რას ნიშნავს ფული ამიკო ჩოხარაძისთვის, როდის არ ენანება მისი ხარჯვა, რა არის მისი ყველაზე დიდი დანაკარგი და რა ასწავლა გამოცდილებამ, ამაზე თავად მოგვიყვება.
ამიკო ჩოხარაძე: ვფიქრობ, რომ ფული არის მატერია, რომელიც საყოფაცხოვრებოდ გვჭირდება ადამიანებს. ფუფუნებად მას ნაკლებად აღვიქვამ. 16 წლის ვიყავი, როდესაც მუშაობა დავიწყე, ანუ უკვე ჩემი შემოსავალი მქონდა – ეს იყო დღიური ანაზღაურება. კლუბში, დიჯეიდ ვმუშაობდი და დღეში 40 ლარს მიხდიდნენ. დღეგამოშვებით ვმუშაობდი და იმ დროისთვის, გადასარევი შემოსავალი გამომდიოდა, რომელსაც სამეგობრო წრეში ვხარჯავდი. მსიამოვნებდა ხელგაშლილობა. ჰოთდოგის ჭამა იქნებოდა, წვენის დალევა თუ ლუდის ყიდვა, ამისთვის „ორი კაპიკი“ ყოველთვის მქონდა. „ფულიანი ტიპი“ არ ვყოფილვარ, მაგრამ ჯიბეში რაღაც ყოველთვის მქონდა ხოლმე (იცინის).
– როგორი მხარჯველი ხარ?
– კარგი (იცინის). გართობის დროს მხარჯველი ვარ, მაგრამ ტანსაცმელსა და სხვა მატერიალურ ნივთებში ხარჯვა არ მიყვარს და არც ვხარჯავ. სამეგობრო წრეში თუ ვარ და ჯიბეში ფული მაქვს, ის უნდა დაიხარჯოს. იმ მომენტში არ ვფიქრობ თავის გაკონტროლებასა და იმაზე, რომ რაღაც უნდა დამრჩეს, მაქსიმალურად ხელგაშლილი ვარ. რა თქმა უნდა, მაშინ, როცა ამის საშუალება მაქვს, თორემ როცა არ მაქვს, ვერაფერსაც ვერ ვხარჯავ (იცინის).
– შეგიძლია, შემოსავლის პრაგმატულად გადანაწილება?
– თვის ბოლოს რომ ხელფასი დამერიცხება, თანხის 70 პროცენტს ვაქეშებ და სახლში ვდებ, იმისთვის, რომ საჭმელ-სასმელი და ბავშვებისთვის და საერთოდ, ოჯახისთვის რაც მნიშვნელოვანია, იმით უზრუნველყოფილები ვიყოთ. ოჯახში მხოლოდ მე ვმუშაობ და ბუნებრივია, რომ ამაზე უნდა ვიზრუნო. დანარჩენს ანგარიშზე ვიტოვებ აუცილებელი ყოველდღიური ხარჯებისთვის. ანუ, თანხის ძირითადი ნაწილი ოჯახს ხმარდება და ოჯახთან ერთად, ბანკის ვალებს.
– მივადექით ვალს, რომლისგან თავისუფალ ადამიანს დღეს იშვიათად თუ შეხვდები. როგორი მდგომარეობა გაქვს ამ მხრივ?
– ღამეებს გათენებინებს ხოლმე ამაზე დარდი?
– არა, არა. რამდენჯერაც სესხს ვიღებ, ყოველთვის დიდ ვადაზე ვწელავ, იმისთვის, რომ ყოველთვიური გადასახადი ნაკლები გამოვიდეს, რომ მერე, რამე რომ იყოს და პრობლემა შემექმნას, გადახდა მაინც შევძლო და ბანკთან პრობლემები თავიდან ავირიდო. ამიტომ ღამეებს არ მათენებინებს, ასე შედარებით მშვიდად ვგრძნობ თავს. ამ ეტაპზე ასეა, მაგრამ აი, ადრე ნამდვილად მათენებინებდა ღამეებს. მათენებინებდა იმიტომ, რომ ძალიან ცუდი რამეები მოხდა და ორი ბინა დავკარგე. თავის დროზე ნერვიულობაც გამოვიარე და ყველაფერი, რაც შეიძლება, ასეთ პრობლემას მოჰყვეს.
