ელენე რამიშვილი – განსაკუთრებული ხელოვანი გახლავთ, განსაკუთრებული ნამუშევრებით, რომელიც დიდი შინაარსისა და განცდების მატარებელია.
ელენე რამიშვილი: ბავშვობიდან მოყოლებული, იმაზე უკეთ ვხატავდი, ვიდრე სხვები. არ იყო გასაკვირი, რადგან ჩემს გენეტიკაში ბევრია ამ მხრივ ნიჭიერი ადამიანი. მამა, ბიძა, ბაბუა, დედა – ყველა სხვადასხვა ნიჭით არის შემკული. სანამ ჯანმრთელობის პრობლემები შემექმნებოდა, ხატვასთან ერთად, თავს მღერითაც ვირთობდი.
მეცხრე კლასში გადავდიოდი, როდესაც ესპანეთში აღმოვჩნდი და თავდავიწყებამდე შემიყვარდა სალვადორ დალი და ანტონიო გაუდი. იქ ისეთი შთაბეჭდილებების ქვეშ მოვექეცი, უკან დაბრუნებულმა ხატვის ჩემეული ტექნიკა მოვიფიქრე. საერთოდ, მჩვევია ასეთი რამ. მასალებს ისე არ ვიყენებ, როგორც ტრადიციულ ვარიაციებშია. ყოველთვის მაინტერესებს, რა შეუძლიათ მათ ამაზე მეტი.
– როგორი იყო თქვენი ექსპერიმენტი?
– იღებ ფერად ფანქრებს და ფხვნი, ანუ აქცევ პუდრად. მერე ამატებ ცოტა ოქროსფერსა და ვერცხლისფერს და ქაღალდის ან მუყაოს ზედაპირს ფარავ სხვადასხვა ტიპის წებოებით. სხვადასხვა ტიპის წებოს სხვადასხვა სიმკვრივე აქვს. მერე აიღებ შენს პუდრას და სულის შებერვით გადაგაქვს მოცემულ საღებავზე და საღებავი თავისით იწყებს შემოქმედებას. სამწუხაროდ, ასე შესრულებული ნახატები აღარ დამრჩა. თავის დროზე საკმაოდ პოპულარობით სარგებლობდა თბილისში.
– ეს ტექნიკა რამ ჩაანაცვლა?
თავის დროზე, ჯანმრთელობასთან დაკავშირებით რაღაც პრობლემები რომ შემექმნა, დავიწყე ფიქრი. მაინტერესებდა, რატომ და რისი ეშინია ადამიანს? ანუ, შიშის ბუნების გამოკვლევა დავიწყე. მე არ ვიყავი მშიშარა, მაგრამ როგორც კი შემიყვარდა, როგორც კი ვიგრძენი, რომ დედა უნდა გავმხდარიყავი, ისეთი რამეები გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში, რასაც იოლად ვერ შეველეოდი, გამიჩნდა დაკარგვის შიში. მართალია, ყველაფერი დავკარგე, მაგრამ ჯერ შიში გაჩნდა. ის 12 დღე, რომელიც საიქიოში გავატარე, შიშებთან გამკლავების ვარჯიში იყო. ზუსტად მაშინ შევქმენი გაბრაზებული მედეას ნიღაბი. შიშის ბუნების ახსნაც თავისთავად მოვიდა. ადამიანებს ეშინიათ იმის, რასაც ვერ ხსნიან სხვადასხვა მიზეზების გამო. მერე საკუთარ შიშებს გამოახვევენ ხოლმე ჭრელაჭრულა ნაჭრებში, ჩამალავენ სადღაც ზარდახშებში, გამოკეტავენ ოთახებში და მათკენ გახედვისაც ეშინიათ. ამ მდგომარეობაში ვიყავი მეც და ამიტომ მოვიდა ჩემთან გაბრაზებული მედეა. გავიდა 4-5 წელიწადი და დაიწყო ომი უკრაინაში. თავის დროზე, 15 წლის წინ, როდესაც ომი საქართველოში იყო, მე ორსულად ვიყავი და შვილი შიშის ნიადაგზე დავკარგე. დავკარგე შვილი და მერე – ყველაფერი დანარჩენი, დაწყებული ჯანმრთელობიდან. როდესაც ეს ომი დაიწყო, ეს ჩემი 15 წლის ნალოლიავები ფსიქიკა, ერთიანად გაგიჟდა და გადაიარია. საგულდაგულოდ გამოკეტილი შიშები გაცოცხლდა. რომ მეგონა, ჩემი შიშები გონივრულად მქონდა დალაგებული, ასე არ აღმოჩნდა და ისევ შემეშინდა.
