“დინამო არენაზე”, 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალურ მატჩში საქართველო ისრაელს დაუპირისპირდა და თერთმეტმეტრიანების სერიაში დამარცხდა.
მატჩის, როგორც ძირითადი, ისე დამატებითი დრო უგოლოდ დასრულდა, სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრების წევრებმა, გიორგი გაგუამ და საბა ხვადაგიანმა ვერ შეძლეს გატანა და საქართველოს ნაკრები ტიტულისთვის ბრძოლას მეოთხედფინალში გამოეთიშა.
ასეთი დამარცხების შემდეგ ფეხბურთელების ემოციური მდგომარეობა მძიმე იყო, განსაკუთრებით კი იმ ბიჭების, რომლებმაც 11-მეტრიანი დარტყმა ზუსტად ვერ შეასრულეს.
მოგვიანებით, მათ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს პოსტები და დრამატულ მატჩზე ისაუბრეს.
საბა ხვადაგიანი:
პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო ბიჭებს და მთლიანად სტაფს, გუნდს, მათ ძალიან ბევრი გააკეთეს, მადლობა ამისთვის. მადლობა გულშემატკივრებს, რომლებთანაც წარმოუდგენელი დღეები გავატარეთ. მაგრები ხართ, თქვენ გარეშე და ჩვენი ერთიანობის გარეშე ამდენს ვერ გავაკეთებდით.
ბოდიშს ვუხდი ჩემს ბიჭებს და ხალხს, დღეს ყველაზე რთული დღე მაქვს და ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს. სიტყვები არ მყოფნის, მადლობა ყველას”.
გიორგი გაგუა:
პირველეს ყოვლისა, მინდა მადლობით დავიწყო! დიდი მადლობა თითოეულ ქომაგს, რომელიც ტრიბუნიდან ან ტელეეკრანებიდან გვქომაგობდა. ერთად დიდი ისტორია დავწერეთ, რომელიც ბოლომდე ვერ მივიყვანეთ, მაგრამ მჯერა, რომ კიდევ ბევრჯერ გავახარებთ ქართველ ქომაგს.
მადლობა სტაფსა და ბიჭებს თავდაუზოგავი შრომისთვისა და გვერდში დგომისთვის. ყველას დიდი მადლობა თანადგომისთვის და გამხნევებისთვის. დიდ მოტივაციას მაძლევთ, რომ ჩემი შეცდომები გამოვასწორო და უფრო ძლიერი დავბრუნდე. მადლობა დიდი! საუკეთესოები ხართ!