“მიკვირს, როგორ შეგიძლია, ფულის გულისთვის ხაზი გადაუსვა ისეთ ადამიანს, რომელსაც უყვარხარ და ყოველთვის მზად არის დაგეხმაროს”

რა ადგილი უჭირავს ფულს მსახიობ ნანა შონიას ცხოვრებაში, როგორ ცდილობს მცირე შემოსავლის თვიდან თვემდე გადანაწილებას, რაზე ვერ აკეთებს ეკონომიას და რა მიაჩნია ფულის მთავარ დანიშნულებად, ამაზე ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

ნანა შონია: საერთოდ, მფლანგველი არ ვარ, იმიტომ რომ ფული არ მაქვს და ვერ გავფლანგავ, მაგრამ ეკონომია ამ შესაძლებლობების პირობებშიც კი არ გამომდის. ფული მუდმივი პრობლემაა. ჩვენ ისეთი სიმბოლური ხელფასები გვაქვს, ფულზე ლაპარაკიც კი სასაცილოა. ჩვენი ხელფასით ცხვირს ვერ გაყოფ ვერსად, საჭმელად თუ გეყო, ეგეც დიდი ამბავია.

– გამოგდით შემოსავლის თვიდან თვემდე გადანაწილება?

– იძულებული ვარ, როგორღაც მივაღწიო მეორე ხელფასამდე. თუ დამატებით პროექტი, ანუ დაუგეგმავი ფული გამოჩნდა, ეს დიდი სიხარულია. ადამიანს აუცილებელი საჭიროებების გარდა ცოტა გახალისებაც ხომ გჭირდება. ქალს, მით უმეტეს, რამდენი რამე გინდა, კოსმეტიკა, სუნამო და ასე შემდეგ. ყველაზე მეტად კი გაჭირვებული ადამიანის დახმარება განიჭებს სიამოვნებას, სხვისთვის საჩუქრების გაკეთება, ეს არის ყველაზე დიდი ბედნიერება და ამის საშუალება თუ გაქვს, ძალიან კარგია.

– რა არის საჭირო, დღეს რომ ნორმალურად იარსებო?

– მთავრობას გული უნდა შესტკიოდეს ადამიანებზე. ფასები ისე იმატებს, შენი ხელფასი აღარაფერს სწვდება. თავს ძალიან დაუცველად ვგრძნობ. უბრალოდ, საქართველოში კიდევ გვაქვს ის ინსტიტუტი, რასაც ახლობელი ადამიანების დახმარება ჰქვია და ამით გაგვაქვს თავი. ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, რომ უკვე ისიც დიდი ბედნიერებაა, რომ თავზე ჭერი გაქვს, არ გცივა და არ გშია. ალბათ, ამითაც უნდა დაკმაყოფილდე. ირგვლივ იმდენი გაჭირვებულია, ეს თუ გაქვს, აღარ უნდა იწუწუნო. ამიტომ არ მიყვარს წუწუნი, მაგრამ ის, რომ ჩვენი ხელფასი სასაცილოა, ფაქტია და არა წუწუნი. ბევრჯერ უხერხულ სიტუაციაშიც ჩავვარდნილვარ იმის გამო, რომ რაღაცის საშუალება არ მქონია. გაჭირვებული სახე არ მაქვს, არავის ვახვევ თავს ამ მდგომარეობას, რაღაცნაირად გაგვაქვს თავი, მაგრამ მინდა, არსებობდეს ადამიანი, ვინც ხალხზე და იმ გაჭირვებაზე იფიქრებს, რაც ჩვენ გარშემოა.

– ვალთან როგორი დამოკიდებულება გაქვთ?

– შექსპირს აქვს ნათქვამი ასეთი სიტყვები, ფულს ნურც ისესხებ და ნურც ასესხებ, ამიტომ, რომ ასე ფულსაც კარგავ და მეგობარსაცო. ვერ ვიტან ვალის აღებას, ეს არ მასვენებს, მაგრამ ხანდახან გამოუვალი მდგომარეობაა. მე თვითონ ძალიან მსიამოვნებს ფულის გასესხება. ხშირად არ მაქვს ამის საშუალება, მაგრამ როდესაც ვხედავ, ადამიანს სჭირდება და მე მაქვს, თვითონ შემითავაზებია მისთვის, იმიტომ რომ ვიცი, რა ძნელია, ვინმეს ფული ესესხო.

– შექსპირის სიტყვები არ გქცევიათ რეალობად?

– კი. ძალიან დამჭირდა და რამდენიმე წლის შემდეგ დიდი მორიდებით ვთხოვე, თუ შეგიძლია, თუნდაც ნაწილ-ნაწილ, ჩემთვის ფულის დაბრუნება-მეთქი და ის ისე გამინაწყენდა, ურთიერთობა აღარ აქვს ჩემთან. ძალიან უცნაურია, ამიტომაც არის ფული საშინელება. რომ მცოდნოდა, ეს მოყვებოდა, საერთოდ არ ვთხოვდი, მაგრამ გამოუვალი მდგომარეობა მქონდა და მან ეს იცოდა.