თუმცა, მაშინვე ავუღე ალღო ამ განცდას და ვთქვი, მე ასე ვერ ვიცოცხლებ. თუ ამ რეალობაში ხდება ომი, მოდი მე შევქმნი ჩემთვის პატარა რეალობას, სადაც ვიცხოვრებ იმდენი ხანი, რამენ ხანსაც შევძლებ, რადგან ფიზიკურად აღარ მომდევს იმდენი ჯანი, რომ კიდევ ერთხელ გადავიტანო ამხელა რამ. ამ დროს ვიწყებ ისევ მედეას კოლექციის კეთებას. ეს არის პასუხი ჩემს კითხვაზე – რა გავაკეთო?! მე საუბრები მაქვს ხოლმე „ზედა კანცელარიასთან“ და მან მიპასუხა, მოდი, იმაზე იზრუნე, რაც ომის შემდეგ მშვიდობას დასჭირდება. მშვიდობას კი დასჭირდება სილამაზე.
– აბსოლუტურად. ზუსტად ეგეთია მედეა, ერთმანეთისგან გამომრიცხავი და სრულიად განსხვავებული ყველაფრისგან, რაც ყოფილა მანამდე და მის შემდეგ.
– რა მიმართულებებს მოიცავდა კოლექცია?
– ძირითადად, ქუდები, ყელსაბამები და სამაჯურები. როდესაც ადამიანებმა წერა–კითხვა არ იცნოდნენ, მათთვის ქმნიდნენ ფრესკებს, რადგან ვიზუალურად აღექვათ ინფორმაცია. თანამედროვე ადამიანებიც გადაეჩვივნენ კითხვას და ვიზუალური ნიშნები სჭირდებათ უკვე გამზადებული აზრის წვდომისთვის. ასეთია ჩემი ნამუშევრები. ტექნიკა რომელსაც ახლა ვიყენებ, ასევე, თვითონ მოვიგონე. ახლა ვაპირებ, გავაკეთო გამოფენა, რომელშიც მინდა, აღქმის ყველა ორგანო ჩავრთო. მინდა, თითოეული მნახველი ინტერაქტიური გავხადო და სახლში ისე გავუშვა, რომ ვაიძულო, დაიწყოს ფიქრი იმაზე, თუ ვინ არის, რატომ არის… მინდა, ადამიანებს დავუბრუნო საკუთარი წარმომავლობითა და გენით სიამაყის განცდა. სამწუხაროდ, ჩემ თვალწინ ჩემი ერი იქცა ბრბოდ და არ მინდა, ისე მოვკვდე, რომ უკუპროცესი არ ვნახო.
– რა შთაბეჭდილებებს გიზიარებენ მნახველები დღეს?
– სულ ერთი ადამიანი მახსენდება, რომელიც სპეციალურად იმის სათქმელად მოვიდა ჩემთან, რომ არ მოსწონდა ჩემი ნამუშევრები. არ მოსწონდა, იმიტომ რომ ჩემზე იყო გაბრაზებული. საქმე ისაა, რომ ხალხმრავალ ადგილას დიდი თაიგული მეჭირა ხელში და რომ შემოვბრუნდი, მას სახეში მოხვდა. ეს კაცი დიდი ჩინის მფლობელი ყოფილა, მაგრამ ჩინებით მე ადამიანებს არ ვყოფ. ბოდიში კი მოვუხადე, მაგრამ ეტყობა, გულში ჩარჩა და საღამოს სახლში მეწვია. ნამუშევრებისთვის არც კი შეუხედავს, ისე მეუბნება, არ მომწონსო. გულწრფელად ძალიან დიდი მადლობა გადავუხადე და ვუთხარი, ყველას არ უნდა მოსწონდეს და ძალიან მიხარია, რომ თქვენ არ მოგწონთ-მეთქი. სხვა შემთხვევაში, ძალიან ბედნიერი ვარ შეფასებებით. აქ ყოფილან აკადემიკოსებიც, ფილოსოფოსებიც, ელჩებიც, მუსიკოსებიც, მშენებლებიც, ტაქსისტებიც და ასე შემდეგ, ბავშვები თუ დიდები და მე ყველას შეფასებით ვხარობ.
– რადგან მე არ შემიძლია აქტიურად გადაადგილება, მსოფლიოს გარშემო ჩემს შემოქმედებას ვამოგზაურებო, ნათქვამი გაქვთ.
– კი, ასეა. ახლახან გარდაიცვალა ერთი ადამიანი, რომელიც არგენტინაში ცხოვრობდა, თავადაც მხატვარი იყო. მას ფიზიკურად არ ვიცნობდი, მაგრამ საერთო მეგობარი გვყავდა, რომელიც თბილისსა და ბუენოს-აირესს შორის მიდი-მოდის. რამდენჯერაც ჩავიდოდა, ის კაცი ხვდებოდა აეროპორტში, კითხვით: რა ჩამომიტანე ელოსგან?! ძალიან ბევრი ადამიანია მსოფლიოში, ვისაც ჩემი ნამუშევარი აქვს. მაგალითად, ვიცი, რომ ჩემი ყელსაბამი აქვს ავსტრიის პრინცესას, ბევრი სამკაული ამერიკის წარჩინებულ ქალბატონთა ნაწილს ერგოთ, ჩემი ქუდი აქვს მომღერალ ბიორკს და ასე შემდეგ.