– რადგან ბინა გქონდა ჩადებული, ალბათ, დიდ სესხს ეხებოდა საქმე…
– ისევ ბინისთვის ავიღე ეს სესხი. ანუ, ბინა უნდა მეყიდა და ამისთვის. ვიყიდე კიდეც, მაგრამ მერე დავკარგე.
– რთული ამბავია.
– კი, არა მგონია, ვინმესთვის იოლი იყოს საცხოვრებლის დაკარგვა.
– ამის მერე ისევ ამ ნაბიჯის გადადგმა არ გაგიჭირდა?
– არა. პირველად ეს შედეგი იმან განაპირობა, რომ რაღაცები არ გავითვალისწინე და გადახდა ამიტომაც ვერ შევძელი. ახლა უკვე ჭკუა მაქვს ნასწავლი და ისე ვიქცევი, რომ მერე პრობლემა არ შემექმნას.
– იქიდან გამომდინარე, რომ პოპულარული ადამიანი ხარ და შენი მილიონერი მეგობრების თემაც აქტუალურია, შენ არ გთხოვენ ფულის სესხებას?
– ზოგადად, კი, ადამიანები ხშირად მთხოვენ დახმარებას. ზუსტად მაგ მეგობრების გამო, ჩემზე არასწორი წარმოდგენა აქვთ – ჰგონიათ, რომ მეც მილიონერი ვარ და დიდ თანხებში ვტრიალებ. რადგან ცნობადი ვარ, ჩემ ირგვლივ, შეიძლება, ბევრი შეძლებული ადამიანი იყოს, მაგრამ მათთან ნაკლებად ვსაუბრობ ჩემს პირად პრობლემებსა და ჩემს ფინანსურ მდგომარეობაზე. მე მგონი, ამანაც განაპირობა ამ ადამიანების ჩემთან მეგობრობა.
– არადა, ძალიან დიდი ცდუნებაა. სახლს რომ კარგავდი, არც მაშინ გითხოვია მათთვის დახმარება?
– მე გავუძელი ამ ცდუნებას და დახმარება არავისთვის მითხოვია.
– რა ხდება, როცა შენ გთხოვენ?
– ძალიან ხელგაშლილი ვარ მაგ ამბავში. თუ მაქვს, თანხის რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს, ადამიანს აუცილებლად მივცემ. ძალიან სასიამოვნოა, როცა ადამიანს ეხმარები. მით უმეტეს, როცა ამას ყველას დასანახად არ აკეთებ და მხოლოდ იმ ადამიანმა იცის, ვისაც დაეხმარე. ყოველთვის ვთხოვ, რომ არავის არ უთხრან. შეიძლება, როცა ჩემს მეგობარს სჭირდება, იმ დროს მეც არ მქონდეს და მხოლოდ ათი ლარი მედოს ჯიბეში. არც ეს არის პრობლემა, შემიძლია, ეს თანხაც გავყო ან მთლიანად მას მივცე, ისიც შეჭამს საჭმელს, კვერცხს მაინც იყიდის და მე ჩემი ოჯახიც არ დამტოვებს ულუკმაპუროდ.
– რაში დაგიბანდებია ფული ყველაზე სწორად?
– ამას მთლად დაბანდება არ ჰქვია, მაგრამ რაშიც ყველაზე ბედნიერად დავხარჯე ფული, ეს იყო ჩემი ნიშნობა. კაბა ვუყიდე ჩემს მეუღლეს, ბეჭდები ვიყიდეთ, სამოცი ადამიანი შევიკრიბეთ გლდანის ტბაზე და მინი ქორწილი გადავიხადეთ. ამ საქმეს მოხმარდა ჩემი ფინანსები ძალიან ბედნიერად.
– გიჭირს შვილებისთვის უარის თქმა იმ მოთხოვნებზე, რომლებიც ფინანსებთან ასოცირდება?
– უარს არაფერზე ვეუბნები. სიკვდილის ტოლფასია, როცა შვილი რაღაცას გთხოვს და შენ მისი გაკეთება არ შეგიძლია. მაქსიმალურად ვცდილობ, კრეატიულად ავუხსნა სიტუაცია, რომ გული არ ეტკინოს. მაგალითად, ძვირად ღირებული სათამაშო თუ მოეწონა და იმ მომენტში შესაბამისი საშუალება არ მაქვს, ვეტყვი: მამა, არ ინერვიულო ამის გამო, ვიმუშავებ ამისთვის, ფულს „გავაკეთებ“ და გიყიდი. ცოტა დრო მჭირდება, რომ ამას „თავი მოვაბა“. ვცდილობ, დამატებითი შემოსავლის წყარო გავიჩინო და ის შევასრულო, რასაც დავპირდი. ჩემი შვილებიც მაქსიმალურად გამგებიანები არიან და ძალიან სწორად უდგებიან მსგავს საკითხებს. არ მახსოვს, ეთქვათ, „მინდა და მორჩა“, მოსმენა და გაგება შეუძლიათ.
