა და ახლა სულ ასე ჩაცმული ვაკითხავ (იცინის).

– შენი მეუღლე რას ამბობს, შენს ამ განსხვავებულ სტილზე?

– მეუღლე არასოდეს არანაირ რჩევას არ მაძლევს ჩაცმაში. პირიქით, იქით მეკითხება, რა ვიყიდო და რა ჩავიცვაო. ამბობს: შენ ეს გესმის და შენი საქმე ეს არისო. არც ყიდულობს ჩემთვის არაფერს, ერთი-ორჯერ მიყიდა, ეშინია – რაღაც ისეთს გიყიდი, რაც არ მოგწონსო. ჩემი სფეროა კარადა, სადაც არავის მიკარება არ შეიძლება (იცინის).

– ფიქრობ, რომ გამორჩეული გარეგნობის ადამიანს უხდება ეპატაჟურად და განსხვავებულად ჩაცმა?

– არა, ასე არ ვფიქრობ, რომ გამორჩეული გარეგნობის გოგოს ყველაფერი უხდება. ყველა ადამიანს აქვს თავისი სტილი და ეს სტილი უხდება.

– ნუკი, მართალია, საკუთარი პარფიუმერიის ხაზი გააკეთე და საკმაოდ წარმატებული ბიზნესი გაქვს, მაგრამ არ გიფიქრია ტანსაცმლის ხაზზეც?

– არ მოგატყუებთ, როგორ არ მიფიქრია ჩემი ტანსაცმლის ხაზზე, მაგრამ ეს დიდ შრომას მოითხოვს და თან, არ ვიცი, რამდენად მოუნდებათ ადამიანებს ჩემს სტილზე ჩაცმა. თან, იმდენი კარგი ქართველი დიზაინერი გვყავს, მეღა ვაკლივარ ამ სფეროს (იცინის). თუმცა, ვნახოთ. არასოდეს არ თქვა: არასოდესო, ხომ გაგიგიათ? (იცინის) რაც შეეხება „ნუკი კოსმეტიკს“, ვამაყობ, რადგან მიიღო უმაღლესი ჯილდო, ყველაზე მაღალი სერტიფიკატი, რაც კი არსებობს დღესდღეობით დედამიწის ზურგზე. ამაზე მაღალი რანგი ჯერჯერობით არ არის. ეს ჩემთვის საამაყო ამბავია.

– მახსოვს ამბობდი, ქასთინგებზე დავდივარო. ამ კუთხით, კარიერაში რაიმე სიახლეები ხომ არ არის?

– ქასთინგებზე დავდივარ, თუმცა ჯერჯერობით წარუმატებლად. არსად არ ამირჩიეს და რა ვქნა?(იცინის).

– საქართველოში როდის აპირებ ჩამოსვლას?

– ამჟამად, ცოტა დიდხანს მომიწია ამერიკაში გაჩერება, ბავშვის ბაღის დასრულებას დაველოდები და ზაფხულში ჩამოვალ აუცილებლად. ერთი სული მაქვს, როდის მოვა ზაფხული, ჩავალაგებ ჩემოდანს და ჩავჯდები თვითმფრინავში. ზოგადად, ჩემთვის ზაფხული საქართველოსთან ასოცირდება.