– პირიქით, თქვენ რომ გწყენოდათ, ეს იქნებოდა ლოგიკური, რადგან თქვენს თანხას არ გიბრუნებდათ.

– მეც გაკვირვებული და ცოტა ნაწყენი ვიყავი. ვერ ვიტყვი, რომ ჩემი ფულით გაჭირვებიდან ამოვიდა, ისეთი ფუფუნების საგანი შეიძინა, მე რომ არც დამესიზმრება. ასეთი რამეები ჩემთვის ამოუხსნელია. მიკვირს, როგორ შეგიძლია, ფულის გულისთვის ხაზი გადაუსვა ისეთ ადამიანს, რომელსაც უყვარხარ და ყოველთვის მზად არის დაგეხმაროს. თუ მაინც ასე ხდება, ალბათ, მართლა სჯობს, ასეთი ადამიანი დაკარგო, მაგრამ ეს ხომ გულს გარეთ არ ხდება და გტკივა, ნაწყენი ხარ, გაკვირვებული ხარ. მერე სხვებისგან გავიგე, რომ ეს ადამიანი სხვებსაც ასე ექცევა. ფულთან მიმართებაში ადამიანი ძალიან კარგად გამოჩნდება ხოლმე, ის ლაკმუსივითაა.

– როცა ხედავთ, რომ ფული გიმთავრდებათ, რა ხდება?

– ცოტა პანიკა მეწყება (იცინის). ღვთის წყალობით, რაღაც ყოველთვის გამოჩნდება ხოლმე. მე მგონია, რომ უფულობა არის ყველაზე კარგი, რაც კი შეიძლება, დაგემართოს ადამიანს. იმას ვგულისხმობ, რომ იმდენნაირი გაჭირვება და უბედურება არსებობს, თუ შევადარებთ, ეს მათ შორის, ყველაზე კარგია. იქნება – იქნება, არ იქნება და ისე უნდა იცხოვრო.

– თუმცა, რაც არსებობისთვის აუცილბელია, იმის გარეშე, უბრალოდ, ვერ იცხოვრებ.

– კი, მინიმალური თუ არ გაქვს, ელემენტარულად, ზამთარში რომ არ გაიყინო, გადასახადები გადაიხადო, ჩაიცვა, ჭამო… გზის ფული… ამის გარეშე ვერაფერს იზამ. მე, მაგალითად, გართულება მაქვს საკვებთან დაკავშირებით. ვცდილობ, ოჯახის წევრებმა ჯანმრთელად იკვებონ. ხილი, რძის პროდუქტი და ასე შემდეგ, სახლში ყველაფერი უნდა იყოს. მე არ ვარ რესტორნების მოყვარული ადამიანი, არც დრო მაქვს ამისთვის და არც საშუალება. სახლში ვამზადებ და ეს არის ჩემი ეკონომია, მაგრამ თანხას პროდუქტებში ვერ დავზოგავ. ყველაზე მეტი ფული კვებაში და სახლში საჭირო სხვა საშუალებების შესაძენად მეხარჯება. ასევე, ვერ დაზოგავ, როცა საქმე ჯანმრთელობას ეხება. ამის მერე იმის საშუალებაც აღარ რჩება, რომ ელემენტარულად, კინოში წახვიდე ან კაფეში დაჯდე. დიდად მოგზაურობა არ მიყვარს, არ მიყვარს სახლიდან შორს წასვლა, მაგრამ ზაფხულში დასვენება ხომ გინდა, თუნდაც ზღვაზე წასვლა და ეს თემაც ყოველთვის ძალიან რთულადაა. თუმცა, ხანდახან როგორღაც მაინც ვახერხებთ ხოლმე.

მე თუ მკითხავთ, ადამიანს იმდენი ფული უნდა ჰქონდეს, რომ ნორმალურად იცხოვროს, ზედმეტი არაა საჭირო. არასდროს მომნდომებია, დიდი ფული მქონოდა. რომ მქონდეს, მაშინვე გავანაწილებ გაჭირვებულზე.

– ჩანს, რომ განსაკუთრებული სურვილები და ბევრი „მინდა“ არ გაქვთ.

– ასეა, არ ვარ ხარბი. მიკვირს, ადამიანები რომ სასახლეებს იშენებენ. სულ ვფიქრობ, რაში სჭირდებათ? რად უნდათ? სახლი უნდა იყოს კომფორტული, ნათელი და თბილი, მორჩა. მეტი რა საჭიროა?! უშნო და უგემოვნო რატომ უნდა იყოს, მაგრამ სასახლეები და საოცრებები რა საჭიროა, არ მესმის. ზღვარგადასულობა არ არის საჩემო, მინიმალური მაკმაყოფილებს.