მესტიაში ტრაგიკულად გარდაცვლილ, გიორგი რატიანს სოციალურ ქსელში მეგობარი, ანა ავალიანი ემოციურად ემშვიდობება.
“წლების წინ, „ილიაუნის“ ეზოში უშგულელი ბიჭი გამაცნეს. სევდიანი თვალებით, და ძალიან კეთილი ღიმილით.
საერთო ნაცნობებზე საუბრის შემდეგ მითხრა, რომ სულ შემეძლო მქონოდა მისი იმედი. პირადი ტრაგედიის მიუხედავად, ულამაზესი იყო და გული ჩამწყდა, დამშვიდობებისას ფეხზე რომ წამოდგა. სევდიანი ღიმილის მიზეზსაც მაშინ მივუხვდი.
მას შემდეგ, ბევრი წელი გავიდა და დღეს მითხრეს, რომ გიორგი რატიანი გარდაიცვალა. პირველი, რაც ვიფიქრე: უიღბლობასაც არ ჰქონია საზღვარი-თქო. იმაზე მეტად და მტკივნეულად ჩამწყდა გული, ვიდრე მაშინ, „ილიაუნის“ ეზოში ჩვენი პირველი და უკანასკნელი შეხვედრის დროს.
ვერაფრით ვხვდები, რა ხდება. სად მიდიან ეს ლამაზი გოგო-ბიჭები. ნუთუ, მართლა იქ ჯობია…“ – დაწერა ანა ავალიანმა.
შეგახსენებთ, მესტიის მუნიციპალიტეტის მულახის ადმინისტრაციულ ერთეულთან, უშგულის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.