რას ნიშნავს სიყვარული ბორის ბედიასთვის, რატომ არ ჩქარობს ის ოჯახის შექმნას და როგორია მისთვის იდეალური ქალი, ამას მისგან შევიტყობთ.
ბორის ბედია: ლამაზი მანდილოსნები ძალიან მომწონს, მაგრამ რასაც სიყვარული ჰქვია, ეს გრძნობა ჩემს ცხოვრებაში არასდროს ყოფილა. თუმცა, მივიჩნევ, რომ მაქვს სიყვარულის ნიჭი. მე ვფიქრობ, რომ სიყვარული მხოლოდ ნიჭიერ ადამიანებს შეუძლიათ. თავს არავის ვამეტებ, მაგრამ ასე მჯერა. სიყვარულს, ერთგულებას, ადამიანის დაფასებას ნიჭი სჭირდება. როცა ადამიანს ნიჭი არ გააჩნია, იმან არც სიყვარული იცის და არც არაფერი მსგავსი. მე მაქვს ამის უნარი. თან, ხელოვანი კაცი ვარ. რომ ვმღერი, ჩემს სიმღერას სიყვარულს ვუძღვნი, ეს შეიძლება იყოს სამშობლოს, მეგობრების, ქალის სიყვარული. თუ შენში სიყვარული არ არის, სიმღერაც არ გამოგივა.
– როგორი იქნები ცოლთან ურთიერთობაში, როგორ მოექცევი მეორე ნახევარს?
– რა თქმა უნდა, სიყვარულით მოვექცევი, ძალიან ყურადღებიანი ქმარი ვიქნები. მე ვფიქრობ, რომ ქალი უნდა იყოს ვარდი და მამაკაცი მებაღე, რომელიც საუკეთესოდ მოუვლის თავის ლამაზ ვარდს – მის მეუღლეს.
– გაანებივრებ?
– ძალიან მიყვარს მანდილოსნის განებივრება. უბრალოდ, განებივრება ერთია, გათავხედება – მეორე. როცა ადამიანს გავიცნობ და, მის მიმართ პატივისცემით ვარ განწყობილი, მისგანაც იმავეს ვითხოვ. ზედმეტი ფამილიარობა ურთიერთობის დასაწყისში არ მომწონს. ამასაც თავისი დრო აქვს. ადამიანს უნდა მიეჩვიო, რომ ასე გაუშინაურდე. ვიტყვი, რომ არ მომწონს თავხედი გოგონები. უტაქტოდ რომ იქცევინ, ასეთი ქალების მიღება მიჭირს. არ მძულან, სიძულვილი საერთოდ არ შემიძლია, მაგრამ ასეთებისგან შორს ვიჭერ თავს, გავერიდები. არ მიყვარს, ძალიან რომ გამიშინაურდებიან ხოლმე. კომპლიმენტს რომ ეტყვი, ზოგი ფიქრობს, რომ უკვე ყველაფერი მისია. ცუდია, ამ შემთხვევაში ის ტაქტიკურად უკვე დამარცხებულია.
– მექალთანის იმიჯი გაქვს და რამდენად ერთგული ქმარი იქნები?
– მექალთანე და ალფონსი ქალის კმაყოფაზე ცხოვრობს. მე ცხოვრებაში არ მიცხოვრია ქალის კმაყოფაზე. არ შემიძლია ასეთი რამ, საზიზღრობაა. ეს შორსაა ჩემგან. თუმცა, როგორც ყველა ნამდვილ მამაკაცს, ლამაზი ქალები მომწონს. ყველა ლამაზი გოგო, ვინც ქუჩაში დადის, მომწონს, ყველას შევხედავ, შემომხედავს, ფლირტიცაა და ყველაფერიც. ზოგჯერ ისეა, ზოგჯერ – ასე. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ როდესაც ერთი ქალი შეგიყვარდება, მერე სხვები აღარ დაგაინტერესებს. მთელი ყურადღება, გული და სული იმ ერთისკენ იქნება მიმართული ვინც მართლა გიყვარს.
– მაინც, რა არის ის, რასაც ქალში ყველაზე დიდ ყურადღებას აქცევ?
– იდეალურები არავინ ვართ. ადამიანში მე ყოველთვის სიკეთეს ვეძებ. ვცდილობ, რამე კარგი დავიჭირო. არის შემთხვევები, როდესაც მინდა, სიკეთე დავინახო, მაგრამ ვერ ვხედავ. ზოგს დაბინძურებული აქვს გონება. მესმის, ცუდი ცხოვრებაა და ბევრი ცუდად აჰყვა ამ ცხოვრებას. ბევრი ლამაზია, მაგრამ ძალიან ამპარტავანი, ზუსტად ამ სილამაზიდან გამომდინარე. ეს საშინელებაა, ძალიან სამწუხაროა. არ უნდა იყოს ასე.
