”მივხვდი, რომ არასოდეს უნდა ჩაერიო შვილის ცხოვრებაში და საერთოდ, სხვის ცხოვრებაში”

მომღერალმა ლელა წურწუმიამ პანდემიის შემდეგ შეძლო სრული დატვირთვით ამუშავება – კონცერტები საქართველოსა და საზღვრებგარეთ, კორპორატიული საღამოები, ახალი სიმღერები და პოპულარული გადაცემის წაყვანა. შემოქმედებასა და პირადზე მომღერალი ,,სარკესთან” საუბრობს.

– თქვენს ცხოვრებაში დიდი ადგილი დაიკავა ტელევიზიამ. როგორ მოერგეთ საბოლოოდ ტელეწამყვანის ამპლუას, მოგწონთ საკუთარი თავი ამ როლში?

– ტელეწამყვანობა ჩემს მეორე პროფესიად იქცა და ძალიან მომწონს. გადაცემასაც ჰყავს თავისი ერთგული მაყურებელი და მიხარია, რომ ეს პროექტი წარმატებულად შედგა. რაც მთავარია, ჩემი გადაცემა არ არის ყვითელი, ის არის ადამიანების ისტორიებზე, მათ გამოცდილებაზე. ვცდილობ, ყოველთვის მოვიძიო სასიამოვნო სტუმრები.

მომწონს, რომ ჩემს გადაცემას თავისებური იუმორიც აქვს, რაც ჩემთვის დამახასიათებელია, თუმცა გვაქვს ხანდახან ისეთი მძიმე თემები, საიდანაც სულ სხვა ემოციები მოდის ხოლმე. ბოლო დროს ძალიან ხშირად ვეხები ქალებზე ძალადობის საკითხს. სამწუხაროდ, ქალების ძალადობის სტატისტიკა მუდმივად იზრდება. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ძალადობის შედეგად დაახლოებით 180 ქალია გარდაცვლილი, ამიტომ არ შემიძლია, გვერდი ავუარო ასეთ მნიშვნელოვან თემებს.

 სიმღერა და სცენა თქვენი პროფესიაა და, ბუნებრივია, დიდ სიამოვნებასაც იღებთ. გადაცემის წაყვანისას რა განიჭებთ ყველაზე დიდ სიამოვნებას?

– პირველ რიგში, სტუმრებთან ურთიერთობა. გადაცემაში სტუმრად ხშირად ჩემი მეგობრებიც არიან და მათ ისტორიებშიც არის ისეთი რაღაცები, რაც მე არ ვიცი ან საჯაროდ აქამდე არ უსაუბრიათ. ჩემი გადაცემის დევიზიც ხომ ასეთია, ადამიანებმა აქამდე უცნობ დეტალებზე ილაპარაკონ. ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ ჩემთან სტუმრები ადვილად იხსნებიან.

– თავადაც გულწრფელ რესპონდენტად ითვლებით. რაღაც მომენტში ხომ არ გინანიათ ამ გულწრფელობის გამო და საზოგადოება ყოველთვის სწორად აღიქვამს ხოლმე თქვენს ამ თვისებას?

– ვფიქრობ, რომ ძალიან სწორად იღებენ. ადამიანები ხომ საერთოდ ყოველთვის ვთამაშობთ, მაგრამ, როდესაც დგება გულწრფელობის მომენტი, უნდა იყო მაქსიმალურად გულწრფელი, მსმენელი ვერ იტანს ტყუილს. მთელი ცხოვრება რესპონდენტი ვიყავი და, აქედან გამომდინარე, ჩემი სტუმარი ასე ადვილად ვერ მომატყუებს. სტუმართან ურთიერთობაში ყველაფერს ვაკვირდები – გამომეტყველებას, მზერას, ჟესტიკულაციას, ემოციას, რეაქციას. საკუთარი გულწრფელობით ყოველთვის მაგალითს ვაძლევ ჩემს სტუმრებს, რომ ისინიც იყვნენ ბოლომდე გახსნილები მაყურებლისთვის.

– თქვენ მუდამ ძლიერი ქალი იყავით და ხართ კიდეც, წლებმა რა თვისებები შეგძინათ ან წამოსწია წინ?

