“მამიდაშვილმა მიღალატა, ეს ადამიანი ფაქტობრივად ჩემი ძმა იყო”

,,ფეხსაცმელების დედოფალი” – ასე მოიხსენიებდნენ დიზაინერ თათა ვარდანაშვილს 2000-იანი წლების დასაწყისში საქართველოში. თათამ მაშინ ფეხსაცმელების განსაკუთრებული დიზაინის შექმნით გაითქვა სახელი. მას საკუთარი კომპანია ჰქონდა დაარსებული, რომელსაც მისი შვილის სახელი – ,,დემეტრე 96” ერქვა. მერე საგანმანათლებლო-სახელობო საქმიანობის უფლება მოიპოვა და კერძო ლიცენზირებული სასწავლებელი გახსნა.

ერთ მშვენიერ დღეს კი თათა ვარდანაშვილის წარმატებული ბიზნესის შესახებ საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა შეიტყო. 2 წლით ადრე გახსნილი საწარმო ტელეკამერების წინ ხელახლა გახსნა. მალე კი თათასთან თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები მივიდნენ და მილიონების ღირებულების მქონე კერძო ბიზნესი სახელმწიფოს საკუთრებად გადააფორმეს.

საწარმოს დირექტორად თავად თათა დანიშნეს და საკუთარი ხელით შექმნილ ბიზნესში ხელფასს უხდიდნენ. სამართლიანობის სახელით ხელისუფლებაში მოსულმა ,,ოცნებამ” კი, იმის მაგივრად, თათასთვის წართმეული ბიზნესი დაებრუნებინა, იმ ხელფასის საშუალებაც მოუსპო, რასაც ნაციონალები უხდიდნენ. ამ ყველაფერმა დიზაინერი ლოგინად ჩააგდო. გავლილ რთულ გზაზე თათა ვარდანაშვილმა ,,სარკეს” უამბო:

– 2013 წლიდან გაცილებით მეტი ზარალი მივიღე. ხელფასსაც კი აღარ მიხდიდნენ და ჩემ წინააღმდეგ დაიწყო ჩვეულებრივი ბულინგი. ალასანიას დროს წარმოება გაიყვანეს თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობიდან და გადასცეს ეკონომიკის სამინისტროს, რომელმაც ყველაფერი გადასცა შპს “რეაბილიტაციას” და ამ შპს-მ უფროსად დანიშნა ჩემი მამიდაშვილი. ის ხელმძღვანელობდა ირაკლი ალასანიას საარჩევნო კამპანიას.

– მამიდაშვილთან გაქვთ ურთიერთობა?

– არა, არ ველაპარაკები. მთლიანად უსახსროდ დამტოვეს და თვეების განმავლობაში ხელფასიც არ გადამიხადეს. მერე კი გამათავისუფლეს დირექტორობიდან ისე, რომ არ გადამიხადეს ხელფასი. ყველაფერი კი ის იყო, რომ ამ კომპანიის შეძენა უნდოდა შპს “მატერიას”. 2015 წელს, როცა ყველაფერი უნდა დასრულებულიყო, ჩემმა მამიდაშვილმა აიყვანა ეს ყველაფერი კონტროლზე. კომპანიაც ხელოვნურად გააკოტრეს, რომ ადვილად ჩაეგდოთ ხელში. ისეთ დღეში ვიყავი, ლოგინად ჩავვარდი.

– სტრესმა ჩაგაგდოთ ლოგინად?

– სტრესმაც, ხერხემალიც მაწუხებდა… ამ წარმოებაში ტოქსიკური ნაერთებია. მე კი ქუჩაში არ გამოვდიოდი, მუხლჩაუხრელად ვმუშაობდი, არც დამისვენია. ძალიან ცუდად ვიყავი და, როგორც პატარა ბავშვმა, თავიდან ვისწავლე სიარული. ყველაზე დიდი ფსიქოლოგიური სტრესი მომაყენა ღალატმა ჩემი ოჯახის წევრის მხრიდან. ეს ადამიანი ფაქტობრივად ჩემი ძმა იყო, ჩემთან ერთად იზრდებოდა…

მეორე მამიდაშვილთან კი მაქვს ურთიერთობა. მამიდასთანაც გამიცივდა ურთიერთობა. მას ჩემს აღზრდაში დიდი წვლილი მიუძღვის და, როგორც უფროსი მეგობარი, ყოველთვის გვერდით მედგა. ღმერთმა ყველას ყველაფერი შეუნდოს და აუხილოს თვალი. ისე გავხდი და ისე გამოვიყურებოდი ფიზიკურად, რომ ქუჩაში გამოსვლის მრცხვენოდა.

– მცხეთაში ცხოვრობთ თურმე.

– იქ დეიდას ჰქონდა ძველი სახლი, რომელიც ნელ-ნელა მოვაშენე და გავარემონტე. ჩემმა მშობლებმაც უდიდესი სტრესი გადაიტანეს ჩემ გამო. მამას ორჯერ ინსულტი დაემართა, დედას – მწვავე ინფარქტი. ასე აისახა ეს ყველაფერი ჩემს ოჯახზე…