– გამოდის, ყველაზე მეტად სილამაზესა და უშუალობას აფასებ?
– რა თქმა უნდა. ლამაზ ადამიანს უხდება უშუალობა. კარგია, თუ თბილი და ხალისიანი იქნება. უნდა გიხაროდეს მასთან საუბარი და ყველაფერი. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. სამწუხაროდ, დღეს სულ სხვა რეალობაა. ადრე მეგონა, რომ ლამაზ სხეულში ლამაზი სული იყო, თურმე, მწარედ ვცდებოდი. როგორ არა, კარგებიც არსებობენ, მაგრამ სამწუხაროდ, ლამაზი გოგოების უმრავლესობა ძალიან ამპარტავანი და თავხედია, რა ვქნა, ეს სიმართლეა და უნდა ვთქვა. ვინც ცოტა ნაკლებად ლამაზია, ის უფრო მეტად ადამიანური და სასიამოვნო საურთიერთოა. უშნო და მახინჯი რა მოსატანია. მე, საერთოდ, ვფიქრობ, რომ მახინჯი ქალი არ არსებობს, მაგრამ შედარებით ნაკლები სილამაზის გოგონებს ვგულისხმობ.
– შედარებით ნაკლები სილამაზის გოგოსთან გექნებოდა ურთიერთობა?
– უნდა იყოს რაღაც ოქროს შუალედი. თუ ადამიანი ვიზუალურად არ მომწონს, მაინც რთულია. როგორც ამბობენ, თვალი სვამს და თვალი ჭამს. მე არ ვამბობ, რომ მზეთუნახავი და ციდან ჩამოფრენილი ანგელოზი უნდა იყოს, ასეთი არავინ არის, მაგრამ ქალს ლამაზი სახე და პროპორციული აღნაგობა უხდება. აუცილებელი არ არის კისრიდან ეწყებოდეს ფეხები, მაგრამ კარგი გარეგნობისა და სიცოცხლით სავსე, კარგი ხასიათის ადამიანებიც არსებობენ.
– გოგოსთან რომ იწყებ ურთიერთობას, წინასწარ განსაზღვრავ, სერიოზული ურთიერთობა იქნება თუ გართობა?
– როგორ გეკადრება. მე არ მიყვარს ადამიანის გამოყენება გასართობად. ყველაში წესიერებასა და პატიოსნებას ვეძებ. წესიერი ადამიანი ყოველთვის დასაფასებელია და ასეთს ცუდს არასდროს გავუკეთებ, არ შევაცდენ. ღმერთმა დამიფაროს, ეს ძალიან ცუდი საქციელია და მომავალში როგორ მოგიბრუნდება, არ იცი. თუმცა, აქ მეორე მომენტიცაა – ადამიანი როგორც თავად აფასებს თავის თავს, ისე აფასებენ სხვებიც. თუ თვითონ არის ამჩატებული გონების და შესაბამისად იქცევა, ისე განეწყობიან სხვებიც მის მიმართ და მასთან ურთიერთობაც შესაბამისი გექნება. თუმცა, მე ვინმეს გამოყენებასა და შეცდენას ვცდილობდე, გამორიცხულია.
– ბევრი ამბობს, რომ ოჯახში კაცია უფროსი, ბევრს მიაჩნია, რომ კაცისა და ქალის როლი თანაბარია. როგორ გინდა, შენს ოჯახში იყოს?
– ასეთ რამეს ვიტყვი: თანაბრები უნდა ვიყოთ? კი ბატონო, თუ უნდა პიანინო გადადგას გვერდით ან მაცივარს შეუცვალოს ადგილი, რა პრობლემაა, მოიკიდოს ზურგზე და გადადგას. თანაბრები თუ ვართ, ვიყოთ. გასალესი იქნება გალესოს, შპალერიც გააკრას. მეც მივეხმარები, ხან მე გავლესავ და ასე, თანაბრად ვიცხოვრებთ, თუ ასე უნდა. აბა, რას ნიშნავს თანასწორობა, ამიხსნან, ვინც ეს მოიგონა. ასეთ რამეს ქალს მართლა ხომ არ გავაკეთებინებ? რაში უნდა ვიყოთ თანაბრები? დავუშვათ, მე მაქვს სამსახური და მან ვერ იშოვა. მიდი, გოგო, დროზე იშოვე-მეთქი, უნდა დავუწყო? მე თუ დიდი ხელფასი მაქვს, აუცილებლად უნდა მოვთხოვო, რომ მასაც ამდენი ჰქონდეს? ეს არის თანაბრობა? რა ლოგიკაა, არ მესმის. სრული სისულელეა. ქალი თავის ამბავში არის ნომერ პირველი, თუ ქალური თვისებები აქვს და მამაკაცი პირველია, თუ ნამდვილი მამაკაცია. მე ასე ვფიქრობ.