– ჯერ კიდევ არ ვარ გამობრძმედილი, ჯერ კიდევ მთელი ცხოვრება წინ მაქვს, თუმცა, რა თქმა უნდა, ცხოვრებამ თავისებურად რაღაც-რაღაცები მასწავლა, პირველ რიგში, წინდახედულობა, თავშეკავება. ყოველთვის ვცდილობ, ჩემმა ემოციებმა არ მმართოს.

 და შედეგად უფრო ნაკლებ შეცდომას უშვებთ ცხოვრებაში?

 კი, ნამდვილად ნაკლებ შეცდომას ვუშვებ. უშეცდომო არავინ არის ცხოვრებაში, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ, დაფიქრებული ნაბიჯები გადავდგა. ბევრ რამეს ვითვალისწინებ და ვიაზრებ.

– თქვენ უკვე სტუდენტის დედა ხართ. როგორია მარიკოს ცხოვრებაში ეს ეტაპი?

 მარიკომ თავიდან ჩააბარა ,,კავკასიის უნივერსიტეტში” ტურიზმის ფაკულტეტზე. ეს იყო ჩემი სურვილი, რომ მარიკოს ეს გზა აერჩია. ერთი წლის შემდეგ მითხრა, არ მინდა, ეს საქმე ვისწავლოო. მივხვდი, რომ არასოდეს უნდა ჩაერიო შვილის ცხოვრებაში და საერთოდ, სხვის ცხოვრებაში. შენდაუნებურად ჩარევით შეიძლება მისი ცხოვრება ისე შეცვალო, რომ თავისი საყვარელი საქმე ვერ გააკეთოს.

ერთი წელიწადი მოემზადა და სამხატვრო აკადემიაში ჩააბარა დაზგურ ფერწერაზე. სწავლობს არაჩვეულებრივად და ძალიან ბედნიერია. ძალიან პასუხისმგებლიანი გოგოა. რაც დრო გადის, უფრო მეტად თავდაჯერებული ხდება და ეს ძალიან მომწონს. ბუნებით საკმაოდ თავმდაბალი, ბავშვური და კეთილია. მოკლედ, კარგი გოგოა.

– აძლევთ ქალიშვილს დამოუკიდებელი ცხოვრების საშუალებას?

– მარიკო ცალკე ცხოვრობს, ოღონდ ჩემ გვერდით. რა თქმა უნდა, დედის მეთვალყურეობა აუცილებელია, თუმცა ამ მეთვალყურეობასთან ერთად მას დიდ თავისუფლებასაც ვაძლევ.

– ვიზუალურად აშკარად ძალიან დაგემსგავსათ, ამას ყველა აღნიშნავს.

– კი, რაც იზრდება, უფრო მემსგავსება. ადრე უფრო მამას ჰგავდა, მაგრამ ბოლო დროს ჩემი გამოხედვა და ხასიათი დავიჭირე.

– სოციალურ ქსელში ძალიან პოპულარული არიან თქვენი ძაღლები, რომლებთან ერთადაც ცხოვრობთ.

– ძალიან შემაყვარეს თავი. ამერიკულ აკიტას ჰქვია ჰიროაკირა, მეტისს – ოდი, რომელსაც დედა ჰყავს პიტბული.

– რთული არ არის ამხელა ძაღლებთან ერთად ცხოვრება?

– აბსოლუტურად არ არის რთული, ჩვენც ხომ დიდები ვართ და ვცხოვრობთ მშვენივრად. მათგან იმდენად დიდი სითბო და სიყვარული მოდის, რომ ეს დიდი სიამოვნებაა.

– თუმცა მამულიჩა ხშირად ავრცელებს ხოლმე ვიდეოებს, სადაც თქვენი შინაური ბინადრები სახლს თავდაყირა აყენებენ.

– არა უშავს. პატარები უფრო ცელქები იყვნენ და ბევრ რამეს აფუჭებდნენ. ადამიანებიც არიან ხანდახან მავნეები, ამიტომ არ ღირს ამისგან პრობლემის შექმნა. აკირა მთელი კვირა მარტო რომ დატოვო სახლში, მის ხმას ვერავინ გაიგებს, მეტისი უფრო ცელქი და მოუსვენარია. ჩემი ძაღლები ძალიან მახარებენ და მაბედნიერებენ. ძაღლებს უპირობო სიყვარული შეუძლიათ, მათ ხომ არასოდეს აინტერესებთ არც შენი სტატუსი, არც სოციუმი, უყვარხარ და მორჩა.