“ბავშვობაშიც ძალიან საწყალი ვყოფილვარ და დიდობაშიც გამომყვა“

მომღერალ თიკა მახალდიანს 16 წლიდან საკუთარი შემოსავალი აქვს, საკუთარივე პროფესიით მუშაობს და შესაბამისად, შრომისა და ფულის ფასიც კარად იცის.

თიკა მახალდიანი: დღეს ფულის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია, ყველაზე დიდ საჭიროებას წარმოადგენს და მის გარეშე ვერ ვიარსებებთ, თორემ ფულზე ფანატიკურად შეყვარებული არ ვარ და არც მინდა, მასზე დახამებული და დამონებული ვიყო. ღმერთმა დამიფაროს! თუმცა, სამწუხაროდ, იმას ვერ უარვყოფ, რომ საჭიროა. იმდენი შემოსავალი მაინც უნდა გქონდეს, რომ ნორმალურად ცხოვრება შეძლო.

– პირველი ანაზღაურება რა ასაკში აიღე?

– კარგად მახსოვს, 16 წლის ვიყავი, როდესაც „ნუცას სკოლაში“ მივიღე მონაწილეობა. ალბათ, გახსოვთ, „იმედზე“ გადიოდა ეს კონკურსი. 16-17 წლიდან მაქვს საკუთარი შემოსავალიც. ამ პერიოდიდან უკვე კონცერტებიც მქონდა და სამსახურიც დავიწყე ერთ-ერთ ბარში. იქიდან მოყოლებული დღემდე, ყოველთვის ჩემი ფული მაქვს, არასდროს არავისზე ვყოფილვარ დამოკიდებული, გარდა საკუთარი პროფესიისა.

– გახსოვს, რამდენი იყო პირველი ჰონორარი და რაში დახარჯე?

– თუ არ ვცდები, 150 ლარი იყო ჩემი პირველი ჰონორარი, მაშინ მშვენიერი თანხა იყო, მაგრამ სიმართლე რომ ვთქვა, არ მახსოვს, რაში დავხარჯე.

– ფულთან დაკავშირებული ცრურწმენების გჯერა – საფულეში რომ ერთდოლარიანი უნდა გედოს, ორშაბათს რომ ფული არ უნდა გასცე და ასე შემდეგ?

– ასეთი რამეების ნამდვილად არ მჯერა. იმ დონეზე არ მჯერა, რომ არც ვიცი მსგავსი რამეები. ვინმეს თუ საფულეში ერთდოლარიანი უდევს, მგონია, რომ მოსწონს და ამიტომ (იცინის). რაღაც ცრურწმენებისთვის მიმიქცევია ყურადღება, მაგალითად, შავი კატის წინ გადარბენა რომ კარგი არ არის, ეს ვიცი, მაგრამ ფულთან დაკავშირებით ამდაგვარი რაც მახსენდება, მხოლოდ ისაა, რომ მთვარეს უნდა დაანახვო ხურდა, მგონი ასეა, მაგრამ ესეც არასდროს გამიკეთებია (იცინის).

– რაში არ გენანება ფულის ხარჯვა, სიამოვნებით რაში იხდი თანხას?

– სხვადასხვა დროს სხვადასხვა რამ შეიძლება, იყოს ასეთი. მაგალითად, ადრე ძალიან მსიამოვნებდა ბარებსა და კაფეებში სიარული. ჩემს მეგობრებს ხშირად ვეპატიჟებოდი და ფული სულ ამაში მეხარჯებოდა. კაცები რომ ღამის კლუბებში დადიან და სასმელს ეძალებიან, ეგრე არ ვყოფილვარ, მაგრამ კაფეში მეგობრებთან ერთად გართობა ძალიან მომწონდა (იცინის).

– ალბათ, ხელგაშლილი ხარ.

– კი, ნამდვილად არის ეს ჩემი თვისება. როდესაც საშუალება მაქვს, რატომაც არა. არ მიყვარს, ადამიანს ჯიბეში რომ „მორიელი“ უზის (იცინის). სიამოვნებით ხარჯვას რომ დავუბრუნდეთ, ყველასთვის გასაკვირია, მაგრამ არასდროს ვგიჟდებოდი შოპინგზე. ძალიან მიჭირს დიდ მოლებში და მაღაზიებში სიარული. ხალხმრავლობა მალე მღლის და ამ სივრცეში ვერ ვგრძნობ თავს კომფორტულად. მირჩევნია, გამოვიწერო, ასე უფრო სასიამოვნოა ეს პროცესი. ყველაზე მეტად სუნამოები მიყვარს და ამაში უფრო ვხარჯავ ფულს, ვიდრე ტანსაცმელში. მთავარი მაინც ჩემი შვილია, როცა მას ეხება საქმე, რთულია, რამეზე უარის თქმა. თან, რაც იზრდება, მოთხოვნებიც უფრო და უფრო ეზრდება (იცინის). მასთან ცოტა რბილი ვარ, მაგრამ მაინც ვცდილობ, ყველა სურვილი არ შევუსრულო. არ მიყვარს ბავშვები ზედმეტად გათამამებულები რომ არიან და ზღვარს ვერ გრძნობენ. ვცდილობ, ზომიერება დავიცვა, მაგრამ ჩემი შვილი მაინც მერევა ხოლმე (იცინის).

– თავის მოვლის საშუალებებში ბევრი არ გეხარჯება?

– ზომიერად. საერთოდ, ჩაციკლული და გაგიჟებული არაფერზე ვარ და არც მილიონებზე ვოცნებობ. რაც მჭირდება, ის რომ მითავდება, ახალს შევიძენ, მაგრამ ფასდაკლებებზე რომ დახლებს აცარიელებენ ხოლმე, იმ ქალების კატეგორიას არ მივეკუთვნები. რეალურად, ყოველდღიურ წვრილმანებსა თუ მსხვილმანებში უფრო მეხარჯება ფული. დღის ბოლოს რომ ვერც ხვდები, რა იყიდე, მაგრამ ფული ბევრი წავიდა, ძირითადად, ასე ხდება (იცინის). საჭიროებებზე მაქვს საუბარი და არა ფუფუნების საგნებზე. რეალურად, არც ვარ ფუფუნების მოყვარული, ყველაფერში ზომიერება მახასიათებს. ბავშვობიდან ასეთი ვიყავი. დედაჩემი მეუბნებოდა ხოლმე, ხანდახან ისე მეცოდებოდი, საღეჭი რეზინიც კი არ მოგითხოვიაო. ბავშვობაშიც ძალიან საწყალი ვყოფილვარ და დიდობაშიც გამომყვა (იცინის). მთლად კარგი ესეც არ არის. ალბათ, ცოტა მომთხოვნი უნდა იყო.

– ოდესმე ფული მოგიგია?

– ერთხელ „გადაფხიკე და მოიგეში“ მოვიგე 200 ლარი (იცინის). მეორედაც ვიყიდე, მაგრამ ვეღარ მოვიგე და თავი დავანებე. კიდევ კარგი, არ შევყევი (იცინის).

– ფული მოგებიანად დაგიბანდებია?

– მაგალითად, ორი-სამი წლის წინ დიოდის ლაზერის აპარატი შევიძინე და მშვენივრად ვამუშავებ. პირადად მე არა, სალონისთვის მაქვს მიქირავებული და დღემდე შემოსავლის წყაროა.

– 17 წლიდან საკუთარი შემოსავალი მაქვსო, თქვი, მაგრამ არსებობს მეუღლის შემოსავალიც, მას უფრო მარტივად ხარჯავ, ვიდრე საკუთარ გამომუშავებულს?

– კი, ნამდვილად ასეა (იცინის). შენი გამომუშავებული ფულის დახარჯვა უფრო გენანება და გირჩევნია, შეინახო (იცინის). რაც დავოჯახდი, უფრო ეგრე გამოდის. მანამდე მართლა ყველა ხარჯს საკუთარი შემოსავლით უზრუნველვყოფდი და არც მიყვარდა მშობლებისთვის ფულის თხოვნა. მიჩვეულიც არ ვიყავი. ფაქტობრივად, ბავშვობიდან მქონდა ანაზღაურება. დიდად არც ახლა მიყვარს ფულის თხოვნა. თუ ამის საშუალება არსებობს, ყოველთვის ჯობს, შენი გქონდეს, ვიდრე სხვას სთხოვო, თუნდაც ოჯახის წევრს. განა ეს არის პრობლემა, მაგრამ ასე უკეთესია. ახლაც არ შემიძლია, ჩემს მეუღლეს ვუთხრა, იცი რა, ამდენი მჭირდება და მომეცი-მეთქი. კი, როგორ არ ვეუბნები, მაგრამ ძირითადად, პირიქითაა, თვითონ მაძლევს და ეს მიადვილებს საქმეს (იცინის). თუმცა თუ მჭირდება, მეც ვთხოვ, ოჯახიც ხომ ეგაა.

– ფული ცვლის ადამიანს?

–კი, ფული ძალიან ცვლის და სამწუხაროდ, აფუჭებს ადამიანს. ბევრ ადამიანს ვიცნობ, ვისაც ადრე არ ჰქონდა, ახლა აქვს და მედიდურად იყურება, სხვებს ზემოდან დაჰყურებს. ეს ძალიან სამწუხაროა. მატერიალური მდგომარეობა მართლა არაფერს ნიშნავს. დღეს არის, ხვალ არ იქნება ან პირიქით, ადამიანობა კი მუდმივი ღირებულებაა და ფულმა, რაც მხოლოდ საარსებო საშუალებას წარმოადგენს, მუდმივი ღირებულება არ უნდა შეცვალოს. იმის გამო, რომ ფული აქვს, არავინ არავისზე მეტი არ არის.