მოდელისა და ტელეწამყვანის, მარიამ სანოგოს, ოცნებები და გეგმები 2022 წელს თითქმის სრულად განხორციელდა. მთელი წელი წარმატება მისი თანამგზავრი იყო. სატელევიზიო სფეროშიც თავისი ადგილი დაიმკვიდრა და სამოდელო კუთხითაც ბევრი საინტერესო პროექტის მონაწილე გახდა.
აქტიურ ცოლს ქმარი გვერდით უდგას, რომ საქმიანობაში წინ წაიწიოს. მარიამი ყოველთვის აღნიშნავს მეუღლის, მსახიობ გიორგი ლაშქარაძის, თანადგომასა და ხელშეწყობას. მათ 4 წლის შვილი ჰყავთ, მაგრამ სურვილი აქვთ, რომ მრავალშვილიანი მშობლები იყვნენ. მარიამ სანოგოს ცხოვრების სხვა დეტალებს „სარკიდან“ შეიტყობთ.
– მარიამ, ბავშვობაში, როდესაც თუნდაც პირველ ნაბიჯებს დგამდით პოდიუმზე, როგორ მომავალზე ოცნებობდით?
– არასოდეს მეგონა, რომ ჩემი პირადი ცხოვრება ასეთი დალაგებული იქნებოდა. მეც და ჩემი ოჯახიც მობილიზებულები ვიყავით კარიერაზე, ამიტომ ვერც კი ვიფიქრებდი 30 წლამდე დაოჯახებას. რეალურად კი 23 წლის ასაკში შევქმენი ოჯახი და დღემდე ვთვლი, რომ ეს ძალიან ადრეული ასაკია ამ ნაბიჯის გადასადგმელად. თუმცა ყველაფერი ინდივიდუალურია, რადგან დღეს ოჯახი ჩემთვის მთავარი საყრდენია და კარიერაშიც ყველაზე დიდი მოტივატორი და ხელშემწყობია. ხანდახან მგონია, რომ ჩემი ოჯახის გარეშე ამდენს ვერ შევძლებდი.
– 5-წლიანი ოჯახური ცხოვრებისას რა ეტაპები გაიარეთ?
– ოჯახურმა 5-მა წელმა უფრო მეტად თავდაჯერებული გამხადა. როდესაც შენ უკან შვილი დგას, უფრო მეტად თავდაჯერებული ხდები. განსაკუთრებით დიდ როლს თამაშობს ჩემი მეუღლე. თუ ოდესმე წარმომედგინა, როგორი იყო იდეალური პარტნიორული ურთიერთობა, ალბათ ასეთსაც ვერ წარმოვიდგენდი.
კაცებს ხომ ხშირად ახასიათებთ იმის გაპროტესტება, რომ მეუღლე უფრო დიდ დროს უთმობს კარიერას, ვიდრე ოჯახს. ჩემ გარშემოც ძალიან ბევრ გოგოს უთქვამს უარი კარიერაზე, თავის ინტერესებზე იმის გამო, რომ ოჯახი და ქმარი მოითხოვდა ამას. ჩვენს ოჯახში პირიქით, მაქსიმალურ თანადგომას ვუცხადებთ ერთმანეთს.
– მართლა არასდროს გაუპროტესტებიათ ოჯახის წევრებს თქვენი ასეთი რეჟიმი?
– თუნდაც ის ფაქტი, რომ მესამე ახალი წელია, ერთად ვერ ვხვდებით… რა თქმა უნდა, ჩემს ქმარს ურჩევნია, ამ დროს მის გვერდით ვიყო, მაგრამ ესმის, რომ ეს ჩემი სამსახურია. პირიქით, აქეთ ვგრძნობ მის მხარდაჭერას და მეუბნება, რომ ბავშვზე არ ვინერვიულო. თვითონაც აქვს ხოლმე რთული სამუშაო გრაფიკი, ქვეყნიდან უწევს წასვლა და ამ დროს მეც ვცდილობ, ყველანაირად ხელი შევუწყო.
– როგორი ტრანსფორმაცია განიცადა თქვენმა სიყვარულმა ამ 5 წლის განმავლობაში?
– 5 წლის შემდეგ ერთმანეთის მიმართ უფრო მეტად გამგები გავხდით. ყოფითი პრობლემები ჩვეულებრივად უნდა მიიღო. ჩვენი შვილი უკვე 4 წლის არის და ახლა მთავარი საზრუნავია მისი აღზრდა, სკოლისთვის მომზადება. შესაბამისად, ცხოვრებისეული დავალებებიც უფრო რთულდება, მაგრამ ეს უკვე გაცნობიერებული გვაქვს.
ჩვენს შვილს აუცილებლად ეყოლება დედმამიშვილები. თავადაც ერთი უმცროსი ძმა მყავს, რომელიც ძალიან ძვირფასია ჩემთვის. მეუღლეს სამი დედმამიშვილი ჰყავს და ზუსტად იცის, რამხელა ბედნიერებაა ეს, ამიტომ აუცილებლად მინდა, რამდენიმე შვილი მყავდეს.