– თვითონ როგორი ბავშვი იყავით, ამ მხრივ?
– როგორც ჩემი მშობლები მეუბნებიან, ყველა მშობლისთვის სანატრელი ბავშვი ვყოფილვარ. ზედმეტად არ ვტიროდი, არ ვხმაურობდი, წყნარი ვიყავი, არ ვწუწუნებდი და გატაცებული ვიყავი ხელოვნებით. განსაკუთრებული მომთხოვნიც არ ვყოფილვარ და თან, მაშინ ამდენი სათამაშოც არ იყო (იცინის). თუმცა, ამის მიუხედავად, კარგად მახსოვს, რომ განუსაზღვრელი რაოდენობის სათამაშო მქონდა, განსაკუთრებით – მანქანები და დანაკლისს ნამდვილად არ განვიცდიდი.
– ფინანსური ჩავარდნები და განსაკუთრებული გაჭირვება, რომელ პერიოდთან ასოცირდება?
– 90-იანებთან. როგორც ყველა, ჩვენც გაჭირვებულად ვცხოვრობდით, ფაქტობრივად, შავ კარკასში. ერთ ჭიქა ჩაის ოთხი ადამიანი ვსვამდით და ასე შემდეგ. ბოლო პერიოდში, რაც უკვე მე ვარ ოჯახის მიმართ პასუხისმგებელი, მქონია, ფინანსური ჩავარდნები, ბინის დაკარგვაზე უკვე ვისაუბრეთ და ეს მარტივი ნამდვილად არ იყო. ვფიქრობ, რომ მაგ მომენტში, მარტო ვერ გაართმევ თავს. მე უფრო დიდ დეპრესიაში ჩავვარდებოდი, გამზიარებელი რომ არ მყოლოდა. მადლობა ღმერთს, ძალიან მაგარი ადამიანი მყავს გვერდით, ჩემი მეუღლე. მან შეძლო, რომ ეს მდგომარეობა შედარებით მარტივად გადაგვეტანა. მასთან ერთად, უფრო ძლიერი ვიყავი.
– ახლახან ერთ-ერთ შოუში გამოჩნდი, რაც ალბათ, დიდი პლუსია.
– კი, კარგი პროექტია. ამ ეტაპზე მომღერლის ამპლუაში ვარ, ბენდის წევრი გახლავართ, არაჩვეულებრივი დათო ფორჩხიძის მეთაურობით. მე ვფიქრობ, რომ კარგი რამ გამოვა, ამ ეტაპზე ყველაფერი კარგადაა მუსიკალურადაც და იუმორის ჭრილშიც. შოუს კარგი გამოხმაურება აქვს, რეიტინგიც – შესაბამისი და მიხარია.
– ფულის რაოდენობა თუ განსაზღვრავს საზოგადოების შენდამი დამოკიდებულებას?
– რა თქმა უნდა. ვისაც ბევრი ფული აქვს, მასთან ყველა ცდილობს, ახლოს იყოს. ცუდი ადამიანია თუ კარგი, ამას არ აქვს მნიშვნელობა. სიმართლე რომ ვთქვა, ის ადამიანი, ვისაც ბევრი ფული აქვს, ცოტა არ იყოს, მეცოდება. რთულია, იმიტომ რომ არ იცის გვერდით ვინ ჰყავს, სანდოა თუ არა. შეიძლება, ბევრი გამოცდაც მოუწყო, მაგრამ ყველას ხომ ვერ გამოცდი?! მოკლედ, დიდი დაკვირვება გჭირდება და ეს მარტივი არ არის. მე პირადად ეს პრობლემები არ მაწუხებს, უფრო მოკვდავური – ბანკის ვალებია ჩემი პრობლემა (იცინის). ვიღაცებს კი ჰგონიათ, რომ ბევრი ფული მაქვს, ბერამ მაჩუქა და მსგავსი რამ, ეს ეტყობათ კიდეც ურთიერთობაში, რაც ძალიან სამწუხაროა. საერთოდ, ფულთან მიმართებაში ბევრი რამ სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს.