“ერთი საინტერესო ამბავი მოხდა ესპანეთში… გაოცებული ვარ… ეს დღეს იშვიათობაა” – რას წერს ნინო სურგულაძე?

ოპერის მომღერალი ნინო სურგულაძე სოციალურ ქსელში ემოციურ ისტირიას აქვეყნებს და იმ ადამინებზე წერს, რომლებიც მას უანგაროდ დაეხმარნენ.

“დღეს ერთი საინტერესო ამბავი მოხდა ესპანეთში, მეორე სპექტაკლის წინ… თეატრში ტაქსით მივედი, ცოტა დაღლილი ვიყავი.. შევედი ჩვეულებისამებრ ჩემს ოთახში და დავიწყე მზადება. კარზე კაკუნია… მობრძანდით! შემოდის თეატრის ერთ-ერთი წარმომადგენელი და მეუბნება: ნინო, დოკუმენტი დაკარგე? არა, გაკვირვებულმა მივუგე… (გამახსენდა, რომ პასპორტი ნამდვილად სახლში მედო.) აქ ქალბატონებია მოსული და ამბობენ, რომ შენი დოკუმენტები იპოვეს. ახლავე! მივუგე და გავედი მათ სანახავად (გაკვირვებული). ორი ქალბატონი, ერთი ასაკში სანდომიანი და ძალიან სიმპათიური ახალგაზრდა გოგონა. მივესალმე და ამ დროს გოგონამ ხელი ამოწია და რას ვხედავ, ჩემი საფულე. გავშტერდი, წარმოდგენა არ მქონდა, სად და როდის დავკარგე. თეატრთან ვიპოვეთო, მითხრა ღიმილით.. უღრმესი მადლობა!!! კი მაგრამ, როგორ მომაგენით აქ? – ვეკითხები გაოცებული.. თქვენი დოკუმენტი ვნახე და დავგუგლე და მივხვდი, რომ არტისტი ხართ, საფულე თეატრთან ახლოს იყო და ამიტომ აქ მოვედი და არა პოლიციაში…

საფულეში თავისთავად მნიშვენლოვანი საბუთები მედო… დიდი მადლობა გადავუხადე, დავასაჩუქრე იმ წამსვე (უარზე იყვნენ). ახლაც გაოცებული ვარ მეც და მთელი თეატრიც. მესმის, რომ არსებობენ კეთილი და სინდისიერი ადამიანები, თუმცა ეს დღეს იშვიათობაა და ძალზედ დასაფასებელია… მაგრამ ის, რომ ამ ადამიანმა დაგუგლა და მიპოვა, ამან გამაოცა თუ რატომ გაუჩნდა ეს იდეა… არ ვიცი, ალბათ კარმაა (ასე ეძახიან). მოკლედ, ასეთი ამბებიც ხდება. დიდი მადლობა ამ ორ ქალბატონს. ასევე ამ თბილ და ლამაზ ქალაქს, თეატრს სტუმართმოყვარეობისთვის, სითბოსთვის.   

 სპექტაკლის შემდეგ ისევ იგივე თეატრის წარმომადგენელი მოვიდა და ამჯერად მეუბნება: ორი ქართველი გელოდებაო! შემოვიდნენ! ვეუბნები… და შემოანათა ორმა ძალიან კარგმა ქართველმა გოგონამ, ლამაზი თაიგულით! ძალიან გამიხარდა! ჩავეხუტეთ ერთმანეთს. ჩვენ ემიგრანტები ვართ და მადრიდში ვცხოვრობთ.. გავიგეთ, რომ ბილეთები აღარ იყო… შემდეგ საიტზე დაიწერა, რომ ორი ბილეთი გამოჩნდა და ეგრევე წამოვედით… გახარებულები ვიდექით!…..მადლობა მათ, რომ შეწუხდნენ და ჩამოვიდნენ…

აი, ასეთი დღე იყო დღეს. ვერ მოვითმინე და გაგიზიარეთ.

მიყვარხართ, თქვენი ნინო!“, – წერს სურგულაძე.