– სამჯერ დაამარცხეთ სხეულის სრული პარალიზება და ცხოვრება თავიდან დაიწყეთ…
– წარმოიდგინე, რომ ხარ დიდი და ლამაზი სარკე. აგიღებენ და იატაკზე დაგანარცხებენ. დაიფშვნები. მერე ღმერთი დიდი რუდუნებით, იმხელა სარკიდან, სულ რამდენიმე ნაკუწს ამოარჩევს და მათგან შექმნის ახალს, რომელსაც სულს შთაბერავს. ასე შემიძლია, ავხსნა, რაც გამოვიარე.
როდესაც შენ გარშემო სამყარო ინგრევა – აბსლუტურად ყველაფერი ინგრევა, დიდიც და მიკროსკოპული ზომისაც და ფეხქვეშ მიწა გეცლება. ამასთან შეჩვევა ძალიან მძიმეა. როდესაც მსგავსი რამ გემართება, მერე მოდის ახსნაც და პასუხებიც. სამყაროს ყველაზე დიდი საჩუქარი არის იმის აღქმა, რომ ეს ყველაფერი იყო გაკვეთილი. მართალია, უმძიმესი გაკვეთილი, მაგრამ სამყარომ ვერ აგიხსნა ვერაფერი მანამ, სანამ ამ ბეწვის ხიდებზე არ გატარა. იმდენად ღრმა ძილის მდგომარეობაში გქონდა ცნობიერიც და ქვეცნობიერიც, რომ სამყაროს ეგეთი არ „აწყობდი“, მაგრამ ვერც გელეოდა, რადგან შენ სათქმელი ჯერ კიდევ არ გქონდა ნათქვამი. ან როგორ უნდა თქვა სათქმელი, როცა ჯერ კიდევ ენაბრგვილი ხარ? ამიტომ, ჯერ ლოგოპედთან წაგიყვანენ, ის სერიოზულად დაგიჟეჟავს ენას. თავიდან ძალიან გიჭირს ლაპარაკი, მაგრამ მერე ხვდები, რომ სანამ ლაპარაკს ისწავლი, ჯერ სწორად აზროვნება უნდა ისწავლო. იმასაც ხვდები, რომ ლაპარაკსა და პრუტუნს შორის დიდი სხვაობაა. საუბრით შეგიძლია, ადამიანი განკურნო ან მოკლა, მაშინ როდესაც პრუტუნი ყოველდღიური საკომუნიკაციო საშუალებაა. ხელოვნება და ის, რასაც ყოველდღიურად ვაკეთებ, ჩემთვის კიდევ ერთი და მთავარი ენაა. როდესაც რაღაცის გამოსათქმელად სიტყვიერი მასალა არ მყოფნის, სიმბოლოების ენაზე გადავდივარ.
– დღეს როგორ ახერხებთ მუშაობას, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ისევ გაქვთ სირთულეები?
– კი, რასაკვირველია. ამ ზაფხულს მომიწია მორიგი „პარალიჩის“ გადატანა. ამან დიდად იმოქმედა ჩემს მეტყველებაზე, თუმცა ეს პირველად არ მომხდარა… ეს იმ საჩუქრის ბრალია, რომელიც ღმერთმა მაჩუქა დაავადების სახით იმ ნერვიულობის ფონზე, რომელიც 2008 წელს გადავიტანე. ეს ერთ-ერთი უმძიმესი დაავადებაა თანამედროვე სამედიცინო გაგებით. თუმცა კიდევ ვიტყვი, მადლობელი ვარ ღმერთის ამ საჩუქრისთვის. ამ დაავადებამ უკეთესი ადამიანი გამხადა, ვიდრე ვიყავი. მართალია, ძალიან ბევრი რამ წამართვა, თითქმის ყველაფერი: შვილი, ჯანმრთელობა, სიყვარული, რომელზედაც სხვები ამბობდნენ, რომ არაკები დადიოდა, მე კი მეგონა, რომ ეს ასეც უნდა ყოფილიყო… საყვარელი ადამიანები, რომლებიც შენს ავადობას მძიმედ განიცდიან, ანუ, დედა და მამა და დამიტოვა მხოლოდ ის, რისთვისაც ვჭირდები. თუმცა, მე ამ სამყაროში მყავს ბევრი ადამიანი, რომელთათვისაც ჩემი ფიზიკური არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ მართალია, მე ხელის ცეცებით მივდივარ სიბნელეში, მაგრამ ვცდილობ, ისე ვიარო, რომ მას, ვინც ჩემ შემდეგ ამ გზაზე მოარული აღმოჩნდება, წინ ვინმე ჰყავდეს მოიმედედ. მე ვგრძნობ, რომ ჩემ წინ ღმერთი დადის და ეს ძალიან მაძლიერებს.